რა ხდება სასახლის კარს მიღმა – ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ქალთა უფლებები ირღვევა(?)

 Netflix-მა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყოფილი წევრების – პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ, დოკუმენტური ფილმი “ჰარი და მეგანი”, 8 დეკემბერს გამოუშვა. წყვილმა სამეფო ოჯახი 2020 წელს დატოვა.

ფილმში ჰარი და მეგანი დაუფარავად საუბრობენ, თუ რა ხდება ბუკინგემის სასახლეში. კადრები, პრინც ჰარისა და მეგანის შავ-თეთრ და ბედნიერ, აქამდე უცნობ ფოტოებს, სამეფო ოჯახის პრობლემებს, ტირილისა და ბრაზის სცენებს ასახავს.

“არავინ იცის, რა ხდება დახურულ კარს მიღმა, მე ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ჩემი ოჯახის დასაცავად“, – ამბობს ფილმში პრინცი ჰარი.

ის მწვავედ აკრიტიკებს თავისივე ოჯახს და სასახლეში გამეფებულ უსამართლობას “ბინძურ თამაშებს” უწოდებს. ფილმში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი საუბრობს იმ ქალების ტანჯვასა და ტკივილზე, რომლებიც ქორწინების შემდეგ სამეფო ოჯახში აღმოჩდნენ.

სერიალის ტრეილერის ნახვის შემდეგ, მედიამ პარალელები სასექსის ჰერცოგ ჰარის დედას, პრინცესა დაიანასა და მეგან მარკლს შორის გაავლო.

ფილმმა მონარქიულ დიდ ბრიტანეთში საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მეტიც, კონსერვატიული პარტიის დეპუტატი ბობ სილი, პარლამენტში, სასექსის ჰერცოგინია და ჰერცოგისთვის სამეფო ტიტულის ჩამორთმევის კანონპროექტის მომზადებას გეგმავს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მეგანმა და ჰარიმ შეურაცხყოფა არა მხოლოდ სამეფო ოჯახს, არამედ გაერთიანებულ სამეფოს მიაყენეს.

“ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ისინი საკუთარ ოჯახს შეურაცხყოფენ. ასევე თავს ესხმიან ქვეყნის მნიშვნელოვან ინსტიტუტებს. რატომ აგრძელებს ჰარი სამეფო ოჯახის ტიტულის გამოყენებას?”- აღნიშნავს ბობ სილი. 

 

ინგა ფუტკარაძე