გორში ვაშლი ფუჭდება, დახლებზე უკრაინული, თურქული, მოლდოვური ვაშლი აწყვია

ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილის ინფორმაციით, გორში ფერმერებს ტონობით ვაშლი უფუჭდებათ, მაშინ, როდესაც საქართველოში დახლებზე იმპორტირებული ვაშლი აწყვია.

ვაშლი ძირითადად შემოდის თურქეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან და ნიდერლანდებიდან. 2023 წლის 3 თვეში საქართველომ 415.7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 1 002 ტონა ვაშლი იყიდა.

„ახლა გორში არის ასეთი სიტუაცია – ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით ვაშლი მაინც შემოდის,“ – აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ცნობისათვის, 2023 წლის 3 თვეში საქართველომ 415.7 ათასი აშშ დოლარის 1 002 ტონა ვაშლი იყიდა. აქედან, შედარებით დიდი ოდენობით, 278.70 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 722 ტონა თურქეთიდან.

იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა ასევე:

უკრაინა – 93.30 ათასი აშშ დოლარი (243 ტონა);
ნიდერლანდები – 29,85 ათასი აშშ დოლარი (17 ტონა);
მოლდოვა – 13.84 ათასი აშშ დოლარი (20 ტონა).

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საქართველომ 1 კგ. ვაშლი საშუალოდ 0,42 დოლარად იყიდა, რაც იმ პერიოდის მონაცემებით, დაახლოებით 1-1.10 ლარის ფარგლებშია. იმპორტირებული ვაშლის ღირებულება კი, სუპერმარკეტებში საშუალოდ 3 ლარს შეადგენს.

შესაბამისად, ყველა ლოჯისტიკური და საგადასახადო ხარჯების გათვალისწინებით, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული ვაშლი მაინც მაღალი ფასნამატით იყიდება და კილოგრამის შემთხვევაში მინიმუმ 200%-ს შეადგენს.

ლელა დევდარიანი