ქუთაისში საარქივო დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში, XVIII საუკუნიდან დღემდე შექმნილი დოკუმენტებია დაცული.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში, დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა.
ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებს, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, უკვე ადგილზე ჩაუტარდება.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია თანამედროვე აპარატურით, ინვენტარითა და სარესტავრაციო მასალით არის აღჭურვილი. რესტავრატორებმა კი, კვალიფიკაცია თბილისში მდებარე ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში აიმაღლეს.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში, XVIII საუკუნიდან დღემდე შექმნილი დოკუმენტებია დაცული. მათ შორის, ქუთაისის ქალაქის მმართველობის (1875-1919 წლები), ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს (1846-1918 წლები), ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს (1837-1917 წლები), იმერეთის ეპარქიული კანცელარიის (1819-1921 წლები) ფონდები.
უნიკალურ დოკუმენტთა შორის არის იმერეთის მეფეების – სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორის, სიგელები და წყალობის წიგნები. ასევე, გრიგოლ რობაქიძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გალაკტიონ ტაბიძის ავტოგრაფები და სხვა მასალები.
სალომე ხომასურიძე