ილიას თხზულებათა პირველი ილუსტრატორი საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა

ჰენრიკ ჰრინევსკიმ შუასაუკუნეების საქართველოს არქიტექტურის შესწავლაში, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა.

ჰენრიკ ჰრინევსკი

85 წლის წინ, სწორედ 15 დეკემბერს, პოლონელ-ქართველი მხატვარი, არქიტექტორი, ილია ჭავჭავაძის თხზულებების პირველი ილუსტრატორი, ქართული ხუროთმოძღვრების მკვლევარი და თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი – ჰენრიკ ჰრინევსკი დააპატიმრეს.

ჰენრიკი 1869 წლის 22 ნოემბერს ქუთაისში, გადასახლებული პოლონელის ოჯახში დაიბადა. მამის სიკვდილის შემდეგ, დედასთან ერთად იტალიაში გაემგზავრა. ფლორენციაში ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა და სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა.

თუმცა, 1889 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად, ქუთაისში დაბრუნება მოუწია. მოგვიანებით, ჰრინევსკიმ სწავლა კარლსრუეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე გააგრძელა, რის შემდეგაც იტალიაში დაბრუნდა, სადაც სამხედრო განათლების კურსი დაამთავრა.

1898 წელს კი, ის საქართველოში დაბრუნდა და თბილისში ცხოვრობდა. მან შუასაუკუნეების საქართველოს არქიტექტურის შესწავლაში, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა. იგი აკვარელების ციკლ „საქართველოს ძველი არქიტექტურის“, კლასიკურ ორნამენტსა და არქიტექტურული ნაგებობების გაფორმებაში, ფერების გამოყენების ნაშრომების ავტორია.

1912 წელს, სპეციალურმა კომისიამ, ივანე ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით, ჰრინევსკის საქართველოს ლიტერატურის კლასიკოსის, ილია ჭავჭავაძის, მოთხრობებზე ილუსტრაციების შექმნა დაავალა. წიგნი 1914 წელს გამოვიდა, რაც საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა იყო. ჰენრიკი 1902 წლიდან კავკასიის სახვითი ხელოვნების ხელშეწყობის საზოგადოების სამხატვრო სასწავლებელში ასწავლიდა, 1918-1921 წლებში კი, ამ სასწავლებლის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

ჰენრიკი თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო და 1922-1937 წლებში, აკადემიაში ასწავლიდა კიდეც. ის, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში მცხოვრები ბევრი პოლონელი, ეთნიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი გახდა. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, კუთვნილების მიხედვით, რეპრესიების სამიზნე გახდნენ.

მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ,,პოლონური ოპერაცია“ იყო, რომელსაც საფუძვლად, სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1937 წლის 11 აგვისტოს ბრძანება დაედო, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, პოლონური აგენტურული ქსელის ჯაშუშების განადგურების შესახებ. 111091 ადამიანს დახვრეტა მიუსაჯეს, მათ შორის, პოლონელ მხატვარ ჰენრიკსაც, რომელსაც ბრალი 20 წლის განმავლობაში 3 უცხო ქვეყნის დაზვერვის ჯაშუშობაში ედებოდა. ის 1938 წელს, რეპრესიის მსხვერპლი გახდა.

ასევე, ცნობილი ფაქტია, რომ მისი იტალიელი მეუღლე ჯერ გადაასახლეს, 1938 წლის 4 მარტს კი, დახვრიტეს.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი