როგორ გადაურჩა გალაკტიონის საფლავი გახსნას – ღარიბ პოეტს მეფური ნივთი ჩაატანეს
მწერალთა სასახლიდან გალაკტიონის გამოსვენებამდე ცოტა ხნით ადრე შეამჩნიეს, რომ მას ძველი, ლანჩაგახვრეტილი ფეხსაცმელი ეცვა. საბავშვო პოეტმა – კუკური გოგიაშვილმა აიღო შავი ხავერდის ნაჭერი და ფეხებზე შემოახვია.
დაუჯერებელი ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც გალაკტიონი მთაწმინდის მიწას მიაბარეს. აღმოჩნდა, რომ ხავერდის ნაჭერი, რომელიც მიცვალებულს საფლავში ჩაატანეს, ოპერის თეატრიდან ნათხოვარი ფარდა იყო. ოპერის ხელმძღვანელობა დაჟინებით მოითხოვდა პრაღაში ვალუტაზე ნაყიდი ფარდის დაბრუნებას. საქმეში „კგბ“ ჩაერია და ლამის საფლავის გათხრა დააპირეს. სამარე ხელყოფას მხოლოდ მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარის – ირაკლი აბაშიძის თავგამოდებით გადაურჩა, რომელმაც საქმეში რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფალი ჩართო. (წყარო:”გალაკტიონი. 200 ამბავი”)
გალაკტიონის ბიოგრაფიის მკვლევარი, პოეტი ვახტანგ ჯავახაძე თავის წიგნში გალაკტიონის გარდაცვალებას შემდეგნაირად აღწერს:
“ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ნომერი ხუთი – აქ, ელიტური სამკურნალო კომბინატის ეზოში, პირველი კორპუსის მეორე სართულზე ასასვლელი კიბისა და ძირითადი კედლის კუთხეში, 1959 წლის 17 მარტს, ჩვიდმეტ საათსა და ორმოცდაათ წუთზე, დაეცა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც იქვე გარდაიცვალა ისე, რომ წვეთი სისხლი არ დაუღვრია და მიწაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია”.
პოეტის თქმით, მერე რა, რომ გალაკტიონი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, ის მოკლა გულცივობამ, უყურადღებობამ და შეურაცხყოფამ.
„ჩემს თვალწინ სდგას საშინელი სიღარიბე, ვინაიდან მისპობენ საარსებო წყაროებს.. საშინელებაა, როცა ადამიანი “წელებზე ფეხს იდგამს”. საზიზღრობაა, როცა ადამიანი თავს ვერ აღწევს ბორკილებს, რომელსაც ადებს სიღარიბე. მიწასთან გასწორებაა, როდესაც ადამიანი ერთსა და იმავე ძონძებში დადიხარ წლობით, როცა ნატრობ სუფთა პერანგს – ვინაიდან საშუალება არა გაქვს, დაიქირავო მრეცხავი, როცა ჰკარგავ თავმოყვარეობას, ან როცა ემალები ხალხს, მის მაგიერ რომ თავისუფლად და დამოუკიდებლად იარო ხალხში, და ეს აჩრდილი სიღარიბისა – ეხლა უკვე აჩრდილი კი არა, რეალური სახეა ჩემთვის. მე ბუნებით არა ვარ შურიანი და ბოროტი ადამიანი, მაგრამ სიღარიბეს შეუძლია ასეთად გამხადოს. საზოგადოება ვერ ითმენს ადამიანს, რომელიც მას არა ჰგავს. საზოგადოება ყოველ ძალასა და ღონეს ხარჯავს, რათა ადამიანი ძირს დაანარცხოს მაღალ საფეხურიდან, ან, ყოველ შემთხვევაში, უსახო კაცად გახადოს – ადამიანი – ადამიანური სახის მქონე. ამიტომ საჭიროა ბრძოლა. ბრძოლა არსებობისათვის!”, – წერდა პოეტი გალაკტიონ ტაბიძე.