ბანკებს მოგების გადასახადი არ შეუმცირდებათ – “ფინანსურმა სექტორმა შოკს კარგად გაუძლო”
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პროგნოზით, ბანკების სუფთა მოგება წლეულს, წლის ბოლომდე 2 მილიარდი ლარი იქნება.
ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან და მათთვის მოგების გადასახადის არსებული სისტემა შენარჩუნდება, რაც იმას გულისხმობს, რომ 15 პროცენტის ნაცვლად, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20% იქნება. ამგვარად მთავრობა, 2024 წლიდან, დამატებითი შემოსავლების მიღებას ვარაუდობს, ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე არ ხდებოდა.
საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ ეს საკითხი განიხილა და პარლამენტს “ესტონური მოდელის” ჩანაწერის გაუქმების ინიციატივით უახლოეს ხანებში მიმართავს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 5 დეკემბრის სხდომაზე განაცხადა, გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ.
მისი თქმით, 2 მილიარდი ლარი იქნება ბანკების სუფთა მოგება წლეულს, წლის ბოლომდე.
“რა თქმა უნდა, ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა, ორი მსხვილი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას. ეს არის მცირედი კორექტივები, რომლებიც შევიტანეთ კანონმდებლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დამატებით სამი წლის ვადით, 2026 წლამდე გაგრძელდება.
ამ თემაზე ჟურნალისტებთან დღეს, კომენტარი გააკეთა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა და ბანკებისთვის მოგების 20%-იანი გადასახადის შენარჩუნებას მხარი დაუჭირა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ეს არის სიახლე, რომელსაც ის დეტალურად ჯერ არ გასცნობია.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა განაგრძოს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და ზრდის მხარდაჭერა.
„ფინანსური სექტორი არის ძლიერი და გამძლე და მართლაც კარგად გაუძლო შოკს, დაამტკიცა, რომ მედეგია და ვფიქრობ, აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას, რომ მთავრობამ გააგრძელოს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და ზრდის მხარდაჭერა“, – აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში ქართული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა. მთლიანობაში 14-მა კომერციულმა ბანკმა 2.08 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც არამხოლოდ კრიზისულ 2020 წელთან, არამედ 2019 და ნებისმიერ წინა წელთან შედარებითაც მეტია. მთლიანობაში 2021 წლის განმავლობაში ბანკებმა ჯამური შემოსავლის სახით 5.97 მილიარდი ლარი მიიღეს; გაზრდილია როგორც სესხებიდან მიღებული შემოსავლები, ასევე სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები.
2022 წლის დასაწყისში საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით ასეთი იყო:
1. თიბისი ბანკი – 940,330,426 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 23,405,201,114 ლარი, საკრედიტო პორტფელი 16,739,135,187 ლარი
2. საქართველოს ბანკი – 831,973,935 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 21,788,183,848 ლარი, საკრედიტო პორტფელი 15,385,154,749 ლარი
3. პროკრედიტ ბანკი – 62,432,332 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 1,851,836,394 ლარი, საკრედიტო პორტფელი 1,354,159,163 ლარი
4. ლიბერთი ბანკი – 44,901,669 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 3,111,348,075 ლარი, საკრედიტო პორტფელი 1,975,000,866 ლარი
5. ბაზისბანკი – 43,753,091 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 1,868,427,282 ლარი, საკრედიტო პორტფელი 1,254,684,411 ლარი
6. ვითიბი ბანკი – 37,829,667 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 2,145,623,513 ლარი, საკრედიტო პორტფელი 1,551,884,375 ლარი
7. ქართუ ბანკი – 34,018,499 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 1,223,891,307 ლარი, საკრედიტო პორტფელი 965,168,857 ლარი
8. ტერაბანკი – 30,004,456 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 1,351,301,106 ლარი, საკრედიტო პორტფელი 923,639,902 ლარი
9. კრედო ბანკი – 27,348,362 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 1,787,839,284 ლარი, საკრედიტო პორტფელი 1,492,789,998 ლარი
10. ჰალიკ ბანკი – 20,796,272 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 979,334,132 ლარი, საკრედიტო პორტფელი 738,319,991 ლარი
11. იშბანკი – 11,287,004 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 376,723,740 ლარი, საკრედიტო პორტფელი 247,836,864 ლარი
12. ზირაათ ბანკი – 2,662,945 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 148,973,629,84 ლარი, საკრედიტო პორტფელი 97,379,544 ლარი
13. სილქ როუდ ბანკი – 828,932 ლარის წმინდა მოგება, აქტივები 90,882,788 ლარი, საკრედიტო პორტფელი 15,968,819 ლარი
14. პაშა ბანკი საქართველო – -6,152,902 ლარის ზარალი, აქტივები 438,733,975 ლარი, საკრედიტო პორტფელი 306,516,389 ლარი
შორენა ღავთაძე