სიყვარული გალაკტიონის ენაზე – მუდმივი მონატრება და განშორების ტკივილი
გალაკტიონისა და ოლიას თანაცხოვრება ხანმოკლე და ეპიზოდური იყო. ოლღა ოკუჯავა 2-ჯერ გახდა რეპრესიების მსხვერპლი.
სიყვარული ფართო მცნებაა, რომელსაც ყველა ადამიანი, სხვადასხვანაირად გამოხატავს. ყველა შეყვარებულ ადამიანს, საკუთარი თვალით დანახული და შეცნობილი სიყვარულის სწამს. ამ “ღვთაებრივ გრძნობად” წოდებულ ემოციას, განსაკუთრებულად სწორედ შემოქმედები აღწერენ. მათ შორისაა გალაკტიონ ტაბიძე, რომლის სიყვარულის ისტორიაც, საკუთარ შემოქმედებასა და მეუღლის მიმართ წერილებში, დიდი სიფაქიზითაა ასახული.
1916 წელს გალაკტიონმა და ოლიამ ჯვარი დაიწერეს, თუმცა მათი თანაცხოვრება ხანმოკლე და ეპიზოდური იყო. წერილებში ნათლად ჩანს, მუდმივი მონატრება და განშორებით გამოწვეული ტკივილი. ლექს „უკანასკნელ მატარებელში“ გალაკტიონი წერდა:
„ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,
გამოსალმების ხელოვნებისთვის ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?“
აღსანიშნავია, რომ ლექსი “მზეო, თიბათვისა” პოეტმა ოლღა ოკუჯავას მიუძღვნა; 1917 წელს გალაკტიონმა ოლღა მოსკოვში გააცილა. საყვარელ ადამიანთან განშორებული მწერლის გრძნობები მისი შემოქმედების სტრიქონებს მიღმაც იკითხება:
“მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები…” – წერდა გალაკტიონი.
გალაკტიონს უყვარდა და წერდა, წერდა ამ სიყვარულზე… მისი განცდების კიდევ ერთი გამომხატველი, პოეტის წერილებია, რომელსაც საყვარელ მეუღლეს წერდა:
“გალონმა შენ ბევრი გაწყენინა, მაგრამ გალონი ცუდი ბიჭი როდია, – გალონს შენ ძალიან, ძალიან უყვარხარ“, – წერდა გალაკტიონი ოლიას 1914 წლის 31 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში.
1914 წლის 6 იანვარი, ქალაქი ქუთაისი.
“ოლია! მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება… სიცარიელემ, რომლის განადგურებას არ ვიცი რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? …როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ… ჩემთვის უბრალოდ, შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის“
მაგრამ დღეს ყველაფერი ერთია! ოცნებებისა და სიზმრების დრო წავიდა! აღარაფერი არ გამახარებს, თვით ტკბილი სინამდვილეც კი! მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში განვიცადე… და რაც ოცნებებში განგიცდია მთელი არსებით, სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?
ასეა საქმეები, ჩემო ოლია……
იყავი კარგად……
მშვიდობით, მარადის შენი გ. ტ ა ბ ი ძ ე.“
1914 წელი, 18 თებერვლის საღამო.
“ოლია, საზაფხულოთ უსათუოდ ერთად ვიქნებით სადმე… აი ნახავ. თუ საზაფხულოთ არა, მოსკოვში ხომ მაინც… თუ მოსკოვშიც არა, როდისმე ხომ მაინც ვიქნებით ერთად? ჯანი გავარდეს. მე ძალიან გული დამწყდება, თუ წელს ვერსად ვერ წავედი, ისე გულით მინდა, მაგრამ რა გავახერხო? სტიპენდიაზე ფიქრი ტყუილია. სხვაფრივ კი არ შეიძლება.
მალე ზაფხულიც მოვა. ჩამოვლენ სტუდენტები და კურსისტკები რუსეთიდან, საზღვარგარეთიდან. ააჭრელებენ მთელ ქუთაისს და პირდაპირ შხამით აგევსება ადამიანს გული მათი ცქერით. მეტისმეტად შურიანი რომ ვიყო, შეიძლება მეპატიებია ყველასათვის მათი სტუდენტობა და ჯანდაბები, მაგრამ…
ოლია, მომწერე წერილი.
მაშ…
იცოცხლე, იმხიარულე, იყავი კარგად.
შ ე ნ ი გ.“
ქუთაისი, 1914 წლის 31 აგვისტო.
“ოლკინ!
შენ იცი, როგორ სულიერ განწყობილებაში ვიცი მე შენთვის წერილების წერა. მოიგონე ჩემი წინანდელი წერილები… ყოველთვის უსათუოდ დიდი მწუხარება მაწუხებდა, მაგრამ ეხლა პუშკინის ლექსით გეტყვი: “Мне тяжело, как смутное похмелье”.
გადაეცი ყველა ჭიათურელებს: გალონმა შემოგითვალათ, ჩემს ოლოლს არაფერი აწყენინოთ-თქო.
შენ იცი, როგორ მოუვლი თავს… გამხდარი და ავადმყოფი არ ჩამოხვიდე ქუთაისში, თვარა, ღმერთს გეფიცები, არ ვიცი, რას გიზამ… მწარედ გაგლახავ! ჭინჭრით.
გალაკტიონი.“
1916 წლის 30 ნოემბერი, ქუთაისი.
“ოლკინ!
შენ აღარ გიყვარვარ! არავის არ ვუყვარვარ ქვეყანაზე! უკეთესია, რომ მოვკვდებოდე! სიკვდილი კი თითქო ამბობს: გალაკტიონ ტაბიძე, შენ ჯერ არ მოკვდები, კიდევ ბევრ რამეს გააკეთებო! ვნახოთ, ვნახოთ!
მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ! ვნახოთ რა იქნება! ვნახოთ.
ამ წერილს კაფეში ვწერ. შემოვიდა გრ. ლაღიძე და ყველას სალამი მისცა ჩემს მეტს. ვნახოთ, ვნახოთ, ვნახოთ.
მეორე დღეა ქუთაისში ვარ და არავინ არ მინახავს. ვნახოთ, ვნახოთ…
ოლკინ, ძვირფასო ოლკინ! რატომ მაწვალებ ასე, რატომ მეჩხუბები? ხომ იცი, რომ შენს მეტი არავინ არ მყვარებია და არც მიყვარს?
მშვიდობით ოლია.
გალაკტიონ ტაბიძე.“
1917 წლის 29 იანვარი.
“ოლია!
სწერ თუ არა ჩემზე წერილს? უსათუოდ უნდა დამახვედრო, იცოდე, როდესაც ჩამოვალ. ჩემი წიგნი უნდა გამოვცეთ რუსულად, თარგმანები. აქ იყო იგორ სევერიანინი… გავიცანი… ძალიან კარგი კაცი ყოფილა, ჰო, მართლა, ამასწინად შენი დედა შემხვდა და საყვედური მითხრა, რომ წერილებს არ გწერ… ძალიან აღელვებული იყო.
ყოჩაღად იყავი, ოლია!
როდესაც ჩამოვალ, ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ, წამოსვლას შეგატყობინებ დეპეშით. ეხლა კი მშვიდობით…
შენი გალაკტიონი.“
1917 წლის 30 ნოემბერი.
“ოლია!
როდესაც ჩამოვალ, უსათუოდ ერთად უნდა ვიცხოვროთ, აქედან წამოვიღებ რამე-რამეებს. ტანისამოსი გინდა, შენ, დედოფალო! არ ვიცი, შეიძლება თუ არა იანვრიდან შანიავსკის უნივერსიტეტში ჩაწერა? ეს აუცილებლად საჭიროა სტიპენდიისათვის. მე ვოცნებობ ჩვენ ერთად ყოფნაზე, პატარა ბავშვზე, განა კარგი არ არის? აჰ, ნეტავი კარგად მოვეწყობოდეთ. მე ამის იმედი მაქვს. Будет жить припеваючи! ა? ა? ა? კარგია, კარგი ცხოვრება! ცხოვრებას ჭკვიანად უნდა მობყრობა, ცხოვრება მიდის.“
გალაკტიონს წერილებზე მეუღლე ხშირად პასუხობდა. უკანასკნელი წერილი პოეტმა 1941 წლის 19 მარტს მიიღო: 1941 წლის სექტემბერში სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ოლღა ოკუჯავას სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა, სამ დღეში ის 157 პოლიტ-პატიმართან ერთად დახვრიტეს ქალაქ ორიოლთან, მედვედის ტყეში.
„ჩემო ძვირფასო, ჩემო უგონო სიყვარულო!
აი, მიიღე ჩემგან ეს მინდვრის ყვავილები. ისინი ნორჩებია და უტყვი, მაგრამ მაინც თავდავიწყებით მოისწრაფვიან შენსკენ.
ჩემო ძვირფასო, ყოველდღიურად გადავცემ შენს მოკითხვებს ჰაერის ტალღებს. გესმის?
ხო, მე არ ვიღებ შენს წერილებს. ო, მე მიყვარს დუმილი, მაგრამ რარიგ ძნელია, მთელი სიცოცხლე ესაუბრო დუმილს. არ გსაყვედურობ. არ არის საჭირო.
მაინც მოგწერ და მოგწერ ბარათებს, სანამ ცხოვრების ქარიშხალი სამუდამოდ არ დამიხუჭავს თვალებს…”
აღსანიშნავია, რომ 1929 წელს ოლღა ტროცკიზმში ბრალდებით სამი წლის ვადით გადაასახლეს. ის წლები უზბეკეთში გაატარა და საქართველოში 1932 წელს დაბრუნდა. ოლღა ოკუჯავა მეორედ დააპატიმრეს 1936 წლის 11 ნოემბერს, დეპორტირებულია ორიოლის ოლქში. 1937 წელს გალაკტიონმა ოლღას ლექსი „უკანასკნელი მატარებელი“ მიუძღვნა.
1956 წლიდან ხრუშჩოვის მთავრობამ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 1957 წლის დეკემბერში გალაკტიონ ტაბიძეს შეატყობინეს, რომ ოლღა ოკუჯავა რეაბილიტირებულია, თუმცა პოეტს მისი დახვრეტის შესახებ არაფერი უთხრეს.