“ხალხისთვის თვალებში ჩახედვის, არასდროს შეგრცხვებათ” – ტიციან ტაბიძე საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი

სამწუხაროდ, ქართული პოეზიის ბუმბერაზი მწერლის საფლავი, საბჭოთა ხელისუფლების წყალობით, არ არსებობს.

ტიციან ტაბიძე

,,მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს“.

85 წლის წინ, უფრო ზუსტად კი, 1937 წლის 16 დეკემბერს, ქართველი სიმბოლისტი პოეტი, ტიციან ტაბიძე, ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დახვრიტეს. სამწუხაროდ, ის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

,,მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან“.

ტიციანი 1895 წლის 2 აპრილს, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში, მღვდლის, იუსტინიანე ტაბიძისა და ელისაბედ ფხაკაძის ოჯახში დაიბადა.

,,მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა-კითხვა. ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს“, – წერდა ტიციანი თავის ავტობიოგრაფიაში.

პოეტმა განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, სადაც 1901-1905 წლებში, საკუთარ ბიძაშვილთან, ასევე გენიალურ ქართველ პოეტთან, გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად სწავლობდა. გალაკტიონისა და ტიციანის თანაკლასელობის შესახებ, ერთი სასაცილო და ამავდროულად, სამწუხარო ფაქტის შესახებ გიამბობთ: ტიციანი, თურმე, გალაკტიონს ერთი კლასით ჩამორჩებოდა. 1902-1903 სასწავლო წელს, გალაკტიონს არითმეტიკაში არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიუღია და საშემოდგომო გამოცდა გამოუყოლებიათ, მაგრამ როგორც ჩანს, პოეტს საგნის სასურველი ცოდნა, ვერც გამოცდაზე უჩვენებია და იმავე კლასში დაუტოვებიათ. ტიციანმა კი, რომელიც თავის ბიძაშვილს მხოლოდ ერთი კლასით ჩამორჩებოდა, გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მომდევნო ჯგუფში გადასასვლელი ,,ბილეთიც“ მიიღო. ასე რომ, 1903-1906 წლებში ტიციანი და გალაკტიონი თანაკლასელები გახდნენ და სწავლაც ერთად გააგრძელეს.

აღსანიშნავია, რომ ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.

,,ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდე“, – იგონებს პოეტი.

1911 წლიდან უკვე მისი ნოველები, პროზაული მინიატურები, ჩანახატები, ესკიზები და ლექსები „კოლხიდაში“, „სახალხო გაზეთში“, „ერში“, „თეატრი და ცხოვრებაში“ იბეჭდებოდა. მწერალმა, მოგვიანებით სწავლა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში გააგრძელა. 1913 წელს კი, ტიციანმა მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

აღსანიშნავია, რომ ტიციანი სტუდენტობის წლებში, საკმაოდ აქტიური ცხოვრებით გამოირჩეოდა, როგორც საზოგადოებრივი, ისე შემოქმედებითი კუთხით. 1917 წელს, მოსკოვის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ტიციანი ცოტა ხნით თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა, სადაც მისი საქმიანობის პერიოდში, ბევრი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც იმდროინდელ რთულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებზე საუბრობდა. მწერალი ამავე წლის ნოემბრიდან, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი გახლდათ.

ტიციანი ფრანგულ და რუსულ ენებზე თარგმნიდა. მის ნამუშევრებს შორისაა: პუშკინის, ბუნინის, მაიაკოვსკის, არაგონისა და სხვა ბუმბერაზი მწერლების ნაშრომები. ტიციანის ლექსები ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზეა თარგმნილი.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ გენიალური ტიციან ტაბიძე, სტუდენტობის წლებში, ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამ სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში, აქტიურად მონაწილეობდა.

,,ცისფერყანწელები”

აღსანიშნავია, რომ სტუდენტობაშივე გაზეთ ,,ბარიკადს“ რედაქტორობდა. „ცისფერყანწელთა“ თავშეყრის ადგილი, თბილისში, კაფე „ქიმერიონი“ გახლდათ, სადაც თითქმის ყოველ საღამოს, პოეტურ საღამოებს მართავდნენ. ერთ-ერთ ასეთ საღამოს კი, საზოგადოებამ ნინა მაყაშვილი, პოეტის მომავალი მეუღლე გაიცნო.

„ერთხელ, კონსტანტინე გამსახურდიამ მიხაკების თაიგული მაჩუქა. ყვავილები შინ წავიღე. ერთი მიხაკი კი ჰალსტუხში გავირჭე და ქართულ ჩაიხანაში წავედი, სადაც თავს იყრიდა მთელი ტფილისის ინტელიგენცია. მაგიდას რომ ვუახლოვდებოდი, მარტა მაჩაბელმა, რომელიც ტიციან ტაბიძის გვერდით იჯდა, მიხაკი გამომტაცა. მინდოდა, მარტასთვის მიხაკი წამერთმია, მაგრამ ქალი გაჯიუტდა, მაშინ ტიციანმა ყვავილი თავისი საღილედან ამოაძრო და გამომიწოდა. ჯერ ვიუარე, ის-ის იყო, უნდა დამეტუქსა, მაგრამ სიტყვა პირზე შემატოვა: უარს ნუ მეტყვით. მე თქვენ გიცნობთ. ნინა მაყაშვილი ბრძანდებითო. მადლობა გადავუხადე. ყვავილი გამოვართვი და შინ დავბრუნდი. კონსტანტინე გამსახურდიაც უკან გამომყვა. გზაში გამომიტყდა: დილით შენთვის თაიგულს რომ ვყიდულობდი, თაიგულიდან ერთი მიხაკი ტიციანმა ამოიღო, გულზე დაიბნია და მითხრა: ამ ერთადერთ ყვავილს ვუბოძებ წითელ ქალიშვილს, მაგრამ მისთვის ეს თაიგულზე ძვირფასი იქნებაო. იმ დღიდან მე და ტიციანი ძალიან ხშირად ვხდებოდით ერთმანეთს“, – ამბავი ნინა ტაბიძის ტიციანისეული მოგონებებიდან.

მწერალი ნინაზე, 1920 წელს, დაქორწინდა. ნინა, პროფესიით ექიმი გახლდათ. წყვილს, ერთი ქალიშვილი ტანიტ (ნიტა) ტაბიძე ჰყავდა.

,,ღმერთს, პოეზიას, შენს სიყვარულს მე დავაფიცე: წამებულებზე ლოცულობდეს ტანიტ ტაბიძე!“

ნინა მაყაშვილი, ტიციან და ნიტა ტაბიძეები

ტიციან ტაბიძემ მწერალთა სახლში რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე უარი განაცხადა. 1937 წელს კი, საბჭოთა რეპრესიების დროს, ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიის თანახმად, გადასახლებამისჯილი პოეტი, ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს.

სამწუხაროდ, ქართული პოეზიის ბუმბერაზი მწერლის საფლავი, საბჭოთა ხელისუფლების წყალობით, არ არსებობს. ტიციანის სახელი 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო, ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალზეა დატანილი, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

“იცოდეთ ერთი რამ, ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხისთვის თვალში ჩახედვის არასდროს შეგრცხვებათ”, – ეს იყო ტიციანის ვაჟკაცური სულისკვეთებით გამსჭვალული სიტყვები, რომლითაც მწერალი მეუღლესა და შვილს დაემშვიდობა.

ტიციან ტაბიძე მეუღლესთან, ნინა მაყაშვილთან ერთად

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ტიციანის, ასე ვთქვათ, ბურუსით მოცული გარდაცვალების გამო, ნინა მაყაშვილი, უდიდესი სიყვარულით, 28 წლის განმავლობაში ელოდა საყვარელ მეუღლეს, რომელიც, სამწუხაროდ, აღარასოდეს დაბრუნებულა.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

 

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი