“ამ პროექტით, საქართველოს მთელს კავკასიაში მოეჭრა თავი” – მაყურებელი “პრაიმ ჰაუსის” წინააღმდეგ

“ქვეყანა, რომელიც კავკასიაში პოლიტიკური, სოციალური, კულტურული იდენტობის ერთგვარი საზომი იყო, ბორდელად იქცა”.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის რეალითი შოუ – “პრაიმ-ჰაუსი”, ქართველი ტელემაყურებლის დიდ ნაწილში გაღიზიანებას იწვევს. პროექტში სოციალურ ქსელებში კარგად ნაცნობი სახეები, ბლოგერები, “ინფლუენსერები” და მსახიობები მონაწილეობენ. საზოგადოებაში აჟიოტაჟს იწვევს შოუში მიმდინარე მოვლენები, კონკრეტულად ერთი ეპიზოდი კი, საპროტესტო აქციის გამართვის მიზეზი გახდა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობასთან 27 ნოემბერს მოქალაქეები შეიკრიბნენ და “პრაიმ ჰაუსის” დახურვა მოითხოვეს. მათი განცხადებით, პროექტის მონაწილეები, თავიანთი საქციელით, ქართველ ერსა და ქართულ სულს შეურაცხყოფენ. შოუს კავკასიისა და მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი ადამიანი უყურებს და კონკრეტული სახეების საქციელით, თვალწინ ქართველი ერის სახე წარმოუდგება.

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ეს, გარკვეულწილად, ხელისუფლების დიდი დანაშაულიც არის.

“ამგვარი შოუები, ქართულ ტელეარხებზე, არ უნდა გადიოდეს. მთავრობის წევრები, ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, სწორედ მსგავს სიბილწეს და უმსგავსობას ემსახურებიან. ხალხმა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი სწორედ ასეთი უმსგავსობების გამო შეცვალა, თუმცა, ამ ცვლილებას დიდი შედეგი, არც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მოჰყოლია”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოქალაქეებმა “რუსთავი2”-ის სასამართლო პროცესებიც გაიხსენეს და უკმაყოფილება მისი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის, მისამართითაც გამოთქვეს.

“ამისთვის აღდგა სამართლიანობა და ტელევიზია ქიბარ ხალვაშს იმიტომ დაუბრუნდა, რომ ასეთი გადაცემები გააკეთონ?!” – აცხადებენ მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ “პრაიმ ჰაუსში” მიმდინარე მოვლენები და შოუს მონაწილეთა თანაცხოვრების ამსახველი სიუჟეტები, არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ის საღამოს ეთერში, არამედ ინტერნეტქსელშიც უწყვეტ რეჟიმში, ასაკობრივი ცენზის გარეშე გადაიცემა. შესაბამისად, შოუს მცირეწლოვნებიც აქტიურად უყურებენ და მათთვის ფავორიტ პერსონაჟებსაც გულშემატკივრობენ. “პრაიმ ჰაუსში” განვითარებული მოვლენები და ცალკეული მონაწილის ქცევა, საუბრის მანერა თუ ინტერესის სფერო მოზარდებისთვის მიბაძვის ობიექტი და განხილვის საგანი ხდება.

 

 

პროექტის ერთ-ერთ გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, სადაც “პრაიმ ჰაუსის” მობინადრეები მონაწილეობენ თამაშში, რომელშიც ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების იმიტაცია არის გამოყენებული, (შუბლზე მამაკაცის სასქესო ორგანოს სილიკონის იმიტაცია დაიმაგრეს, რომელზეც რგოლები უნდა წამოეცვათ და სხვა მსგავსი). სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თამაშის მიმართ პროტესტი რეალითი შოუს რამდენიმე მონაწილეს ადგილზევე გაუჩნდა და მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მათ საკუთარი პოზიცია კამერებთანაც ღიად დააფიქსირეს.

საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღქმით, ეს ყოველივე გარყვნილ, ეროტიკულ და უხამს ქმედებებს შეიცავდა, ამიტომ სოციალურ ქსელებში, ხალხის მხრიდანაც უარყოფითი რეაქცია და უცენზურო შეფასებები მოჰყვა. მოქალაქეები თვლიან, რომ პროექტი “საზიზღრობაა” და ტელევიზია მსგავს აქტივობებს, არ უნდა აშუქებდეს.

მედია სააგენტო “24” ამ თემასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ამ პროექტს ხალხისთვის მხოლოდ მძაფრი ემოციების მოტანა შეუძლია. თუ ფსიქოლოგიური პროექტია, ფსიქოლოგების ჯგუფი უნდა მუშაობდეს და იყოს გამოკვეთილი ამოცანა, რომელსაც ეს პროექტი ემსახურება.

მისი თქმით, სატელევიზიო პროდუქციის მიმართ, მხოლოდ კომერციული პრინციპით არ უნდა მსჯელობდნენ. ამას სახელმწიფოს პრინციპი და მოთხოვნებიც უნდა ერთოდეს. რამაზ საყვარელიძის განმარტებით, სახელმწიფოს ჯანსაღი, ახალგაზრდა თაობა სჭირდება და შესაბამისი პრინციპები უნდა ჰქონდეს გატარებული.

“კომერციული ლოგიკა გასაგებია, მაგრამ მხოლოდ კომერციის მხრიდან თუ მივუდგებით, მაშინ ნარკოტიკების გაყიდვაც დასაშვები უნდა იყოს, მაგრამ არ არის. კომერციულის გარდა, მორალური საკითხებიც არსებობს, რომელიც სახელმწიფოებრივს ერწყმის და სწორედ სახელმწიფოს ინტერესშია, რომ მორალი არ გაუფასურდეს. ეს პროექტი, კომერციულად შეიძლება მომგებიანია, სახელმწიფოს თვალსაზრისით კი, წამგებიანი. ეს შეიძლება ამ ეტაპზე ხმამაღალი ნათქვამია, რადგან იმ ხარისხის არ არის, რომ დიდი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, მაგრამ სახელმწიფოსთვის დიდად სახეირო ნამდვილად არ იქნება“, -აღნიშნავს პოლიტოლოგი.

 

მისივე განმარტებით, სახელმწიფო თავისუფალი მედიის შეზღუდვის მცდელობაში რომ არ დაადანაშაულონ, ამისთვის უცხოეთში, მედია კონტროლი სასამართლოს დახმარებით ხორციელდება. უნდა არსებობდეს მარეგულირებლის ლეგიტიმური მექანიზმი და მსგავსი გაბედული სცენები იმ არხებზე, სადაც ყველას ხელი მიუწვდება, დასაშვები არ უნდა იყოს.

“სასამართლოში შეიძლება საჩივარი კერძო პირმა შეიტანოს და არაა სახელმწიფო ინსტანციამ. კერძო პირს შეაქვს, რომ მას მორალური ზიანი მიადგა და ამაზე იგება საჩივარი. ჩვენთან, ამ მხრივ, კანონმდებლობა არ გვაქვს”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

პროექტის შესახებ, მედია სააგენტო “24”-ს, სასულიერო პირი, მღვდელი გიორგი ბერაძეც ესაუბრა. როგორც მან გვითხრა, მსგავსი შინაარსის რეალით შოუებს არ უყურებს, რადგან მიაჩნია, რომ ასეთი სატელევიზიო პროდუქტი სკანდალისთვის იქმნება. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით კი, განმარტავს, რომ არსებობს გარკვეული ცენზურა, აკრძალული ლექსიკა, ფოტო და ვიდეო მასალა, რომელთა მედიასაშუალებებით გასაჯაროებაც დანაშაულის ტოლფასია. თანამედროვე ტელე და ინტერნეტ სივრცე ყველა ასაკისა და კატეგორიის მაყურებლისთვისაა ხელმისაწვდომი, მათ შორის მოზარდებისთვის, რომელთა ფსიქიკაც საკმაოდ მყიფეა მსგავსი ღია და დაუფარავი ეროტიკული მასალის გასაცნობად.

 


“ჩემთვის, როგორც ქრისტიანი სასულიერო პირისთვის, მნიშვნელოვანია, რა ღირებულებებს ატარებს ესა თუ ის სატელევიზიო გადაცემა. როდესაც მრევლის წევრები ან ნაცნობი ადამიანები მისვამენ მსგავს შეკითხვას, ყოველთვის მომყავს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია“ (1 კორ. 6-12)“- განმარტავს მოძღვარი.

მღვდელი გიორგი ბერაძე იმედოვნებს, რომ შოუს ორგანიზატორები, სამომავლოდ მაყურებლის დაინტერესებას უფრო სწორი და საინტერესო მიდგომებით ეცდებიან და არა მსგავსი ამორალური ინსტრუმენტებით.

“რუსთავი 2”-ის რეალით შოუსთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება პოლიტიკოსმა ლევან ჩაჩუამაც გაგვიზიარა. მისთვის მიუღებელია დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც კავკასიაში პოლიტიკური, სოციალური და კულტურული იდენტობის ერთგვარი საზომი იყო, ბორდელად იქცა. პოლიტიკოსი ამაში “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სწორედ ამ პოლიტიკური ძალის მმართველობის პერიოდში მოიხსნა ყველანაირი ცენზურა. შედეგად, მივიღეთ ის, რომ ტელევიზიებიდან სიბილწის, გარყვნილებისა და ძალადობის ნიაღვარი მოედინება.

“რაც დღეს მედიასაშუალებებიდან მოედინება – ნარკოლიბერალიზაცია თუ აღვირახსნილობა – ქვეყანა სათამაშო ბიზნესის, ნარკოტიკებისა და სექსტურიზმის დერეფნად გადააქცია. თავი გვაქვს მოჭრილი. ქვეყანა, რომელიც კავკასიაში პოლიტიკური, სოციალური, კულტურული იდენტობის ერთგვარი საზომი იყო, ბორდელად იქცა”, – აღნიშნავს ჩაჩუა.

პოლიტიკოსის განმარტებით, მარეგულირებელი კომისიის შესახებ კანონი სწორედ “ენმ”-ს მმართველობის პერიოდში, გიგა ბოკერიას ინიციატივით გაუქმდა. კანონის მიხედვით, ნებისმიერ ადამიანს საჩივრის სასამართლოში შეტანა შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ მედია პროდუქცია მოზარდ თაობაზე მავნე ზეგავლენას მოახდენდა. “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტმა, ეს მარეგულირებელი რგოლი, მაუწყებლებში გადაიტანა, თუმცა საკუთარ თავს, არავინ სჯის და ტელეეთერებიდან “პრაიმ-ჰაუსის” მსგავსი აღვირახსნილობა მოედინება.

ლევან ჩაჩუას თქმით, ბოკერიას მიერ გაუქმებული კანონი უნდა აღდგეს, რადგან ასეთი პროექტებით, ქვეყანას მთელს კავკასიაში ეჭრება თავი.

“ევროპაშიც მიცხოვრია, ამერიკაშიც, მაგრამ ასეთ უხამსობას ტელევიზორში იქ არ უშვებენ. ტენდენციას, რომელიც დღეს ჩვენთანაა, აგრესიულ პროვინციალიზმს ვეძახი. თითქოს თავისუფლება აღვირახსნილობაში გამოიხატება და რაც გინდა გააკეთე, ეს არის თავისუფლება, დემოკრატია და ევროპელობა. სინამდვილეში – ეს უხამსობაა და ძალიან დაბალი დონე”, – აცხადებს ლევან ჩაჩუა.

პოლიტიკოსის აზრით, “ქართულმა ოცნებამ” ნაციონალების 9-წლიანი მმართველობის მანკიერი პრაქტიკა და მათი გაფუჭებული საქმე მაინც უნდა გამოაკეთოს. მისივე შეფასებით, უარესი ხდება პროსახელისუფლებო არხებზეც. ხელისუფლება, პოლიტიკური ელიტა არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, რომ საზოგადოება და მით უმეტეს, მომავალი თაობები, მანკიერი პრაქტიკებისგან დაიცვას. უფრო პირიქით, საინფორმაციო საშუალებები ახალგაზრდა თაობაში მანკიერი პრაქტიკას ნერგავენ, რის შედეგებსაც ძალადობის, ნარკომანიის და გარყვნილების სახით იმკის ქვეყანა.

ჩვენი რესპონდენტები ერთხმად თანხმდებიან, რომ მთლიანი პროექტი, საზოგადოებისთვის საშიშ პროდუქტს წარმოადგენს, როგორც მორალურად, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თუმცა, ამის შემაფერხებელი მექანიზმი, სახელმწიფოს დღეს, არ გააჩნია.

 

ავტორი სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი