“მისი ლექსები რელიგიურ ჰიმნს ჰგავს” – 15 დეკემბერს ანა კალანდაძე დაიბადა

ანას ლექსებით, არაერთი ცნობილი ადამიანი აღფრთოვანებულა. ბევრიც ებრძოდა პოეტს, თუმცა, მისმა კალამმა მაინც ყველა წინაღობას გაუძლო და საბოლოოდ, დარჩა უდიდესი სინატიფითა და ხელოვნების უმაღლესი შტრიხებით შექმნილი, ანა კალანდაძის პოეზია.

ანა კალანდაძე

დღეს, უდიდესი პოეტური ნიჭით დაჯილდოებული ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის დაბადების დღეა. ანა კალანდაძე 1924 წლის 15 დეკემბერს, ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავში, გლეხის, პავლე კალანდაძის ოჯახში დაიბადა. მას მშობლებმა ანა გარდაცვლილი ბებიის სახელის უკვდავსაყოფად დაარქვეს.

პოეტი საკუთარ ბავშვობას, ასე იხენებდა: „ძალიან ცელქი ვიყავი, ზარი დაირეკებოდა თუ არა, პირველი მე გავვარდებოდი კლასიდან. ბავშვებს ძალიან გვიყვარდა ბაგრატის ნანგრევებზე ასვლა, საიდანაც გადმოვხედავდით გელათს, რაც ჩვენი დროსტარებაც იყო და სიხარულიც…“

სკოლა, 1941 წელს, ქუთაისში დაამთავრა. 1941 წელს კი, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს დაამთავრა. ქართული პოეზიის ,,დედოფალმა“ ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო. პირველი ლექსი, სწორედ 11 წლისას, ხიდისთავში დაუწერია, სადაც ნათესავებთან ერთად ისვენებდა.

როგორც ცნობილია, თბილისიდან ჩამოსულმა მამიდამ, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ბავშვები ოდის წინ, მინდორში შეკრიბა და სხვადასხვა ამბებს უყვებოდა. მთვარის ამოსვლის შემდეგ კი, მათი ყურადღება თვალწინ გადაშლილ ულამაზეს პეიზაჟს მიაპყრო და დავალებად, ლექსების დაწერა შესთავაზა.

ამ ფაქტს, ანა კალანდაძე ასე იხსენებდა: „ყველას არხეინად ეძინა, მე კი, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს და ლექსი „ბადრი მთვარე“ დავწერე. დილით, მამიდამ ოჯახი შეკრიბა და საჯაროდ წაიკითხა. შემაქეს და ეს განსაკუთრებით მეამა, იმიტომ, რომ მამიდის მოსაწონი აღმოჩნდა. მას არაფერი შეუსწორებია. მამიდას რომ ეთქვა, არ ვარგაო, ალბათ, აღარასოდეს აღარ დავწერდი…“

როგორც აღმოჩნდა, პოეზიის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძის მოტივატორი, მისი მამიდა, ფოცია იყო. აღსანიშნავია, რომ პოეტის საყვარელი, მშობლიური გურია და სოფელი ხიდისთავი, შემდეგაც არაერთხელ გამხდარა ანა კალანდაძის შთაგონების წყარო. მისი ნაშრომები პირველად, 1946 წელს, გაზეთ ,,ლიტერატურა და ხელოვნებასა“ და ჟურნალ ,,მნათობში“ გამოქვეყნდა. ლექსების პირველი კრებული მან 1953 წელს გამოსცა.

პოეტი საბჭოთა პერიოდში, ,,საპატიო ნიშნის“ ორი და ღირსების ორდენებით იყო დაჯილდოებული. მას 1983 წელს, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა. 1985 წელს კი, ციკლისათვის ,,თავაწეული ქართული დროშები“, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიიღო. იმავე წელს, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. 2006 წელს, ანა კალანდაძემ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის, ლიტერატურული პრემია ,,საბა“ მიიღო. ანა კალანდაძის პოეტური სტილი, სისადავითა და ჰარმონიულობით გამოირჩევა.

ცნობილია, რომ პოეტის ნამუშევრებმა, ორიგინალურობითა და ოსტატური წყობით, თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს. მისი ლექსები, ძირითადად, მშვიდობიანი ცხოვრების დასაწყისზე, ბუნების შეცნობასა და განცდებზე, ისტორიასა და თანამედროვეობაზე, პატრიოტიზმსა და ენით აღუწერელ გრძნობა – სიყვარულზე გვიამბობს. კალანდაძის კალამი, პოეტური აზროვნების უმაღლესი კულტურის მატარებელი იყო და სწორედ ასეთად დარჩა ანას სახელიც.

პოეტი 2008 წლის 11 მარტს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ნეშტი კი, მთაწმინდის მიწას მიაბარეს, რომელიც ძალიან უყვარდა.

ანას ლექსებით, არაერთი ცნობილი ადამიანი აღფრთოვანებულა. ბევრიც ებრძოდა პოეტს, თუმცა, მისმა კალამმა მაინც ყველა წინაღობას გაუძლო და საბოლოოდ, დარჩა უდიდესი სინატიფითა და ხელოვნების უმაღლესი შტრიხებით შექმნილი, ანა კალანდაძის პოეზია.

22 წლის ანას ლექსებით აღფრთოვანებული გერონტი ქიქოძე წერდა: „ვაჟა-ფშაველას შემდეგ პირველი დიდი პოეტი მოგვევლინა. მას მეტად ორიგინალური რელიგიური მსოფლშეგრძნება აქვს. სრულიად ახალი პოეტური მეტყველება. მისი შთაგონების წყაროებს ქართლის ცხოვრება, ბიბლია, დავით გურამიშვილი, გურიის ფოლკლორი წარმოადგენს. გასაოცარია ეროტიული მოტივების უქონლობა, მისი ლექსები უფრო რელიგიურ ჰიმნებს ჰგავს, ვიდრე პირად ლირიკულ აღსარებას“.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი