ქართველმა მუსიკოსმა პოლონურ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებები სრულდებოდა, მათ შორის, პოლონური რომანტიზმის, პოლონური და იტალიური ბაროკოს ეპოქის, პოლონური თანამედროვე მუსიკის ნიმუშები, მეოცე საუკუნის ფრანგული და ამერიკული მუსიკა.

სოფიო ხუციშვილი

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, ​კაროლ ლიპინსკის სახელობის მუსიკის აკადემიაში, 16-დან 18 დეკემბრის ჩათვლით, საგუნდო დირიჟორობის მეცხრე საერთაშორისო კონკურსი – Towards Polyphony გაიმართა, რომელშიც პირველი ადგილი ქართველმა ხელოვანმა, სოფიო ხუციშვილმა მოიპოვა.

როგორც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველი ტურისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (პოლონეთი, საქართველო, ლატვია, ლიტვა, ჩეხეთი, საფრანგეთი, კანადა, ჰონგ კონგი), 16 მონაწილე შეირჩა. კონკურსი სამი ტურისგან შედგებოდა, რომელიც ორ ეტაპს მოიცავდა.

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებები სრულდებოდა, მათ შორის, პოლონური რომანტიზმის, პოლონური და იტალიური ბაროკოს ეპოქის, პოლონური თანამედროვე მუსიკის ნიმუშები, მეოცე საუკუნის ფრანგული და ამერიკული მუსიკა.

როგორც ცნობილია, კონკურსის მონაწილე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა სოფიო ხუციშვილმა, ყველა ზემოთ აღნიშნული ეტაპი წარმატებით გაიარა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მან ავსტრიის საკონსულოსგან, ძველი მუსიკის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის, სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.

კონკურსში პოლონეთის ხუთი სხვადასხვა წამყვანი საგუნდო კოლექტივი მონაწილეობდა: Paderewski Chamber Choir, Senza Rigore Chamber Choir, Vocal Ensemble Rondo, Chor Feichtinum. ფინალში კი, პოლონეთის ეროვნული მუსიკალური ფორუმის პროფესიული გუნდი NFM Choir მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ სოფიო ხუციშვილი მუსიკალურ განათლებას, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ეუფლებოდა. კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კი, პროგრამით – ERASMUS + ის ავსტრიაში, ქ. ვენაში სწავლობდა.

2020 წელს, ვენაში, სადირიჟორო ფაკულტეტზე მისაღები გამოცდები ჩააბარა და იმავე წლიდან, საგუნდო დირიჟორობაში, ვენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია. 2022 წლიდან საორკესტრო დირიჟორობასაც სწავლობს. ყველაფერთან ერთად, სოფო, ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილარმონიაში, ასისტენტ დირიჟორად მუშაობს. ამასთან ერთად კი, საეკლესიო გუნდს ხელმძღვანელობს და 2022 წლიდან ვენის კაპელა “ალბერტინას” სამხატვრო ხელმძღვანელია.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი