ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო ოჯახს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, – სამწუხარო ინფორმაცია “საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ” გაავრცელა..

მსახიობის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ნუგზარ შარია გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კინოხელოვნების ისტორიაში.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ნუგზარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსახიობი არაერთი კინოროლით იყო ცნობილი ისეთ ქართულ ხელოვნების ნიმუშებში, როგორიცაა: “ხევისბერი გოჩა”, “პალიასტომი”, “აბესალომ და ეთერი”, “ენგურის ნაპირებზე”.

აღსანიშნავია, რომ ნუგზარ შარია 1970 წლიდან ემიგრაციის გზას დაადგა და სიცოცხლის ბოლომდე ამერიკაში ცხოვრობდა. ამერიკამდე მსახიობი ჯერ კუბას და შემდეგ პარიზს სტუმრობდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და მალე მუშაობა “რადიო თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყო. ასევე, “თავისუფალ ევროპაშიც” საქმიანობდა.

ნუგზარ შარია რამდენიმე წელი გერმანიაშიც ცხოვრობდა. კერძოდ, ქალაქ მიუნხენში, სადაც იმავე რადიოებში მუშაობდა. 1971 წელს კი, ნიუ-იორკში გადავიდა და მუშაობა “ამერიკის ხმაში” გააგრძელა.

აღსანიშნავია, რომ ნუგზარ შარია, კინორეჟისურის შესახებ, ლექციებს ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა.

მსახიობის შვილის, ზურაბ შარიას ინფორმაციით, 2020 წლის 5 იანვარს, ნუგზარ შარია ლოს-ანჯელესში გამართული ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად, ოსკარების ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი კანდიდატურა კი, სტივენ სპილბერგმა წარადგინა.

ნუგზარ შარია, საქართველოს გამორჩეული ხელოვანი იყო, რომლის სახელი მუდამ დარჩება ქართული კინოს ისტორიის ფურცლებზე.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი