“ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” გამარჯვებულებს 14 დეკემბერს დააჯილდოვებენ

პროექტი მიზნად ისახავს ახალ თაობაში ცნობიერების ამაღლებას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე.

თბილისის მწერალთა სახლში 14 დეკემბერს, 17:00 საათზე, ლიტერატურული კონკურსის – “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” – გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები თავიანთი ლიტერატურული ტექსტების კრებულს – “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე. 13 ამბავი”, წარადგენენ.

“ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალ თაობაში ცნობიერების ამაღლებას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა ნამუშევრებიდან ჟიურის წევრებმა საუკეთესო ათეული შეარჩიეს, რომელთაც მომდევნო ეტაპზე იმპროვიზებულ ტურში მიიღეს მონაწილეობა და ჟიურის მიერ შეთავაზებული თემების მიხედვით, ახალი ტექსტები შექმნეს. კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრის, გიორგი კაკაბაძის თქმით, კრებულში წარმოდგენილ ტექსტებში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ ომი ადამიანის ცხოვრებას როგორ ცვლის და მას სამუდამო სულიერ, თუ ფიზიკურ ტრავმას აყენებს.

“კრებულში თავმოყრილი ტექსტები იმდენად ომის საშინელებებზე არაა დაწერილი, რამდენადაც იმაზე, თუ როგორ შეუძლია ომს ადამიანის შეცვლა, მისი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი დასახიჩრება, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდა და სათუთი სულისა. მომავლის მწერლებს სჯერათ, რომ გამარჯვებას სისხლის ღვრითა და ტერიტორიების დაბრუნებით კი არა, უპირველესად, აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან დაახლოებით და ურთიერთნდობის აღდგენით მოვიპოვებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით, როდის დათმობს რუსეთი ჩვენს (და არა მხოლოდ) ოკუპირებულ ტერიტორიებს, ის მაინც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ როგორები დავბრუნდებით აფხაზეთში’’, – ამბობს მწერალი გიორგი კაკაბაძე.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” ქართველი მწერლის, ირაკლი შამათავას ლიტერატურული კრებულის “ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე” ინსპირაციაა, რომელშიც აფხაზეთის თემაზე თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებია გაერთიანებული.

თაკო ბოკუჩავა


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი