ბათუმში დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 აპრილს, ბათუმში დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას 70-ზე მეტი კომპანია მიიღებს.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ 2000-ზე მეტი ვაკანსიიდან შეარჩიონ სასურველი: სარესტორნო, სამრეწველო, სასტუმრო, სამშენებლო, სავაჭრო და სატრანსპორტო მიმართულებით.

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ინიციატივით ტარდება. ღონისძიება “შერატონ ბათუმში”, 14:00 საათზე დაიწყება.

წელს პირველად, კომპანიების გარდა საკუთარ სერვისებსა და პროგრამებს მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებებიც გააცნობენ.

დასაქმების ფორუმზე, ასევე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი პროფესიული კოლეჯები. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს. 2023 წელს პირველი ფორუმი ზუგდიდში გაიმართა, აჭარის შემდეგ კი, დასაქმების ფორუმს მაისში სამცხე-ჯავახეთი უმასპინძლებს.

ლელა დევდარიანი