2 წლის წინ რეაბილიტირებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაანგრევენ – მედპერსონალი აპროტესტებს

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში – საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას ექიმები აპროტესტებენ. მედპერსონალი მოითხოვს კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად, მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელონ. ექიმები კლინიკის დირექტორის ფინანსურ მოადგილეს უნდობლობას უცხადებენ და კლინიკის დირექტორთან ითხოვდნენ შეხვედრას. მათ, ასევე, სურთ შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ვლადიმერ პაპავა თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება.

შენობის დანგრევის აუცილებლობაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დაახლოებით ერთი თვის წინ ისაუბრა. 15 თებერვალს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მალე გახდებოდა ცნობილი, თუ სად და რა კონცეფციის საავადმყოფო აშენდებოდა დაახლოებით 2-2,5 წელიწადში.

“ძალიან ბევრი ძალისხმევა გვქონდა, რომ რაღაცები შეგვერემონტებინა, რაღაცა შეგვეცვალა, მაგრამ შეუძლებელია იქ იმ პირობებში რაიმეს გამოსწორება, თუ სრული რეაბილიტაცია არ მოხდება იმ დონეზე, რომ შენობა, სტანდარტებს, რომელიც ჩვენ ყველა კლინიკებს მოვთხოვეთ 2024-25 წლის ბოლოდან, ვერანაირად დააკმაყოფილებს. ფინანსურად უფრო ეფექტიანია დანგრევა და აშენდება იმ ზომის, იმ ფორმის – სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და აღჭურვილი იქნება თანამედროვედ, იქნება მრავალპროფილური. დღეს პაციენტს მრავალპროფილურ მომსახურებას ვერ ვთავაზობთ. როგორ არ ვცადე, მაგრამ იმდენად რთული ინფრასტრუქტურული და აღჭურვის პრობლემებია, რომ შეუძლებელია ამ პირობებში რაიმეს მივაღწიოთ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას რამდენიმეეტაპიანი რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა, მაშინ, პროექტის მთლიანმა ღირებულებამ 8 მლნ ლარი შეადგინა. თანხის ნაწილი სახელმწიფო დაფინანსება, ნაწილი კი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა იყო. ოფიციალური ინფორმაციით, 2 წლის წინ ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად, საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა განახლდა და 1000-მდე საწოლი დაემატა, რომელიც ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვა.

ლელა დევდარიანი


საქართველოს ეროვნული პავილიონი არქიტექტურის ვენეციის ბიენალეზე

მან შეძლო არქიტექტურა მარტივი, ეკონომიური და კომფორტული ყოფილიყო – ლადო ალექსი-მესხიშვილი

ქუთაისში ბინას იძულებით გადაადგილებული 480 ოჯახი მიიღებს

სამშენებლო ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტი სავალდებულო იქნება

რუსთაველის თეატრის მხატვრების შემოქმედებას თბილისში კიდევ ერთი ბინა ინახავს

პოდკასტი