საქართველოს ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე 3 წიგნი გამოიცა

მუზეუმში, “საქართველოს მეგალითური ძეგლები”, “თრიალეთის არქეოლოგიური ძეგლები” და The Megalithic Monuments of Georgia წიგნების წარდგენა შედგა.

7 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიამ დიმიტრი ნარიმანიშვილის სამი წიგნის წარდგინებას უმასპინძლა. მუზეუმში, “საქართველოს მეგალითური ძეგლები”, “თრიალეთის არქეოლოგიური ძეგლები” და The Megalithic Monuments of Georgia წიგნების წარდგენა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

წიგნები საქართველოს ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლების შესახებ არის, რომლებით სარგებლობაც სპეციალისტებთან ერთად, უძველესი ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველსაც შეუძლია. ნაშრომებში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ტიპის მეგალითური ძეგლია განხილული. წიგნებში მსოფლიო მეგალითური კულტურების გვერდით, ქართული ძეგლების ადგილის შესახებ მოსაზრებებსაც შეხვდებით.

აღსანიშნავია, რომ მეგალითები, დამუშავებული და დაუმუშავებელი ქვისგან აღმართული ნაგებობებია. საქართველოში მათ გმირთ ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებსა და ქვაკაცებს უწოდებდნენ. მეგალითები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, უმთავრესად კი, ზღვისპირა რაიონებში გვხვდება. მათი დანიშნულება ყოველთვის გარკვეული არ არის. ხშირ შემთხვევებში, ისინი სამარხებია ან დაკრძალვის კულტს უკავშირდება. როგორც ჩანს, მეგალითები სათემო ნაგებობებია. პირველყოფილი ტექნიკის პირობებში, მათი აღმართვა რთული იყო და მრავალი მუშახელი სჭირდებოდა.

“თრიალეთის არქეოლოგიური ძეგლების” შესახებ წიგნში, სოფელ ავრანლოში (თეზში) მე-19 საუკუნის 40-იან წლებსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გათხრილი, ძვ.წ. XIII-XII სს-ით დათარიღებული სამარხებია განხილული.

“საქართველოს მეგალითური ძეგლები” კი, მეგალითების მითური მშენებლებისა და მათი შესწავლის ისტორიებზე გვიამბობს. ასევე, მეგალითების სახეებსა და არქიტექტურაზე გვიყვება. წიგნის პარაგრაფებში ინფორმაციებს შეხვდებით მენჰირებზე, მიცვალებულთა მეგალითურ სახლებზე, სამლოცველოებზე, არქიტექტურულ კომპლექსებსა და გოლიათთა მიწისქვეშა სახლებზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი პუბლიკაციების შესახებ, საკუთარი მოსაზრებები საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებმა ზურაბ მახარაძემ, ირინე ღამბაშიძემ და გიორგი მინდიაშვილმა გამოთქვეს.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი