„გოგონა ბეღურა’’ – 107 წლის წინ ედიტ პიაფი დაიბადა
ედიტმა დაბადებიდანვე საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება გაიარა.
ლეგენდარული ფრანგი მომღერალი და მსახიობი ედიტ ჯოვანა გასიონი ცნობილი, როგორც ედიტ პიაფი 1915 წლის 19 დეკემბერს პარიზში დაიბადა. ედიტმა დაბადებიდანვე საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება გაიარა. მომღერალი ბელვილის ქუჩის 72 ნომერში მდებარე სახლის კიბეებზე გაჩნდა. პიაფის დედა კაბარეს მომღერალი ანიტა მაიარი იყო, მამა კი ქუჩის აკრობატი – ლუი გასიონი გახლდათ.
გოგონას დაბადებიდან 2 წლის შემდეგ მაიარმა ქმარი მიატოვა, ბავშვი მშობლებს დაუტოვა გასაზრდელად და თვითონ საზღვარგარეთ გაემგზავრა. პიაფი 3 წლამდე დალევის მოყვარულ და უყურადღებო ბებიასთან, საშინელ გარემოში იზრდებოდა, რისი გაგების შემდეგაც მომღერლის მამამ თავისი შვილი დედამისს, ნორმანდიული საროსკიპოს მზარეულს მიაბარა გასაზრდელად.
გოგონას სიცოცხლის პირველსავე თვეებში კატარაქტა განუვითარდა, უყურადღებობის გამო კი, 3 წლის ასაკში მხედველობა სრულიად დაკარგა. როდესაც გაირკვა, რომ ბავშვს სამედიცინო ჩარევით არაფერი ეშველებოდა ბებიამ ქალაქ ლიზიეში, წმინდა ტერეზას სასწაულმოქმედი საფლავის მოსალოცად წაიყვანა, სადაც სრულიად საფრანგეთიდან ათასობით მლოცველი იკრიბებოდა. გადმოცემის მიხედვით, ღმერთმა ბებიის გულმხურვალე ლოცვა შეისმინა და სასწაული ერთ კვირაში მოხდა. ამის შემდეგ ედიტი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა წმინდა ტერეზას მედალიონს.
6 წლის ასაკში პიაფი სკოლაში შევიდა, თუმცა ფაქტს, რომ გოგონა საროსკიპოში ცხოვრობდა, თანაკლასელების ოჯახის წევრები ცუდად შეხვდნენ და ძალიან მალე მისი სწავლა დასრულდა. 9 წლის ასაკში ედიტი მამამ პარიზში წაიყვანა, სადაც მათ ერთად დაიწყეს მუშაობა – ლუი ქუჩაში აკრობატულ ნახტომებს ასრულებდა, ედიტი კი მღეროდა. პატარა გოგონა ქუჩაში მღეროდა მანამ, სანამ კაბარე “ჟუან–ლე–პენში” არ აიყვანეს.
კაბარეში მუშაობისას პიაფმა თავისი მომავალი მეუღლე – ლუი დიუპონი გაიცნო და 17 წლის ასაკში ქალიშვილი შეეძინა. იმ პერიოდში ევროპაში ესპანური გრიპის ეპიდემია იყო, რასაც მომღერლის ქალიშვილი, პატარა მარსელი ემსხვერპლა. 1935 წელს 22 წლის ედიტი ქუჩაში ლუი ლეპლემ შეამჩნია. ლეპლე იმ პერიოდში პრესტიჟული კაბარე ,,ჟერნისის’’ მეპატრონე იყო და ედიტს თავის პროგრამაში გამოსვლა შესთავაზა. ახალგაზრდა მომღერალს კაბარის მეპატრონემ ბევრი რამ ასწავლა, მათ შორის სწორედ მან შეურჩია სცენური გვარი – პიაფი, რაც პარიზულ არგოზე ,,ბეღურას’’ ნიშნავს. ,,ჟერნისის’’ აფიშებზე ედიტის სახელი ,,გოგონა ბეღურას’’ სახელით დაიბეჭდა და მის პირველსავე გამოსვლებს უდიდესი წარმატება მოჰყვა.
1936 წლის 17 თებერვალს ედიტ პიაფმა „მედრანოს“ ცირკში გამართულ დიდ კონცერტზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ის იმ დროის ისეთ დიდ მომღერლებთან ერთად გამოდიოდა, როგორებიც იყვნენ: მორის შევალიე, მისტანგეტი და მარი დიუბუა. იმ დროს გოგონას კარიერის აღმავლობის პერიოდი ტრაგედიამ შეაჩერა. ლუი ლეპლე თავში ნასროლი ტყვისგან დაიღუპა და პიაფი ერთ-ერთ ეჭვმიტანილად დასახელდა, რადგან გარდაცვლილის ანდერძში მისთვის გარკვეული თანხა იყო მითითებული. მომხდარის შემდეგ მომღერლის მიმართ საზოგადოების უმეტესობა მტრულად იყო განწყობილი.
მალე ედიტმა რეიმონ ასო გაიცნო, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა მომღერლის ბედი. ასომ გოგონას პროფესიული ქცევები შეასწავლა და ,,პიაფის სტილი’’ შექმნა. მან დაწერა სიმღერები, რომლებიც მხოლოდ ედიტის ხმას მოუხდებოდა: „პარიზი – ხმელთაშუაზღვის სანაპირო“, „ის ცხოვრობდა პიგალის ქუჩაზე“, „ჩემი ლეგიონერი“ და სხვ. რეიმონის დამსახურებით, ედიტმა პარიზის სახელგანთქმული მიუზიკ–ჰოლის „АВС“–ის სცენაზე გამოსვლა შეძლო, რაც უდიდეს აღიარებასა და წარმატებას ნიშნავდა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ რეიმონის თხოვნით მომღერალმა ფსევდონიმი „გოგონა პიაფი“, „ედიტ პიაფით“ შეცვალა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე, ედიტი რეიმონ ასოს დაშორდა. მოგვიანებით, მომღერალმა ფრანგი რეჟისორი ჟან კოკტო გაიცნო, რომელმაც პიესაში – „ლამაზი და გულგრილი მამაკაცი“ – მონაწილეობა შესთავაზა. დადგმა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. 1940 წელს კინორეჟისორმა ჟორჟ ლაკომბმა პიესის ეკრანიზაცია გადაწყვიტა და 1941 წელს გამოსულ ფილმში „მონმარტრი მდინარე სენაზე“ ედიტმა მთავარი როლი შეასრულა.
ოკუპაციის პერიოდში პიაფი ხშირად გამოდიოდა რეპერტუარით გერმანიის ტერიტორიაზე ტყვეთა ბანაკებში და ამავდროულად თავის დამკვიდრებაში სხვა დამწყებ მომღერლებსაც მათ შორის: ივ მონტანს, ედი კონსტანტენსა და შარლ აზნავურსაც ეხმარებოდა . ომის შემდგომი პერიოდი ედიტისთვის ძალიან წარმატებული იყო, თუმცა ასეთი კარიერული წარმატების მიუხედავად, ის რეალურ ცხოვრებაში მარტოობას განიცდიდა.
,,პუბლიკა გულში გიკრავს, თავის გულს გიხსნის და მთლიანად გშთანთქავს. შენ ივსები მისი სიყვარულით, ის კი შენით. შემდეგ ჩამქრალ დარბაზში გესმის მიმავალი ნაბიჯების ხმა. ეს ჯერ კიდევ შენი ნაბიჯებია. ჯერ კიდევ კარგად გრძნობ თავს. შემდეგ გადიხარ ქუჩაში და ხვდები, რომ მარტო ხარ’’, – წერდა ედიტ პიაფი.
1952 წელს ედიტი მიყოლებით ორ ავტოკატასტროფაში მოყვა. მოტეხილი ხელისა და ნეკნების ტკივილების შესამსუბუქებლად ექიმები მორფს უკეთებდნენ, რის შედეგადაც მომღერალი ნარკოდამოკიდებული გახდა. 1954 წელს ედიტ პიაფმა ჟან მარესთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ისტორიულ ფილმში „მე თუ მომითხრობენ ვერსალის შესახებ“. 1958 წელს პიაფმა ,,ოლიმპიის’’ საკონცერტო დარბაზში დაიწყო გამოსვლა, რის შემდეგაც თერთმეტთვიანი ტურნე მოაწყო აშშ–ში, შემდგომ კი საფრანგეთშიც ჩაატარა კონცერტების სერია.
ფიზიკურმა და ემოციურმა დატვირთვამ მისი ჯანმრთელობა ძალიან შეარყია. 1961 წელს, 46 წლის ასაკში, ედიტს ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა უფრო და უფრო გაუარესდა. 1963 წლის 18 მარტს ედიტ პიაფის ბოლო სასცენო გამოსვლა შედგა. მისულმა სტუმრებმა მომღერალს ხუთწუთიანი ოვაცია მოუწყვეს, რა დროსაც ის ცუდად გახდა და სცენაზე წაიქცა. მას შემდეგ პიაფი ფართო საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა.
ლეგენდარული მომღერალი 1963 წლის 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. პიაფი პარიზში მდებარე პერ ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც 40 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი მისთვის პატივის მისაგებად.
თაკო ბოკუჩავა