“დაისი”, პროტესტი საბჭოთა ანექსიას – პირველი პრემიერიდან თითქმის საუკუნე გავიდა
“დაისი” თემატიკით, მუსიკალური ენითა და დრამატურგიით, სრულიად ახალი სიტყვაა საოპერო თეატრის სცენაზე.
1923 წლის 19 დეკემბერს, თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ოპერა “დაისის” პრემიერა გაიმართა. ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა “აბესალომ და ეთერის” პრემიერის შემდეგ, სრულიად განსხვავებული ოპერის შექმნა გადაწყვიტა. “დაისი” თემატიკით, მუსიკალური ენითა და დრამატურგიით, სრულიად ახალი სიტყვაა საოპერო თეატრის სცენაზე. მისი დამდგმელი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილია, მხატვარი კი, ვ. სიდამონ-ერისთავი. საბალეტო ნომრებზე ქორეოგრაფი მ. დისკოვსკი მუშაობდა და ცნობილია, რომ მას ილიკო სუხიშვილი ეხმარებოდა. ოპერას კომპოზიტორის ძმა, ივანე ფალიაშვილი დირიჟორობდა.
“დაისის” წარმატებულ პრემიერას, ლეგენდარულმა მომღერალმა ვანო სარაჯიშვილმა შეუწყო ხელი, რომელიც მალხაზის როლს ასრულებდა. ცნობილი ფაქტია, რომ სწორედ მალხაზის როლის შესრულების დროს გარდაიცვალა ვანო სარაჯიშვილი.
ზაქარია ფალიაშვილს “დაისის” შექმნის იდეა ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა, ვალერიან გუნიამ მიაწოდა, მანვე შექმნა აღნიშნული ოპერის სიუჟეტი და ლიბრეტოც. გუნიამ საკუთარ ნამუშევრებში, ისეთი ბუმბერაზი ქართველი მწერლების ლექსები გამოიყენა, როგორებიც არიან: შოთა რუსთაველი, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და ნიკოლოზ ბარათაშვილი. ახალ ნაწარმოებს “ორთა მიჯნური” ან “ღამის თევაზე” უნდა დარქმეოდა. თუმცა, გეგმები შეიცვალა და ოპერის დაწერის შემდეგ – “დაისი” გადაწყდა.
“დაისის” მთავარ გმირს სახელი, 1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული, მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია.
ოპერაზე მუშაობა კომპოზიტორმა 1921 წელს დაიწყო. თითქმის მთელი ნაწარმოები, სამი ზაფხულის განმავლობაში, აბასთუმანში დაწერა. შ. კაშმაძის ცნობით, 1921 წელს, აბასთუმნის კურორტის გამგე, ექიმი გრიგოლ ონისიმეს-ძე მეძმარიაშვილი იყო. იქვე, ერთ-ერთი სანატორიუმის უფროსად კი, სათავადაზნაურო გიმნაზიაში ზაქარიას ყოფილი მოწაფე, ექიმი ზაქარია ნიკოლოზის-ძე მაისურაძე მუშაობდა. ივნისში, ზაქარია ფალიაშვილი დასასვენებლად, ამ სანატორიუმს ესტუმრა. გ. მეძმარიაშვილმა და ზ. მაისურაძემ კი, მას ნამდვილი სამუშაო გარემო შეუქმნეს. ცალკე ოთახი დაუთმეს და სანატორიუმში ყოფნის ვადა, აგვისტოს ბოლომდე გაუგრძელეს.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, აბასთუმნის სანატორიუმში რამდენიმე როიალი იყო თავმოყრილი, თუმცა, ყველა უვარგისი. ზაქარია ფალიაშვილმა კი, მათგან ერთი მაინც ამოარჩია, სხვა როიალებიდან სიმები ამოიღო, თავის ხელით ააწყო და აამუშავა. ამ სამი თვის განმავლობაში კი, სწორედ ამ სივრცეში “დაისის” მეორე აქტი დაწერა. როგორც ცნობილია, ზაქარია დილიდან დღის ორ საათამდე, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა, შემდეგ პროფესორ პეტრე მელიქიშვილთან ერთად გაისეირნებდა, რომელიც იქ ისვენებდა და ნასადილევს, ისევ მუშაობას განაგრძობდა.”დაისიდან” ნაწყვეტებს მეგობრებს ხშირად ასმენინებდა. ასევე, თვითშემოქმედების საღამოებიც იმართებოდა, რომელთა მიმდინარეობისასაც, ზაქარია თავის ნაწარმოებებს ასრულებდა. სანატორიუმში მყოფი ავადმყოფები კი, ზაქარია ფალიაშვილის უნაკლო მუსიკით, მონუსხულები იყვნენ.
ზაქარია ფალიაშვილი, თავის კიდევ ერთ ხელოვნების ნიმუშად ქცეულ ნაწარმოებს, “აბესალომ და ეთერს”, “ოპერა ლეგენდას” უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ მისი მონუმენტური სტილისგან, “დაისი” კომპოზიციის ხასიათით, თვალსაჩინოდ განსხვავდებოდა.
კომპოზიტორი წერდა:
“ზოგიერთ მუსიკოსთა და მუსიკის მოყვარულთა მიერ, “დაისისა” და “აბესალომის” მუსიკის ერთმანეთთან შედარება და პარალელის გაყვანა, ჩემის შეხედულებით, მცდარი აზრია, რადგანაც “აბესალომი” არის პირველი ცდა, ქართული მუსიკის ჰარმონიზაციისა და ისე, როგორც ჰარმონიზაციის, ისეც მუსიკალური ფორმების მხრივ, მჭიდროდ და ვიწრო ფარგლებში არის ჩამოყალიბებული. რაც შეეხება “დაისს”, აქ იგივე ქართული მელოდიები და ამ უკანასკნელთა კოლორიტზე საკუთრივ შეთხზული მუსიკა, ჩამოყალიბებულია ევროპული მუსიკის უფრო ფართო ფარგლებსა და ფორმებში, რაც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებელ ამოცანად უნდა ჰქონდეს დაყენებული ყოველ ქართველ მუსიკოს-კომპოზიტორს. ამის გამოა, რომ, როცა მე “დაისსა” ვწერდი, სრულიად შეგნებულად გადავუხვიე იმ სტილს წერისას, რომლითაც მე ვხელმძღვანელობდი “აბესალომის” შეთხზვის დროს. ამითი მე ის არ მინდა ვთქვა, რომ “დაისი” “აბესალომსა” სჯობდეს და სხვა…” – წერდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი.
ოპერა “დაისი” სამი მოქმედებისგან შედგება:
ქართული ორიგინალური ოპერა 3 მოქმედებად.
მუსიკა ზაქ. ფალიაშვილისა
ლიტერატურული ტექსტი ვალ. გუნიასიმოკლე შინაარსი
მ ო ქ მ ე დ ი პ ი რ ნ ი:მალხაზ. 27 წლისა კარის-კაცი (Tenore)
კიაზო. 30 წლ. ასისთავი (Barytono)
მარო. 19 წლ. გასათხოვარი ქალი (Soprano)
ნანო. მაროს თანაშეზრდილი (Mezzo-soprano)
ტიტო. ახალგაზრდა სოფლის ბიჭი (Tenore)
ცანგალა. ხნიერი, ხუმარა კაცი (Basso)
სოფლის ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, მეომარნი, მლოცველები, ღამის მთეველნი.
მოქმედება სწარმოებს ისტორიულ ხანაში.
პირველი მოქმედების მიხედვით, სოფელი საეკლესიო დღესასწაულის – ხატობისთვის ემზადება. საღამოა, ნანო დღესასწაულის დაწყებას, მოუთმენლად ელის. მისი მეგობარი მარო კი, მოწყენილია, რადგან დიდი ხანია არაფერი ისმის სატრფოსგან – მალხაზისგან, რომელიც შორეულ მხარეს გაემგზავრა. მაროს სულიერ განცდებს ისიც ამძიმებს, რომ იგი ასისთავ კიაზოზე, საკუთარი ნების წინააღმდეგ არის დანიშნული. ნანო, მაროს მალხაზის ჩამოსვლის შესახებ ამცნობს, რომელიც შორიდან მოიმღერის. ამ შეხვედრის დროს, მალხაზი მაროს დანიშვნის თავზარდამცემ ამბავს იგებს. ხატობის დღესასწაულზე ხალხი მხიარულობს. გლეხის ბიჭი ტიტო და მესტვირე ცანგალა ერთმანეთს შაირობაში ეჯიბრებიან, რომელშიც ტიტო იმარჯვებს. გაბრაზებული ცანგალა ჩხუბს წამოიწყებს. თანასოფლელები მათ აშველებენ. ნანოს წრეში მარო და მალხაზი შეჰყავს. ცანგალა ნანოს ემუქრება, რომ ამ ამბავს კიაზოს აცნობებს. აბეზარ მესტვირეს, ნანო თავიდან იცილებს. შემდეგ კი, ზარების რეკვა ისმის და ხალხი ეკლესიისაკენ მიემართება.
მალხაზი მაროსთან განმარტოებას ლამობს, მაგრამ მარო ხელიდან უსხლტება. მალხაზი კი, დადარდიანდება. მეორე მოქმედებაში, დღესასწაული ეკლესიის ეზოში გრძელდება. ცანგალამ კიაზოს მაროსა და მალხაზის შეხვედრის ამბავი შეატყობინა. კიაზოს კი, შურისძიება სწყურია და ღვინოს ეძალება. მარო აღელვებულია, რადგან მეტოქეების შეხვედრას ელის. ნანო შეყვარებულებს კიაზოს მოახლოებას ატყობინებს. მაროს და ნანოს თხოვნით, მალხაზი მათ გაეცლება. მოულოდნელად კი, განგაში იწყება, რადგან სამშობლოს მტერი შემოესია და კიაზო ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებს.
მესამე მოქმედების მიხედვით კი, ცანგალასგან მაროსა და მალხაზის შეხვედრის ამბის გაგების შემდეგ, კიაზო პასუხს მაროს სთხოვს, რომელიც მალხაზის მიმართ საკუთარ გრძნობებს, აღარ მალავს. მალხაზის გამოჩენა, ვითარებას საგრძნობლად ამწვავებს. კიაზო კი, შეყვარებულთა დაუყოვნებლივ განშორებას ითხოვს და ამ ფონზე, ორთაბრძოლა იმართება. მეტოქეები კი, მოლაშქრეთა სიმღერის გაგონებაზე გონს წუთიერად მოეგებიან… კიაზო მალხაზს მახვილით განგმირავს. მარო კი, სატრფოს დასტირის. ხალხი კიაზოს კიცხავს და სამშობლოს დასაცავად მიემართება. ამ ფონზე სრულდება ოპერა, რომელიც მაყურებელს, უზღვავ ემოციასა და ამასთანავე, პატრიოტულ სულისკვეთების ნაპერწკლებს სჩუქნის.
როგორც ისტორია გვიამბობს, ზაქარია ფალიაშვილი, ვანო სარაჯიშვილსა და სანდრო ინაშვილს მალხაზისა და კიაზოს პარტიებს აცნობდა და მეგობრების რჩევა-დარიგებებს იზიარებდა. არსებობს აზრი, რომ მალხაზის არია “თავო ჩემო, რომლითაც ოპერის პირველი მოქმედება მთავრდება, ფალიაშვილმა, ვანო სარაჯიშვილის დაჟინებული მოთხოვნით დაამუშავა და “დაისის” პარტიტურაში შეიტანა.
პრემიერამდე ერთი კვირით ადრე ყველა ბილეთი გაყიდული იყო.
კომპოზიტორის მეგობარი ნადეჟდა ბუზოღლი იგონებდა:
“1923 წლის 19 დეკემბერი – “დაისის” პირველი შესრულების თარიღი – სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში…
თეატრში რაღაც განსაკუთრებულად აღგზნებული განწყობილება სუფევდა. გაისმოდა საუბრის ნაწყვეტები, თავშეკავებული სიცილი, ორკესტრში საკრავების აწყობის ხმები. უცბად მთელი ეს ხმაური შეწყდა. სადირიჟორო პულტთან ივანე ფალიაშვილი დადგა. ხელის აქნევა და… გაისმა უვერტიურა. უვერტიურის დამთავრებისთანავე მქუხარე ტაშმა იგრიალა.
დაიწყო პირველი მოქმედება. მხურვალე აპლოდისმენტები ფარავს მალხაზის არიის (“თავო ჩემოს”) დასკვნით აკორდებს. ამ პარტიის შემსრულებელი, შეუდარებელი ვანო სარაჯიშვილი, იძულებულია სამჯერ გაიმეოროს არია.
მეორე მოქმედებას წილად ხვდა არაჩვეულებრივი წარმატება. ამ აქტის ფინალი დიადი და გრანდიოზული იყო როგორც შინაარსით, ისე გარეგნული გაფორმებით… აღფრთოვანებულმა აუდიტორიამ გამოიძახა ავტორი, მაგრამ იგი დიდხანს არ ჩანდა. ბოლოს ზაქარია და ივანე სცენაზე ავიდნენ. შეძახილებსა და ტაშის გრიალს დასასრული არ უჩანდა. ზმებმა გადაკოცნეს ერთმანეთი. მესამე აქტიც დიდი წარმატებით ჩატარდა. არაერთხელ გამოიძახეს ავტორი, მასთან მიდიოდა ყველა: მეცნიერნი, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, ნაცნობ-მეგობრები და უცნობი ადამიანებიც კი და აღელვებით ულოცავდნენ ოპერის დიდ წარმატებას. თეატრიდან გამოსვლისას ახალგაზრდობამ ზაქარიას ოვაცია მოუწყო…
ზაქარიას თვალებში ბრწყინავდა ცრემლები სიხარულისა და ბედნიერებისა, რასაც იგი იმ მომენტში მთელის გულწრფელობით განიცდიდა. ასე დამთავრდა “დაისის” პრემიერა…”
ოპერა ნამდვილი ხელოვნების ნიმუში გამოვიდა და წლების განმავლობაში, საზოგადოებაში აქტუალობას არ კარგავს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კი, პირველი წარმოდგენიდან დღემდე, საპატიო ადგილი დაიმკვიდრა.
აღსანიშნავია, რომ “ქართულმა ფილმაა” 1971 წელს გადაიღო ფილმი “დაისი” ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “დაისის” მიხედვით, სადაც ქართველ მსახიობთა შესანიშნავი ტანდემი შეიკრა: მაროს – ნანა ყიფიანი, მალხაზს – ქართლოს მარადიშვილი, კიაზოს – ოთარ კობერიძე, ცანგალას – ზურაბ ქაფიანიძე, ნანოს – დალი თუშიშვილი და ტიტოს – გივი ბერიკაშვილი ასახიერებენ.
სიმღერებს ასრულებენ: ზურაბ ანჯაფარიძე, მედეა ამირანაშვილი, თენგიზ ზეინკლიშვილი, ირაკლი შუშანია, თამარ გურგენიძე, გივი ტორონჯაძე
სალომე ხომასურიძე