როდის გაჩნდა პირველი თოჯინა – თბილისში “თოჯინების ისტორია” იწყება

სათამაშო ყველა ბავშვის განუყოფელი ნაწილია. ალბათ, ყველა მათგანს აინტერესებს, თუ როდის გაჩნდა პირველი სათამაშო და თოჯინა? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მიღება ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმშია შესაძლებელი.

თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შემეცნებითი-საგანმანათლებლო პროგრამა – “თოჯინების ისტორია” იწყება. პროგრამაში მონაწილეობა 5 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი. მონაწილეობის ღირებულება 5 ლარია.

პროგრამა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია. მონაწილეები გაეცნობიან არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ საინტერესო ფაქტებს, სხვადასხვა ქვეყნის თოჯინებისა და ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორიას, მეთოჯინეს, როგორც პროფესიას. დამთვალიერებლებს თავად შეეძლებათ ქართული ტრადიციული დედოფალა შექმნან.

დედოფალა საქართველოში ოდითგანვე სარიტუალო წეს-ჩვეულებების განუყოფელი ნაწილი იყო. ქართული ლექსიკონის მიხედვით “დედოფალა“ ბავშვის ან ზოგადად, ადამიანის მსგავსად გაკეთებულ სათამაშოს ნიშნავს.

ცნობილია, რომ საქართველოში თოჯინებს არამხოლოდ გასართობი, არამედ რიტუალური დანიშნულება ჰქონდა. თოჯინებს ოჯახის გამრავლებას, დარის ან წვიმის მოსვლას სთხოვდნენ. რიტუალურ დედოფალებს “ლაზარე”, “გონჯა”, “საწვიმარი გუგა” ერქვათ.

თოჯინას დამზადება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რაც ხატვის, ძერწვის, კერვის უნარებსაც საჭიროებს. მკვლევრების აზრით, თოჯინებს დაახლოებით 4000 წლიანი ისტორია აქვთ. სხვადასხვა ქვეყანაში თოჯინებს რელიგიური რიტუალებისთვის იყენებდნენ.

მსოფლიოში, ყველა ერს თოჯინას დამზადების უნიკალური ისტორია აქვს. მაგალითად, ეგვიპტელები თოჯინებს ხისგან ამზადებდნენ, იაპონელები ქაღალდისგან, გერმანელები კი ფაიფურისგან.

ინგა ფუტკარაძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი