განადგურებული მოზაიკის აღდგენას მერია მოლაპარაკებებით ცდილობს – გულგრილობა თუ უცოდინრობა
მოზაიკა XX საუკუნის 70-იან წლებს განეკუთვნება, მისი ავტორი კუკური წერეთელია. “მიონი” მიკროტექნოლოგიებთან დაკავშირებული ლაბორატორია იყო და მოზაიკაც საქართველოში მეცნიერების იმდროინდელ განვითარებას ასახავდა.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი “მიონის” ქარხნის შენობის მოზაიკის მთლიანობა დარღვეულია, საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილი ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალური კომპოზიცია სრულად განადგურებულია. დედაქალაქის მოზაიკების ტურისტულ მარშრუტში შემავალი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, შენობის ახალმა მფლობელმა ფრანგული აივნებით “გააფორმა”.
როგორც მედია სააგენტო “24”-ს ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდ “რიბირაბოს” თანადამფუძნებელმა, ნატალია ამირეჯიბმა განუცხადა, შენობის ფასადი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანხმობის საფუძველზე დაირღვა. ახალმა მფლობელმა, მოზაიკა გაჭრა და ნახატების ნაცვლად, ფრანგული აივნები გააკეთა.
მათივე ინფორმაციით, შენობის ამჟამინდელი მფლობელი შპს “მონა-ლიზაა“. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა 2021 წლის 13 დეკემბერით თარიღდება. არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ განაცხადს თან ახლავს მოზაიკის ფოტოები და კორექტირებული ფოტომონტაჟი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მერიაში იცოდნენ, რის უფლებას აძლევდნენ შენობის მფლობელს. პროექტის მიხედვით, ფანჯრების კარკასი ალუმინის, მოაჯირი კი, შუშის იქნებოდა.
“თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურის თანამშრომლებმა უბრალოდ (და უკვე მერამდენედ?) ნებართვების გაცემის „კონვეიერის პრინციპით“ გათელილ გზას გაყვნენ და რაღაც მოზაიკის გამო აუტკივარი თავი აღარ აიტკიეს. ალბათ, იფიქრეს, – რა მნიშვნელობა აქვს კედელზე რაღაც ნაჯღაბნს? ერთით მეტი, ერთით ნაკლები და მაგის ჯანი! არაუშავს, საქართველო ამით არ გაღარიბდება, სამაგიეროდ, მესაკუთრე დარჩება კმაყოფილი ! “, – აცხადებს ნატალია ამირეჯიბი.
როგორც აღმოჩნდა, 2021 წელს თბილისის მერიამ დედაქალაქის ღირშესანიშნაობებზე ბროშურა გამოსცა, რომელშიც “მიონის” მოზაიკაც იყო ნახსენები, როგორც თბილისის მოზაიკების ტურისტულ მარშრუტში შემავალი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. თბილისის მერიის მარკეტინგის თანამშრომლებმა მაშინ ფოტომასალისა და ლოკაციების შესახებ ინფორმაციისთვის დახმარება, სწორედ “რიბირაბოს” სთხოვეს.
ნატალია ამირეჯიბი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ფაქტით, მხოლოდ კედლის ნაწილი კი არ დაზიანდა, ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალური კომპოზიცია სრულად განადგურდა.
“შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ამ პროექტის დამტკიცებისას მერიამ “არ იცოდა”, რომ რეკონსტრუქციისთვის განკუთვნილ კედელზე მოზაიკა იყო განთავსებული”, – აღნიშნავს “რიბირაბოს” თანადამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ ფონდი “რიბირაბო” ქართული მოზაიკის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას უზრუნველყოფს, რომლის მთავარი ამოცანა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მოზაიკების დაცვა, შენარჩუნება და აღდგენაა. ფონდი მაღალი კლასის რესტავრატორებს, მოზაიკისა და პიარის სპეციალისტებს, ხელოვნებათმცოდნეებსა და ისტორიკოსებს აერთიანებს. თბილისის მოზაიკები დიდი კულტურული ღირებულების მატარებელია და ქალაქში, ისედაც მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი.
მომხდართან დაკავშირებით თბილისის მერიაში მას შემდეგ გააკეთეს კომენტარი, რაც თემით ჟურნალისტები დაინტერესდნენ. თავს იმით “იმართლებენ”, რომ მოზაიკით მოპირკეთებულ ფასადს “არ აქვს მინიჭებული ისტორიული ძეგლის სტატუსი”, შესაბამისად, მასზე ისტორიული ძეგლისთვის დადგენილი რეგლამენტი არ ვრცელდება. ამის მიუხედავად, ამბობენ, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის მესაკუთრესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა პრობლემა მოაგვარონ.
როგორც თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე ირაკლი ხმალაძე განმარტავს, ფასადზე ღიობის გამოჭრა არის პირველი კლასის მშენებლობა, რომელსაც არ სჭირდება მშენებლობის ნებართვა. არის შეტყობინებით შეთანხმება არქიტექტურის სამსახურთან, რომელიც 2018 წელს შედგა. იმ შემთხვევაში კი, თუ ფასადს ექნებოდა ისტორიული ძეგლის სტატუსი, მასზე გავრცელდებოდა უფრო მკაცრი რეგლამენტი და უფრო მეტი ინსტანციისა და ეტაპის გავლა მოუწევდა ნებართვის მისაღებად.
ხმალაძის თქმით, მოზაიკის ვიზუალიდან და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, “მერია აწარმოებს მოლაპარაკებას მესაკუთრესთან იმ მიზნით, რომ ფასადი აღადგინონ”.
სალომე ხომასურიძე