რესტავრირებული 19 ძველი ქართული ფილმი – თავისუფალი კინოჩვენება ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 2 დეკემბრიდან 1920-30-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს, რომელიც 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კადრი ფილმიდან – ”ვინ არის დამნაშავე”. ნატო ვაჩნაძე.

კინოჩვენებები დღეს, 19:00 საათზე, რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?“(„უაილდ ვესტის მხედარი“) (1925 წელი) გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით, 19 ქართული მხატვრული ფილმი იქნება წარმოდგენილი.

ალექსანდრე წუწუნავას ეს პიესა თავის დროზე წარმატებით ჰქონდა დადგმული სცენაზე. ფილმისთვის რეჟისორმა თავად დაწერა სცენარი. ეს საქართველოში პიესის ეკრანიზაციის პირველი შემთხვევა იყო. მთავარ როლებზე ნატო ვაჩნაძისა და კოტე მიქაბერიძის დუეტი მიიწვია.

ნაწარმოების სიუჟეტი, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული, დრამატულად ვითარდება: გამდიდრების ჟინით შეპყრობილი დედის ჩაგონებით, გურული გლეხი სიკო, სხვა დაქირავებულ ცხენოსნებთან ერთად აშშ-ში მიემგზავრება, რათა იქაურ ცირკში- “უაილდ უესტ შოუში” იჯირითოს და ფული დააგროვოს. შინ ცოლ-შვილი, დედა და მოხუცი ბაბუა რჩებიან. სიკოს გამგზავრების შემდეგ მისი შვილი და ბაბუა გარდაიცვლება, მეუღლე ფატის კი მეზობელი შეაცდენს. ამერიკიდან დაბრუნებულ სიკოს ცოლი ფეხმძიმედ დახვდება. შეურაცხყოფილი ფატი თავს იხრჩობს, სიკო სახლ-კარს გადაწვავს და თვითონაც იღუპება.

ფილმის სოციალური ფონი ორი ძირითადი მიმართულებით იშლება: ადამიანი და ოჯახი, ადამიანი და გარემომცველი პირობები. გლეხი ქალის უმწეო მდგომარეობა და მისი ბრძოლა თანასწორობისთვის. სიუჟეტის სიმძაფრემ, ადამიანური კონფლიქტების, გარემოსა და ეპოქის რეალისტურმა ასახვამ ფილმს მაშინვე მოუტანა პოპულარობა.

ალექსანდრე წუწუნავას სურდა, ფილმში ეჩვენებინა ქართული კინოს გაქანება, გრანდიოზული მასობრივი სცენები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდნენ და იმავდროულად, ლოგიკური მეკავშირის როლს შეასრულებდნენ ფილმის საერთო არქიტექტონიკაში.

ალექსანდრე წუწუნავამ დაამტკიცა, რომ იგი მასობრივი სცენების გადაღების დიდოსტატია. ასეთი გრანდიოზული სცენა, რომელსაც ანალოგი არ ჰქონდა იმდროინდელ საბჭოთა კინემატოგრაფში, სარეკორდო ვადაში- ერთ დღეში გადაიღეს. კინოსურათი წუწუნავას ჰქონდა ორ სერიად გადაღებული, მაგრამ მოსკოვში ჩატანილი ფირი “სახკინმრეწვის” წარმომადგენელმა გრიგორი არუსტანოვმა შეკვეცა.

მიუხედავად მოსკოვში მივლინებული რეჟისორის პროტესტისა, ფილმი მაინც დამახინჯდა, დაიკარგა ავტორისეული თავდაპირველი ჩანაფიქრი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილი ფილმები, რესტავრირებული და გაციფრულებულია. კინოჩვენების ფარგლებში, მაყურებელი ასევე ნახავს მხატვრულ ფილმებს: “ორი მონადირე”, “ხანუმა”, “ხაბარდა”, “ამერიკანკა”, “ელისო”, “სურამის ციხე”, “ბელა”, “ქაჯეთი”, “ღრუბელთა თავშესაფარი”, “ამოკი”, “გოგი რატიანი”, “კომუნარის ჩიბუხი”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “კრაზანა”, “დაკარგული სამოთხე”, “ბუბა”, “უჟმური”.

რეტროსპექტივის დასასრულს, 25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ღონისძიება ალექსანდრე წუწუნავას ფილმით – “ჯანყი გურიაში” (1928) დაიხურება.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კინოჩვენების მიმდინარეობისას, კომპოზიტორ ვაჟა მარის მიერ, სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნილი ელექტრონული მუსიკა, ცოცხლად შესრულდება. კინოჩვენებებზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია.

სალომე ხომასურიძე


შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

საქართველოში მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ მიმდინარეობს

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს თბილისსა და ახალციხეში გაიმართება

თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრებმა ფოლკლორის ცენტრის ექსპოზიცია შეავსო

პოდკასტი