“თუ მძიმედაა, კი ბატონო, გათავისუფლდეს” – “ემპათიას” დასკვნას არ ენდობიან

18 ნოემბერს, ცენტრმა – “ემპათიამ”, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაზე მუშაობა დაასრულა.  

პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 7 თვეა კლინიკა “ვივა-მედში” მკურნალობს. მისი ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების მტკიცებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, მას 14 სახის დაავადება სჭირს, რომელთაგან 9 ძალიან მძიმეა, ამიტომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით განთავისუფლების მოთხოვნა ჩაიწერა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კომპრომისულ რეზოლუციაშიც.

18 ნოემბერს, ცენტრმა – “ემპათიამ”, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაზე მუშაობა დაასრულა.

“დიაგნოზი მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან განთავისუფლების კრიტერიუმებს”, – წერს ფეისბუქის  პირად გვერდზე “ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.

მისივე განცხადებით, ექსპრეზიდენტს დიაგნოზები პატიმრობაში განუვითარდა, რაც პატიმრობასთან შეუთავსებელია, ამიტომ სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე “ემპათიას” დასკვნას არ ენდობა. უფრო მეტიც, აღნიშნულ ცენტრს მიხეილ სააკაშვილისა და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ჯიბის ორგანიზაციას უწოდებს. მისი აზრით, “ემპათიას” პოზიცია დასკვნისა და ექსპერტიზის გარეშეც იყო ცნობილი.

“ის რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებადია მის პატიმრობასთან, “ემპათია” ამას პირველივე დღიდან იძახის. ეს კომპეტენტურ ექსპერტიზას არ უთქვამს. თუ დადასტურდება რომ მძიმედაა, მაშინ კი ბატონო, განთავისუფლდეს”, – განუცხადა მედია სააგენტო “24”-ს ნანა კაკაბაძემ. 

მისი აზრით, ციხეში სააკაშვილზე მძიმე ავადმყოფები იმყოფებიან, ამიტომ სააკაშვილმა კეთილი უნდა ინებოს და სასჯელი მოიხადოს.

ნანა კაკაბაძეს ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, რადგან “ის ციხიდან განცხადებებს აკეთებს და აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში”.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დასკვნა მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც მას ამერიკელი  და ევროპელი ექსპერტები გაეცნობიან და დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე დაინახავს, რომ დასკვნა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან განთავისუფლებას დააკმაყოფილებს, სასამართლოს ალტერნატივის სახით ორივე მოთხოვნით მიმართავენ.

ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში დადგეს სააკაშვილის განთავისუფლება ან მისთვის სასჯელის გადავადება.

ფაქტია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებები და ექსპერტიზები მის მიერ შიმშილობის დაწყების დღიდან არ წყდება. საქმეზე გვინახავს სახელმწიფო კონსილიუმის, ალტერნატიული კონსილიუმების დასკვნები თუ უცხოელი ექსპერტების შეფასებები, მედიკოსებისა და სააკაშვილის მომხრეთა აქციები ლოზუნგით – “გადავარჩინოთ მიშა!”, თუმცა, ჯერჯერობით ვერცერთი დასკვნა ვერ ამტკიცებს, რომ სააკაშვილს ნამდვილად სჭირდება უცხოეთში ჰოსპიტალიზება. რამდენად შეძლებს ამას “ემპათიას” საბოლოო დასკვნა საკითხავია.

ფაქტია ხელისუფლება სააკაშვილს არც მძიმე ავადმყოფად ცნობს და არც პოლიტპატიმრად. მაგალითად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლების უზრუნველყოფას თვით დაზიანებებით ცდილობს, რაც კრიმინალებში გავრცელებული პრაქტიკაა.

“ნაციონალური მოძრაობისა” და მის ორბიტაზე მოძრავი პარტიების ლიდერები კი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ფატალური შედეგით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს ისტორია “პრეზიდენტების სასაკლაოდ” გადაიქცევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილად გამოცხადებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დაბრუნდა. სასამართლომ მას ორ საქმეზე, 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავების დღიდან მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. როგორც მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, სააკაშვილმა 50 დღის განმავლობაში იშიმშილა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა.


“ოცნების” არაფერი მინდა! ქუჩა კი არა, ოქროს ძეგლი რომ დადგან… – რუსუდან შარაძე

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი სტრასბურგმა დასაშვებად ცნო

“ადეიშვილის მოსამართლეებს დღეს ბრძანებას აღარავინ აძლევს,მაგრამ ხვალ მოვა ვინმე და მისცემს”

ფესვგამდგარი კლანი ქართულ სასამართლოში- ვინც რეფორმას აფინანსებს, სანქციებსაც ის აწესებს

ექთანმა პრესტიჟულ კლინიკას შრომითი დავა მოუგო

პოდკასტი