არაგვის პირას შეგროვებული ქვების გაცოცხლებული ისტორიები ოსტატის სახელოსნოდან

დავით ქაბზინაძე პროფესიონალი მოქანდაკეა, რომლის თვითმყოფადი ნამუშევრები დამთვალიერებელში აღფრთოვანებას მუდმივად იწვევს.

დავით ქაბზინაძე პროფესიონალი მოქანდაკეა, რომლის თვითმყოფადი ნამუშევრები დამთვალიერებელში აღფრთოვანებას მუდმივად იწვევს. რიყის ქვა ხელოვანის ერთგული მეგობარია. როგორც თავად ამბობს, მათი ურთიერთობა საკმაოდ რთული, მტვრიანი და შრომატევადია, თუმცა დასრულებული ნამუშევრების ხილვა, ყველანაირ დაღლას უკან ტოვებს. მოქანდაკის ნამუშევრები საკუთარ ისტორიას თავად ყვებიან და თითოეული მათგანი იმ რთულ გზას ირეკლავს, რაც ხელოვანმა ამ პროფესიის რთულ გზაზე განვლო.

რა გზას გადიან მდინარის პირას შეგროვებული ქვები, როგორ ცოცხლდებიან ისინი და რა ისტორიები მიაქვთ საქართველოდან უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში, ამის შესახებ მედია სააგენტო “24”-ს მოქანდაკე დავით ქაბზინაძე ესაუბრა.

– როდის დაინტერესდით პირველად ქანდაკებით?

– თავიდან, რვა წლის ასაკში ხატვით დავინტერესდი. მამაჩემი პროფესიონალი მოქანდაკეა, მოსწავლეები ჰყავდა ხოლმე სახლში და ამზადებდა. მეც შევდიოდი და ვმეცადინეობდი მათთან ერთად. შემდეგ ძერწვით დავინტერესდი და ბოლოს ქანდაკებამდეც მივედი. მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ სკოლიდან გამოვედი და ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე, სადაც მამა ასწავლიდა და იქაც მისი მოსწავლე ვიყავი. იქიდან სამების ეკლესიაში წავედი და ქვაზე მუშაობა ვისწავლე. ეკლესიებზე 15-წლიანი მუშაობის შემდეგ დავუბრუნდი ჩემს პროფესიას და ქანდაკებებზე მუშაობა დავიწყე. მანამდე ამისთვის ვერ ვიცლიდი.

– მამათქვენი, აკაკი ქაბზინაძე, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მის შვილებს არ ურჩევდა ამ პროფესიას გაჰყოლოდნენ. რატომ ფიქრობდა ასე?

– მან კარგად იცოდა, რომ ძალიან შრომატევადი საქმეა. მეუბნებოდა, სხვა რამე ისწავლეო. თან ბოლო წლებში მისი შრომის დაფასებას ვეღარ გრძნობდა. ამ საქმის შესახებ მან ყველაფერი კარგად იცოდა და ამიტომაც არ მირჩევდა. მამა მშრალ ხიდზე იდგა და საკუთარ ნამუშევრებს ყიდდა. როცა მეც მომინდა ქანდაკება გამეკეთებინა, გავაკეთე კიდეც და დაახლოებით, ერთ კვირაში გაიყიდა. ამან კიდევ უფრო დამაინტერესა და მალე ეს საქმე შემოსავლის წყაროდ გავიხადე.

დავით ქაბზინაძის ნამუშევრები

– მამათქვენს, საკუთარი ნამუშევრებისთვის საგამოფენო სივრცედ თბილისის ერთი ძველი ბაღი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, ჰქონდა შერჩეული. თქვენ სად გაქვთ გამოყოფილი ნამუშევრებისთვის სივრცე?

– ამჟამად სოფელ მეტეხში ვმუშაობ, ქანდაკებები სახლში მაქვს – თბილისში. მშრალ ხიდზეც მაქვს ადგილი, მაგრამ არ გავდივარ. როდესაც აშალეს და შეცვალეს ყველაფერი მშრალ ხიდზე, რეაბილიტაციის შემდეგ, მოქანდაკეებისთვის შესაფერისი ადგილი არ გამოყვეს. 3-4 მოქანდაკე ვიყავით და არცერთი აღარ გავდივართ. ჩვენ სხვანაირი სტენდები გვჭირდება, გვქონდა საუბარი მერიის წარმომადგენლებთანაც, მაგრამ ჩვენი არ გაგვითვალისწინეს.

– რა მასალას იყენებთ ნამუშევრების შესაქმნელად ?

– მარმარილოს, ონიქსის ქვას, დიაბაზის და რიყის ქვებს ვიყენებ.

დავით ქაბზინაძის ნამუშევრები

– ძირითადად რიყის ქვას სად პოულობთ?

– რიყის ქვას სიარული და ძებნა ნამდვილად სჭირდება. ვეძებ ყველგან, სადაც მოვხვდები, უფრო მდინარე არაგვის პირზე დავდივარ, იქ უფრო ლამაზი ქვებია.

– რა განსაზღვრავს თქვენი ნამუშევრების ღირებულებას?

– ზომა და თავად ნამუშევრის შესრულების სირთულე, ხარისხი.

– რა უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ, მუშაობის პროცესი თუ დასრულებული შედეგი?
– რა თქმა უნდა, დასრულებული შედეგი. თვითონ მუშაობის პროცესი ძალიან დამღლელი და მტვრიანია. როდესაც ის გამოდის, რაც მინდა, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი ნამუშევრები სიყვარულით იქმნება და თემატიკაც სიყვარულს შეეხება.

– როგორ იმოქმედა პანდემიამ თქვენს საქმიანობაზე ?

– პანდემიამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დადებითად იმოქმედა ჩემს შემოქმედებაზე. ხალხი სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებდა და უფრო მეტმა ადამიანმა გამიცნო იმ პერიოდში. სხვადასხვა ჯგუფებში გამოვფინე ჩემი ნამუშევრები და ამას დიდი ყურადღება და ინტერესი მოჰყვა.

– მოგვიყევით სამუშაო პროცესის შესახებ, ყოველთვის წინასწარ იცით, რას მიიღებთ დასრულებისას?

– ხშირად რიყის ქვა თავად გვეუბნება, რა უნდა გავაკეთოთ და შევქმნათ. ძალიან საინტერესოა, თვითონ ქვის შერჩევის პროცესი. როდესაც მიაბიჯებ და სხვადასხვა ფიგურები ცოცხლდება შენ წინ, შენ უკვე ფიქრობ და იცი, თითოეული ქვისგან, რა შეიძლება გამოვიდეს.

– როგორც ვიცით, თქვენი ნამუშევრები საზღვარგარეთ აქტიურად იყიდება …

– დიახ, დაინტერესება ემიგრანტებში საკმაოდ დიდია. არამარტო ვგზავნი, აქაც ყიდულობენ და მიაქვთ. სურთ, რომ ქართული ნაწილი ჰქონდეთ თან. აი, მაგალითად, შარშან ძალიან მოთხოვნადი იყო ოჯახის ქანდაკება, მთელი წელი ვაკეთებდი და ვაგზავნიდი.

– სამომავლო გეგმებიც რომ გაგვიზიაროთ, გეგმავთ პერსონალურ გამოფენას?

– ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო ჩემი შემოქმედებაა, ამიტომ ნამუშევრები, სამწუხაროდ, არ მიგროვდება, რომ გამოვფინო. თუმცა, დიდი სურვილი მაქვს, ერთ დღესაც მოვუყარო ჩემს ნამუშევრებს თავი და პერსონალური გამოფენა მოვაწყო. მამა ახლა ცუდად არის, გამოფენის მოწყობა, მისი სურვილიც არის. ამით მას ძალიან გავახარებ, ამიტომ ამისთვის ყველაფერს ვიზამ.

ესაუბრა ელენე ვადაჭკორია


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი