ლარის სამი ანტიგმირი – შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი
ვალუტის გადინება საქართველოდან
ლარის გამოშვების დღიდან მოყოლებული, შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის ხელისუფლებების კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და მათი მსხვილი ბიზნესგარემოცვის მიერ, რაც კი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის, ასე ვთქვათ, ძარცვით ნაშოვნი მილიონები, ასევე, მათ მიერ შემოყვანილი უცხოელი ინვესტორების მიერ მიღებული მოგებები საქართველოდან ვალუტის სახით გავიდა, დღემდე გადის და მომავალში გავა, განა არ უნდა გვიკვირდეს, ჩვენი ეროვნული ვალუტა ამდენ დარტყმას დღემდე როგორ უძლებს?!
რატომღაც სულ ჩაგვჩიჩინებენ, რომ უცხოური ინვესტიციების შემოსვლა უნდა გვიხაროდეს და ზოგიერთ ადამიანს ეს მართლა ჩაებეჭდა გონებაში, არადა, ოდნავ მეტს თუ დავფიქრდებით, ადვილად მივხვდებით, რომ უცხოელ ინვესტორს, გარკვეული განსაზღვრული მოცულობის ინვესტიცია შემოაქვს და შემდეგ კი, მთელი მომავალი ათწლეულების მანძილზე, ქვეყნიდან საკუთარი მოგება გააქვს ვალუტის სახით.
არის დარგები, სადაც მსხვილი ბიზნესმოდელის გარეშე შეუძლებელია განვითარება, მაგრამ ნებისმიერმა ხელისუფალმა ყველანაირად ხელი უნდა შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომ სადაც შესაძლებელია, ბიზნესიდან მიღებული მოგებები, მაქსიმალურად ისევ ქვეყანაში დარჩეს, ადგილზე იბრუნოს ამ თანხებმა და მსხვილმა ბიზნესებმა უცხოეთში არ გაიტანონ ვალუტის სახით. მსხვილი ბიზნესის ნაწილშიც აუცილებელია, სახელმწიფომ ადგილობრივი ბიზნესმენები ჩართოს, მეტი შანსია, რომ მათ უფრო მოახდინონ მიღებული მოგებების კვლავ საქართველოში რეინვესტირება.
ამ ათწლეულების მანძილზე, რაც აქ ნაშოვნი ფული უცხოეთში ვალუტის სახით გაიტანეს და დღემდე ასეა, კიდევ მყარად დგას ფეხზე ჩვენი ეროვნული ვალუტა, ჩვენი საამაყო ლარი. მათ შორის ბევრი ემიგრანტის წვალებით ნაშოვნი ფულადი გზავნილები, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის და ხალხის რეალურ ინტერესებს მოხმარებოდა და ხმარდებოდეს, „მოქალაქეთა კავშირის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კორუმპირებულ ჩინოვნიკებსა და მათ მიერ ლობირებულ მსხვილ ბიზნესჯგუფებს, ვის რა დოზით და როდის აქვთ გატანილი ქვეყნიდან უცხოური ვალუტის სახით, ძნელი მისახვედრი არც უნდა იყოს, სულ ოდნავ დაკვირვებული თვალისთვისაც კი.
ამ ყველაფერს ემატება იმპორტის ძალიან დიდი მოცულობა, რაც სამივე ხელისუფლების პირობებში ერთგვარ „ეკონომიკურ სიმსივნედ“ ჩამოყალიბდა და არც ერთმა რეალურად არ იზრუნა ამის აღმოფხვრასა და ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე. შესაბამისად, დღესაც ძალიან მაღალია ვალუტის გადინება ამ მიმართულებით. ამრიგად, დღემდე ყველა ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და კორუფციული სქემების გამო, მნიშვნელოვნად გაედინება ჩვენი ქვეყნიდან უცხოური ვალუტა და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ძალიან დიდი წნეხია ლარისთვის. ლარის კურსის პრობლემებში სამივე ხელისუფლებას ლომის წილი მიუძღვის.
გიორგი ჩახაია – მედია სააგენტო “24”-ის დამფუძნებელი