თბილისში ჯემალ ჭკუასელის სახელობის სკვერი და ქუჩა დაარსდა

მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა და არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა მემკვიდრეობად მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა.

მომღერლი, ფოლკლორისტი და მუსიკოსი – ჯემალ ჭკუასელი

თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მდებარე სკვერს და ქუჩას მომღერლის, ფოლკლორისტის და მუსიკოსის – ჯემალ ჭკუასელის სახელი მიენიჭა.

დედაქალაქის საკრებულომ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივას დაუჭირა მხარი.

“ეს მხოლოდ მცირედი გამოხატულებაა იმ მადლიერების, რასაც ბატონი ჯემალი ყველა იმ ქართველისგან იმსახურებს, რომლისთვისაც ქართული ხელოვნება ძვირფასია”, – განაცხადა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძემ.

ჯემალ ჭკუასელი 1976-1979 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი.

1986-2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა „ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.

ჯემალ ჭკუასელს 1990 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, 1995 წელს კი ღირსების ორდენის კავალერის წოდება მიენიჭა. 2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

2015 წლის 17 მაისს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ჯემალ ჭკუასელს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“- გადაეცა.

მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა და არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა მემკვიდრეობად მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა. იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვისა და განვითარების საქმეს.

ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ქართული ეროვნული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა – “ერისიონმა” მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

ლელა დევდარიანი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი