კოტე მარჯანიშვილის ფილმების ჩვენება ეროვნულ არქივში
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი, კინოჩვენებებზე დასწრების საშუალებას, ნებისმიერ მსურველს თავისუფლად აძლევს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 16,17 და 18 დეკემბერს, რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის მხატვრულ ფილმებს უმასპინძლებს.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს ლეგენდარული რეჟისორის არაერთი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. ,,სამანიშვილის დედინაცვალი“(1926), ,,ამოკი“ (1927), ,,კომუნარის ჩიბუხი“(1929), ,,გოგი რატიანი“ (1927), ,,კრაზანა“ (1928), ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომლის ხილვასაც მაყურებელი ამ სამი დღის განმავლობაში შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ კოტე მარჯანიშვილის ფილმების ჩვენება 1920-30-იანი წლების ქართული ფილმების რეტროსპექტივის ნაწილია.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი, კინოჩვენებებზე დასწრების საშუალებას, ნებისმიერ მსურველს თავისუფლად აძლევს.
კოტე მარჯანიშვილის ამ შესანიშნავი ნამუშევრების შესახებ, ვეცდები მოკლედ გიამბოთ. დავიწყოთ ,,სამანიშვილის დედინაცვლით“, რომელიც კოტე მარჯანიშვილმა 1926 წელს, ზესტაფონში გადაიღო. მოთხრობა XIX საუკუნის საქართველოს ასახავს. ფილმის სცენარი ბეკინა სამანიშვილის ოჯახში ვითარდება, რომელსაც ერთი შვილი, პლატონი ჰყავს და ცოლის მოყვანას, სიბერეში გადაწყვეტს. პლატონს ცოლი, მელანო ჰყავს და არ უნდა, რომ მამამ ცოლი მოიყვანოს და ქონების ,,გამყოფი“ გაუჩნდეს, რადგან ეკონომიური მხრივ, იმდროინდელ საქართველოში, კერძოდ იმერეთში, სავალალო მდგომარეობა იყო. ფილმის სცენარი, მთლიანად დავით კლდიაშვილის ამ სახელწოდების მოთხრობაზეა დაფუძნებული, რომელსაც იმ დროში, მაყურებელი საკმაოდ გულგრილად შეხვდა, პრესა კი, ფილმის გამოსვლას საერთოდ არ გამოხმაურებია. ცნობილია, რომ მარჯანიშვილს ფილმის საბოლოო ვარიანტი არ მოსწონდა და „სახკინმრეწვს“ სთხოვდა, ფილმი არ გაეშვათ.
მხატვრული ფილმი „გოგი რატიანი“, პირველი ქართული საბავშვო ნამუშევარია, რომელიც 1927 წელს, კოტე მარჯანიშვილის მიერაა გადაღებული. ფილმში ორი მეგობრის ამბავია აღწერილი. მასში ორი ეპოქის ამბავია მოთხრობილი, მენშევიკების დრო და საბჭოთა საქართველო. ფილმი პიონერის ყელსახვევიანი ბავშვების სიცილით სრულდება. კადრებში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული გორი ჩანს, ასევე, თბილისის ქუჩები 20-იან წლებში და საპირველმაისო დემონსტრაცია რუსთაველის გამზირზე. ფილმში შეხვდებით ალექსანდრე წუწუნავას, ტიციან ტაბიძეს, კოტე ფოცხვერაშვილსა და დიმიტრი შევარდნაძეს. ამ ფილმის გადაღების იდეა, კოტე მარჯანიშვილს ჩარლი ჩაპლინის „ბიჭუნამ“ შთააგონა. რეჟისორს ისე მოეწონა პატარა სვანი ბიჭუნა, რომ ფილმსაც მისი სახელი დაარქვა.
რაც შეეხება ,,ამოკს“, ფილმი გმირთა ფსიქოლოგიურ კონფლიქტზე მოგვითხრობს, რის გვერდითაც კარგად ჩანს უცხოეთის კაპიტალის ბრჭყალებში მოქცეული მალაელი ღატაკების სასოწარკვეთილი მდგომარეობა. სცენარის მიხედვით, ინგლისის კოლონიაში გადმოხვეწილ ექიმს, დახმარებისათვის მაღალი საზოგადოების მანდილოსანი მიმართვას. ექიმი კი, მისგან საზღაურად სიყვარულს მოითხოვს. შეურაცხყოფილი ქალი, თავად ცდილობს არასასურველი ნაყოფის მოცილებას. ექიმს სინდისი სტანჯავს და მომაკვდავ ქალს ჰპირდება, რომ მისი საიდუმლო, სამუდამოდ შეინახოს.
კოტე მარჯანიშვილის კიდევ ერთი ნამუშევარი, ფილმი ,,კრაზანა“ 1928 წელს, ეტელ ლილიან ვოინიჩის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. რომლის მთავარ როლებშიც ისეთ მსახიობებს შეხვდებით, როგორებიც იყვნენ: ნატო ვაჩნაძე, ილიკო მერაბიშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი და ვიქტორ ჭანკვეტაძე. ფილმის სცენარი მე-19 საუკუნის 30-იანი წლების იტალიის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის მთავარი პერსონაჟი კი, არტურია, რომლის ირგვლივაც ვითარდება სცენარი.
,,კომუნარის ჩიბუხი“ ილია ერენბურგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, 1929 წელსაა გადაღებული. იგი 1870-71 წლებში, პარიზის სოციალურ და პოლიტიკურ სურათს ასახავს. პრუსიელებთან ომში დამარცხების შემდეგ, პარიზში შიმშილმა და კომუნარების აჯანყებამ იფეთქა. მუშებმა თავიანთი დროებითი მმართველობა გამოაცხადეს. ამ პერიოდში, კალატოზ ლუი რუს ცოლმა, გაჭირვებას ვეღარ გაუძლო, შვილი ქმარს შეატოვა და ყასაბთან ერთად, ვერსალში გაიქცა. პატარა ჟიული ქუჩაში დარჩა. ლუი ბარიკადებზე იღუპება. დამარცხებული კომუნარები კი, დახვრიტეს, რომელთა შორის ლუის პატარა ვაჟიც იყო.
სალომე ხომასურიძე