“მეც და ბევრს გვიყვარს ეს ახალგაზრდები” – სანდრო ბრეგაძემ სპექტაკლს “ლიბერალების პროვოკაცია” უწოდა

“სამეფო უბნის თეატრის” დასის მიერ წარდგენილი სპექტაკლი “დემონები” არა ერთხელ გახდა გაკიცხვის საგანი.

მსახიობები – კახა კინწურაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომელშიც “სამეფო უბნის თეატრის” სპექტაკლ “დემონებიდან” კადრია გადაღებული, სადაც ცნობილი ახალგაზრდა მსახიობები, კახა კინწურაშვილი და თორნიკე გოგრიჭიანი ერთმანეთს კოცნიან. სცენაზე გადაღებული სურათი სოციალურ ქსელებს ვირუსივით მოედო და საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

სპექტაკლი შვედი დრამატურგის, ლარს ნურენის პიესის მიხედვით, რეჟისორმა მიხეილ ჩარკვიანმა, რამდენიმე წლის წინ დადგა.

ამ ფაქტს “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან სპექტაკლს “ლიბერალების პროვოკაცია” უწოდა, ხოლო მსახიობებს – ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთა მიმართ ლანძღვას არასწორად მიიჩნევს.

პოლიტიკოსი, კახა კინწურაშვილსა და თორნიკე გოგრიჭიანს, ამ სცენის გამო, საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

“მართლა ნიჭიერ ქართველებად მიმაჩნია ეს ახალგაზრდები და ამიტომ ვფიქრობ, რომ მსახიობებმა – თორნიკე გოგრიჭიანმა და კახა კინწურაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართულ საზოგადოებას. მეც და უამრავ ქართველს გვიყვარს ეს ახალგაზრდები, მათი განსახიერებული როლები და ვფიქრობ რომ მათი ლანძღვა-გინება არ იქნება მართებული. ალბათ, ეს იყო ლიბერალების პროვოკაცია, შეცდომა, გაუთვლელი ნაბიჯი”, – წერს სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა, არ არის სირცხვილი – პირიქით ვაჟკაცური საქციელია.

“ამიტომ ქრისტესმიერი სიყვარულით ვთხოვ მათ, რომ აღიარონ შეცდომა და ამით ჩააცხრონ ის სამართლიანი გულისწყრომა, რომელიც ქართველთა უმრავლესობას გაუჩნდა”, – წერს “ქართული მარშის” ლიდერი.

აღსანიშნავია, რომ “სამეფო უბნის თეატრის” დასის მიერ წარდგენილი “დემონები” არა ერთხელ გახდა გაკიცხვის საგანი. 2018 წელს ამ სპექტაკლით დაიხურა გორში საერთაშორისო კომედიური თეატრალური ფესტივალი. მაშინ დარბაზი ათეულობით ადამიანმა დატოვა. ამის მიზეზი, მათი შეფასებით, უხამსი სიტყვები და კულტურული საზოგადოებისთვის შეუფერებელი მოქმედებების ჩვენება გახდა.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი