“ეს შადრევანი ძეგლია, არ შეიძლებოდა მისი საჭყუმპალაოდ გახსნა”- ირაკლი ჟვანია

მოქანდაკე ირაკლი ჟვანია 13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალური ქსელით ეხმაურება და რამდენიმე საყურადღებო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, შარდევანში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაუშვებელი იყო ბავშვების საბანაოდ ჩაშვება. შადრევანს ისტორიულად გარშემო ჰქონდა მოაჯირი, რომელიც არ იყო მაღალი, მაგრამ შადრევანი არასდროს ყოფილა ბავშვების საჭყუმპალაო ადგილი. იქ სადაც ძლიერი ჭავლები მუშაობს დიდი წნევით ბავშვების ყოფნა არ შეიძლება, ჭავლიდან გამოტყორცნილმა წყალმა შესაძლოა ბავშვი დააზიანოს.

“მოაჯირის მოხსნამ და სისტემის მიერ ავარიულმა არ გათიშვამ გამოიწვია ის ტრაგედია, რაც გუშინ მოხდა”, – წერს ირაკლი ჟვანია.

“გუშინდელი ტრაგედიის გამო ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი “მოღვაწეობის” ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი. ვეცდები ავხსნა.


1. ამ შადრევანს ისტორიულად გარშემო ჰქონდა მოაჯირი, რომელიც ყველას გვახსოვს ჩვენი ბავშვობიდან. ეს მოაჯირი არ იყო მაღალი, მაგრამ მის გამო ეს შადრევანი არასდროს არ იყო მასიურად ბავშვების საჭყუმპალაო ადგილი, და სწორადაც. რატომ: იმიტომ, რომ დენს რომ თავი დავანებოთ, იქ სადაც ძლიერი ჭავლები მუშაობს დიდი წნევით ბავშვების ყოფნა არ შეიძლება, ჭავლიდან გამოტყორცნილმა წყალმა შეიძლება დააზიანოს ბავშვის თვალები და სახე. მეორე: მცირეწლოვანი ბავშვის გაქცევის და წყალში ჩავარდნის შემთხვევაში შეიძლება ვერ მოესწროს ადეკვატური მოქმედება მშობელისგან და მოხდეს ტრაგედია დენის გარეშეც.

ეს მოაჯირი უნდა ყოფილიყო იქ, სადაც ის ისტორიულად არსებობდა. სხვათაშორის, ეს პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ვიზუალის შეცვლაც არ შეიძლებოდა, მათ შორის არც ამ ისტორიული მოაჯირისა. მაგდენი კი უნდა ესმოდეთ.

რეზუმე: შადრევნის გარშემო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა დამცავი მოაჯირის მოხსნა და შადრევნის საჭყუმპალაოდ გახსნა, რაც მერიამ გააკეთა. ( ჩვენს მიერ ამ შადრევნის მოვლა-პატრონობის პერიოდში, 2014-15წწ გამორიცხული იყო ბავშვები ჩაგვეშვა ჩართულ შადრევანში).

2. შადრევანში ტექ.მოწყობილობა სამ ნაწილად იყოფა: ტუმბოები, განათება და წყლის კოლექტორები. განათება, როგორც წესი, კეთდება 12 ან 24 ვოლტის სიმძლავრის, რაც გამორიცხავს სანათიდან დენის დარტყმას ბავშვზე. კოლექტორებში დენი საერთოდ არ გადის, მხოლოდ წყალი. რაც შეეხება ტუმბოებს: არსებობს ზედაპირული ანუ მშრალი ტუმბოები ( 5 ასეთი დავაყენეთ ჩვენ 2014 წელს ამ შადრევნის გვერდზე მიწის ქვეშ ოთახში), არსებობს ჩაძირული ტუმბოები ( ასეთები დავაყენეთ საბავშვო შადრევანში შუა მცირე კასკადში 2014 წელს). მშრალი ტუმბოები ყენდება შადრევნის გარეთ, ჩაძირული კეთდება ხოლმე შადრევანში წყალში. ორივე შემთხვევაში აუცილებლად კეთდება დამიწება. ასევე ჩაძირული ტუმბოების შემთხვევაში მართვის პულტზე გათვალისწიბებული უნდა იყოს მთელი რიგი დაცვები: ფაზური დაცვა, სითბური დაცვა და რაც მთავარია ე.წ. გაჟონვის რელეთი დაცვა. ეს ნიშნავს შემდეგს: თუკი სადმე წყალი მოხვდა დენის სადენებს და დენი გადავიდა წყალზე, ამ რელემ ავტომატურად უნდა გათიშოს ტუმბოს ჩამრთველი ავტომატი რომ ადამიანს დენმა არ დაარტყას.

რა მოხდა გუშინ, ამას იმედია, ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ ერთის თქმა შეიძლება: სისტემა იყო გაკეთებული უხარისხოდ და ავტომატიკამ არ გათიშა წყალზე გადასული დენის წყარო.

გამკეთებელმა გააკეთა, ექსპერტიზამ “შეამოწმა”, შემდეგ შადრევანი გადააბარეს შპს “ეკოსერვისს” რომელიც ამუშავებს თბილისის შადრევნებს, ამ უკანასკნელმა არ შეამოწმა სისტემა სათანადოდ და ისე ამუშავა. საბოლოოდ კი მოაჯირის მოხსნამ და სისტემის მიერ ავარიულმა არ გათიშვამ გამოიწვია ის ტრაგედია, რაც გუშინ მოხდა.

რომ არ ყოფილიყო ის ვაჟკაცი კაცი დევი მეზურნიშვილი, შეიძლება ის ორი ბავშვიც დაღუპულიყო…

ვისი ბრალია? ამას დიდი გამოძიება არ სჭირდება. ვინც ასეთი სისტემა ააწყო, ექსპერტიზამ რომელმაც “შეამოწმა” და აქტიც შეადგინა, შემდეგ ვინც ჩაიბარა და ექსპლუატაციას უწევდა,  სამივე მხარის ერთობლივი “მოღვაწეობის” ბრალია. და რასაკვირველია იმ მერიის, რომელსაც ეგეთი ინჟინრები, ექსპერტები და მომვლელები ყავს, 21 საუკუნეში წყალზე დენის არ გადასვლა რომ ვერ მოუგვარებიათ შუა ქალაქში….”, – წერს მოქანდაკე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ირაკლი ჟვანიამ, ჩვენი მცდელობის მიუხედავად არ ისურვა ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი და განაცხადა, რომ საკუთარ მოსაზრებას საზოგადოებას სოციალური ქსელით, სპეციალურად ჩაწერილი ვიდეომიმართვის საშუალებით გააცნობს.

აღსანიშნავია, რომ 13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკში მდებარე შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. პარკის მებაღემ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად წყლიდან 2 ბავშვის ამოყვანა შეძლო, ერთი კი, 13 წლის გოგონა, დაიღუპა.


13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული სასწრაფოს ექიმების მემორიალი გაიხსნა

პოდკასტი