“ოთარაანთ ქვრივი” 6 დეკემბერს დაიბადა – 5-ღამეში დაწერილი უკვდავი მოთხრობა

ქართველმა მწერალმა ილია ჭავჭავაძემ, თავისი ერთ-ერთი უკვდავი მოთხრობა “ოთარაანთ ქვრივზე” მუშაობა 1887 წლის 6 დეკემბერს დაასრულა და საჯაროდ დეკემბერშივე, ცნობილი მეცენატის – დავით სარაჯიშვილის სახლში, ქართველი მწერლებისა და სხვა სტუმრების წინაშე წაიკითხა.

ოთარაანთ ქვრივი – ილია ჭავჭავაძე, მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი

როგორც ცნობილია, მწერალმა “ოთარაანთ ქვრივი” 5 დღე-ღამეში დაწერა. სამწუხაროდ, პუბლიცისტის ნაშრომებში უკანასკნელი ნაწარმოები, სწორედ “ოთარაანთ ქვრივი” იყო.

მოთხრობა თავისი არსით უმნიშვნელოვანესია. მასში, ილია ჭავჭავაძე მაშინდელი ქართველი გლეხის ყოფა-ცხოვრებას, ზნეობის სისუფთავესა და პატიოსნებას ვრცლად შეეხო. ნაწარმოები განმსჭვალულია ილიასეული სიბრძნით, თითოეული სტრიქონი სიღრმისეული და დამამახსოვრებელია, საოცარი ძალით იბეჭდება მკითხველის მეხსიერებაში. ილია ადამიანს, როგორც ეკლესიას უვლის გარშემო და საოცარი სიფაქიზით აღწერს პერსონაჟების სულიერ განცდებს. “ოთარაანთ ქვრივში” თითქოს სასწორზე დგანან ქართული ყოველდღიურობიდან მიღებული სიბრძნე და წიგნებიდან ამოკითხული ევროპული განათლება.

“ოთარაანთ ქვრივს” აქვს განსაკუთრებული უნარი ნებისმიერ დროსა და სივრცეში შეინარჩუნოს აქტუალობა. ოთარაანთ ქვრივი და გიორგი ერთი მხრივ საკუთარი ღირებულებების ერთგულნი არიან, მეორე მხრივ კი, მიისწრაფვიან საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისა და საკუთარი იდეალების აღიარებისკენ. მათი ძალა ემყარება რწმენასა და სინდისს.

ილია ჭავჭავაძეს უყვარს ფიქრი და თავის ნაწარმოებებში ხშირად მოუწოდებს მკითხველს, მეტი ფიქრისკენ. ადამიანის ნაფიქრს კი, ზვავის ძალა აქვსო, ამბობს მწერალი:

“ფიქრი, რაკი ერთხელ ასე თუ ისე გამოიკვანძა, თოვლის გუნდასა ჰგავს, მთის წვერიდამ დაქანებულს: რაც დიდ მანძილზედ მიჰგორავს, უფრო ძლიერდება, უფრო ჰმატულობს, უფრო ჰდიდდება. თუ კაცმა არ დააყენა, ზვავად იქცევა და სხვას ყველაფერს თან გაიტანს”.

 

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი