ავტომობილების გამონაბოლქვს სპეციალური ეკიპაჟი პირდაპირ ქუჩაში გააკონტროლებს

პირველი დაჯარიმებიდან, 30 დღის შემდეგ, პრობლემა თუ არ აღმოიფხვრება, მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება. 60 დღის შემდეგ კი, 600 ლარის ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე, საჯარიმო სანქციის შემოღება იგეგმება. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა კონტროლს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს. საწყის ეტაპზე, 10 ეკიპაჟის შექმნაა დაგეგმილი, რომელიც გზებზე გამონაბოლქვის კონტროლისთვის, აღჭურვილი სათანადო გამზომი აპარატურითა და შესაბამისი მოწყობილობებით იქნება.

იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა დადგენილ ნორმაზე მეტია, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.  პირველი დაჯარიმებიდან, 30 დღის შემდეგ, პრობლემა თუ არ აღმოიფხვრება, მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება. 60 დღის შემდეგ კი, 600 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების გათვალისწინებით, იურიდიული პირის, ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ, იმ სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1500 ლარით.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

“პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დასახლება შეირჩევა – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ა.შ, სადაც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის მეტი საჭიროება არსებობს და ამ დასახლებებში, ათი ეკიპაჟი განაწილდება”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გაზომვის შედეგებს არ ეთანხმება და ალტერნატიული გაზომვის ჩატარებას მოითხოვს, უფლებამოსილი იქნება, სატრანსპორტო საშუალება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის თანდასწრებით, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ინსპექტირების ცენტრში, სადაც სატრანსპორტო საშუალებას, კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდება.

პროექტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შედეგის (გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა რაოდენობის) მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება და ვალდებული იქნება, აღნიშნული პრობლემა, სახდელის შეფარდებიდან 30 დღეში აღმოფხვრას. ხოლო, ვადის გასვლის შემდეგ, ხარვეზის არ გამოსწორების შემთხვევაში, მძღოლი კვლავ დაჯარიმდება.

სალომე ხომასურიძე

ასევე წაიკითხეთ:

ავტომობილების გამონაბოლქვის ინსტრუმენტული მონიტორინგი იგეგმება


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი