“კლასიკური ხელოვნება უბრალო მსმენელისთვის” – თბილისში იტალიელი ტენორი ალესანდრო საფინა იმღერებს

მომღერალს საქართველოში თაყვანისმცემლების არმია ელოდება. ბილეთები წინასწარვე თითქმის სრულად გაიყიდა.

ცნობილი იტალიელი ტენორი, ალესანდრო საფინა

1 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე (ფილარმონია) ცნობილი იტალიელი ტენორი, ალესანდრო საფინა წარდგება. ტენორი, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, თავის ახალ კომპოზიციებსა და ყველასთვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს.

საფინა მუსიკით ბავშვობიდანვე დაინტერესდა. 17 წლის ასაკში ფლორენციის კონსერვატორიაში ჩაირიცხა და რამდენიმე წელში ევროპის საუკეთესო მუსიკალური თეატრების სოლისტი გახდა. მან მსოფლიო აღიარება თავისი უნიკალური ხმითა და შემოქმედებითი გამბედაობით მოიპოვა.

1989 წელს კატია რიჩიარელის საერთაშორისო ვოკალური კონკურსის პირველ პრიზს მოჰყვა აქტიური სასცენო მოღვაწეობა და წამყვანი როლები ოპერებში “ბოჰემია”, “სევილიელი დალაქი”, “სიყვარულის წამალი”, “რუსალკა”, “ევგენი ონეგინი”.

საოპერო არიების შესრულებისას ის ოცნებობდა კლასიკური ხელოვნება უბრალო მსმენელისთვის გასაგები გამხდარიყო. შედეგად, დაიბადა ახალი ჟანრი, რომელსაც თავად არტისტი მოგვიანებით “საოპერო როკს” უწოდებს – სტილი, რომელიც აერთიანებდა პოპ მუსიკის, აკადემიური ვოკალის, სულისა და მიუზიკლის ელემენტებს.

ალესანდრო საფინას ყველაზე ცნობილი სინგლი “luna” ალბომიდან – “Insieme a te” გახდა, რომელიც 14 კვირის განმავლობაში ჰოლანდიური ჩარტების სათავეებს არ თმობდა. აღნიშნული ალბომი კიდევ სამ ათეულ ქვეყანაში გამოვიდა და იქაც არანაკლები პოპულარობა მოიპოვა.

59 წლის ტენორს დაუვიწყარი დუეტები აქვს შესრულებული ისეთ ცნობილ მომღერლებთან, როგორებიც არიან: სარა ბრაიტმანი, ელტონ ჯონი, ევან მაკგრეგორი, ბარბარა ჰენდრიქსონი და სუმი ჩო. სიმღერა “Guarda che luna” შესრულებული აქვს ცნობილ ქართველ მომღერალ თამარ გვერდწითელთან დუეტში.

აღსანიშნავია, რომ საფინა სამსახიობო კარიერასაც ითავსებს და ფილმების საუნდტრეკებსაც ქმნის, მათ შორის, მუშაობდა რეჟისორ ბაზ ლურმანის ცნობილი ფილმის – “მულენ რუჟის’’ საუნდტრეკებზეც.

მომღერალს საქართველოში თაყვანისმცემლების არმია ელოდება. ბილეთების ფასი 70 ლარიდან იწყება. ყველაზე ძვირადღირებული ბილეთის ფასი 250 ლარია. 70-ლარიანი ბილეთები უკვე სრულად გაყიდულია.

თაკო ბოკუჩავა

 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი