ფიროსმანმა სამსახური უფროსთან კონფლიქტის გამო დატოვა – კიდევ ერთი ისტორია ცნობილ მხატვარზე

მსოფლიო დონის ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანი 1880 წელს რკინიგზის დარაჯად მუშაობდა, მაგრამ უფროსთან კონფლიქტის გამო, სამსახურიდან მალევე გაათავისუფლეს.

ნიკო ფიროსმანი. მხატვრის აქამდე უცნობი ფოტო.

მოგვიანებით, მეგობრის რეკომენდაციით, მხატვარი რკინიგზაში სატვირთო მატარებლის ღია პლატფორმის კონდუქტორად დაბრუნდა, თუმცა 1894 წელს ჯანმრთელობის პრობლემის გამო, სამსახური თავისი ნებით დატოვა.

ამ ისტორიასა და მხატვრის აქამდე უცნობი ფოტოს შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს. ფოტოზე, სავარაუდოდ, გენიალური მხატვარი, ნიკო ფიროსმანია აღბეჭდილი.

ფიროსმანის ცხოვრებისეული ეპიზოდები საზოგადოებაში დღემდე მაღალი ინტერესით სარგებლობს. როგორც ჰყვებიან, ფიროსმანი დიდად არ ცდილობდა ჰქონოდა სტაბილური სამსახური და შემოსავალი. მას ხატვა და თბილისი უყვარდა. გულს ვერ უდებდა ვერაფერს გარდა ხატვისა. მისი ბოლო სამსახური, რკინიგზა იყო. მერე იყო ბაზრის მახლობლად ჩადგმული დახლი და გაყიდული რძის ნაწარმი. მალე დახლი დუქნად გადაიქცა, სადაც რძეს და თაფლს ჰყიდდა. მალე ამ საქმეზეც გული აიცრუა.

ნიკალა ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. ის იყო ძველი თბილისის მხატვარი, მედუქნეების მეგობარი. 1914 წლამდე ნიკალას შეკვეთები არ მოჰკლებია, ხატავდა და ზოგჯერ ნორმალურადაც ცხოვრობდა.

ცხოვრების ბოლო წლებში დუქნის მოხატვის ან ტილოს დახატვისას დამკვეთებისგან ფულად ანაზღაურებას აღარ იღებდა. ხატავდა არყის და საჭმლის სანაცვლოდ. მისთვის ტანსაცმელი უმნიშვნელო იყო და ზოგჯერ ფეხსაცმელიც არ ქონია ისეთი, რომ თავისუფლად ევლო ქუჩაში.

პირველმა მსოფლიო ომმა ნიკალას ცხოვრება საბოლოოდ შეცვალა. მხატვარმა დაკარგა შემოსავალი. 1914 წლიდან დუქნები იკეტებოდა. ქრებოდა სივრცეები, რომლებიც ნიკალას პურს აჭმევდა. ქვეყანა გაჭირვებამ მოიცვა. ნიკალა აღარავის ჭირდებოდა, თუმცა მისი ნახატები იყიდებოდა ყველგან.

იმ დროს გრიპი – “ისპანკა” მძვინვარებდა ქალაქში. წამალი რთული საშოვნელი იყო. ფიროსმანი საავადმყოფოში აღმოჩნდა. 56 წლის, ნაადრევად დაბერებული, ღატაკი, უსახლკარო, ავადმყოფი ფიროსმანი ისე გარდაიცვალა და ისე დამარხეს, რომ მისი კვალიც კი ვეღარავინ იპოვა.

ფიროსმანის საფლავის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი არჩილ გელოვანი.

მისი თქმით, ნიკო ფიროსმანის აქამდე უცნობი საფლავი 1947 წლამდე პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, თავისი ოჯახის წევრის საფლავის გვერდით მდებარეობდა, თუმცა გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ოჯახმა ვერც ერთ საფლავს ვეღარ მიაკვლია.

“1942 წელს, 8 წლის ასაკში ბიძა მყავს გარდაცვლილი. ცხონებული ბებიაჩემი მიყვებოდა: ბიძაშენის საფლავის გვერდით იყო ნიკოს საფლავიც 1947 წლამდე. გადასახლებიდან, რომ დავბრუნდით ვერც ნიკოს საფლავი ვიპოვეთ და ვერც ალექსანდრესიო, 1954 წელს, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. საკმაოდ ბევრს ვერ უპოვია თავისიანების საფლავები იმ წლებში, აბა, წარმოიდგინეთ, დედამ შვილის განსასვენებელი ვერ იპოვოს, რა მდგომარეობაში იცოცხლა. დიდი ბაბუა და შვილთაშვილი ერთად იყვნენ განსვენებულნი და ნიკალაც იქვე, მაინტერესებდა, მაგრამ მემასხრებოდნენ: შვილო, ნიკოს საფლავს მთელი მსოფლიო ეძებს და შენ იპოვიო?!” – წერს არჩილ გელოვანი კომენტარის ველში.

მედია სააგენტო “24”-მა 25 ნოემბერს გამოაქვეყნა მასალა, სადაც ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ საარქივო სურათზე სავარაუდოდ 28 წლის ფიროსმანი ძირძველ ხაშურელებთან ერთად არის აღბეჭდილი. ამ მასალას მკითხველების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა და ფიროსმანის კიდევ ახალი, აქამდე უცნობი ფოტო გაგვიზიარეს, რომელიც, სწორედ რკინიგზაში მისი მუშაობის პერიოდს ემთხვევა. იხილეთ მასალა: ფიროსმანის ახალი ფოტო აღმოაჩინეს – 28 წლის მხატვარი ძირძველ ხაშურელებთან

თაკო ბოკუჩავა

 

ასევე წაიკითხეთ:

ფესტივალი “ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება” ჩატარდება

 


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი