17 ნოემბერი კოტე მახარაძის დაბადების დღეა – “სოფიკო არაჩვეულებრივ დაბადების დღეებს უწყობდა”

ქართველი მსახიობი და პოპულარული სპორტული კომენტატორი კონსტანტინე მახარაძე 1926 წლის 17 ნოემბერს, თბილისში დაიბადა.

1944 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1848 წელს წარმატებით დაამთავრა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მსახიობი რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში მიიღეს, სადაც 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. 1970 წლიდან კი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში გადავიდა.1973-74 წლებში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი გახლდათ.

კოტე მახარაძემ 1997 წელს თბილისში ერთი მსახიობის თეატრი – “ვერიკო” დააარსა. ის სიცოცხლის ბოლომდე “ვერიკოს” სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი იყო.

თეატრში მოღვაწეობის პარალელურად, კოტე მახარაძეს სპორტული ცხოვრება აინტერესებდა. როგორც ცნობილია, მსახიობი საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყო და 1945 წელს, საბჭოთა კავშირის თასიც მოიპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კალათბურთს თბილისის დინამოშიც თამაშობდა.

1957 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. ჯერ საქართველოს, შემდეგ კი, საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში მუშაობდა. 40 წლის განმავლობაში, რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე მიჰყავდა. სწორედ კოტე მახარაძეს მიჰყავდა თბილისის “დინამოს” ფეხბურთელთა გუნდის ორი ისტორიული თამაშის რეპორტაჟი – ერთი, 1964 წელს, ეროსი მანჯგალაძესთან ერთად, როდესაც “დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, მეორე კი, 1981 წელს, როდესაც ევროპის თასების თასი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ კოტე მახარაძე კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატია, 1996 წელს კი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა.

კოტე მახარაძის ​პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ის ორჯერ იყო ქორწინებაში. მისი პირველი მეუღლე ცნობილი მსახიობი მედეა ჩახავა იყო. მეორედ ოჯახი, ასევე ცნობილ მსახიობთან, სოფიკო ჭიაურელთან შექმნა.

კოტე და სოფიკო 1980 წელს დაქორწინდნენ… სოფიკო დარწმუნებული იყო, რომ კოტესთან ბედისწერამ შეახვედრა. ორივე მათგანს იმ დროისთვის ოჯახები ჰქონდათ.

 

 

„ცხოვრებაში, მით უმეტეს – პირადში, არ მოქმედებს არანაირი კანონი. ადამიანის ბედის დავთარში მისი დაბადებისთანავე იწერება ყველაფერი. მე მეწერა, რომ ჩემს სიცოცხლეში ორჯერ მყვარებოდა,“ – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში სოფიკომ.

კოტესთან ქორწინება მეუღლისა და ორი შვილის პატრონისთვის საოცრად რისკიანი ნაბიჯი იყო. სოფიკომ ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან მასაც თავგანწირულად უყვარდა.

კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას  შვილი, მაკა მახარაძე ერთ-ერთი ინტერვიუში ყვება, რომ დედ-მამის დაშორება მისთვის მოულოდნელი იყო. 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, კონფლიქტებისა და სკანდალის გარეშე დაშორდნენ, თუმცა, კარგი ურთიერთობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

“უკვე 19 წლის ვიყავი, როცა დაშორდნენ. ჩვენი თანდასწრებით კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ, – წყენას ვერც ვატყობდით, როცა გაბუტულები იყვნენ. ალბათ, ამიტომ მათი დაშორების მიზეზი ჩემთვის დღემდე უცნობია. რაც მთავარია, განშორების შემდეგაც კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს. სოფიკო ჭიაურელსა და ჩემს ძმებთან მეც ყოველთვის არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, რაც დედაჩემის დამსახურება იყო”, – ამბობს მაკა მახარაძე.

მისივე თქმით, 17 ნოემბერს, კოტე მახარაძის დაბადების დღეს, სოფიკო ჭიაურელი ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავდა.

“არაჩვეულებრივ დაბადების დღეებს უწყობდა. იმ წლებშიც კი, როცა არც გაზი გვქონდა და არც შუქი, მაინც სასწაულებს ახდენდა. სოფიკო საუკეთესო დიასახლისი, ნამდვილი ცეცხლი იყო, მაგრამ არც ერთს ვარსკვლავური დაავადება არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულები იყვნენ”, – იხსენებს მაკა მახარაძე.

მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი 2002 წელს, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ცნობილი სპორტული კომენტატორი, თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.


სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი