“პირველად მოვყვები ამ ისტორიას, როგორ უღალატეს მეგობრებმა” – მოგონება გოგი ქავთარაძეზე

ქართულ კინოში მისი კარიერა დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმით “ქორწილი” და მთელმა მსოფლიომ გაიცნო. საოცრად კეთილი ფილმი დიალოგების გარეშე, შთამბეჭდავი, დამამახსოვრებელი სიუჟეტი, ერთი ნახვით რომ შეგაყვარებს თავს.

გოგი ქავთარაძე რეპეტიციაზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის მსახიობებთან ერთად – 1972 წელი

მერე იყო “მაცი ხვიტია”, “არ იდარდო”, “ვერის უბნის მელოდიები”, “ჩარი რამა”… და ის მაყურებლის მეხსიერებაში დარჩა, საოცრად პოზიტიურ და ნიჭიერ მსახიობად.

საქართველოს სახალხო არტისტი, აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე – ყველა ეს რეგალია ნიჭიერ მსახიობსა და რეჟისორს, გოგი ქავთარაძეს ეკუთვნის.

გოგი ქავთარაძის სარეჟისორო მოღვაწეობა ცალკე აღნიშვნის ღირსია. ის იყო ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი. მისი სპექტაკლები ყოველთვის გამოირჩეოდა მაყურებელთა მრავალრიცხოვნობით. ცდილობდა შემოქმედებით პროცესში თეატრის ყველა თანამშრომელი ყოფილიყო ჩართული. გოგი ქავთარაძე ასევე იყო, ქუთაისის თეატრის დირექტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი. სოხუმის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. აფხაზეთის ომის შემდეგ, 90-იან წლებში, თბილისში დაბრუნდა და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. 1999 წლიდან კი, 5 წლის განმავლობაში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

გოგი ქავთარაძე ცხოვრების გარკვეულ პერიოდში პოლიტიკაშიც მოღვაწეობდა, 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, მისი ხელმოწერაა განთავსებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტზე. 2012 წელს კვლავ გახდა პარლამენტის წევრი, მაგრამ საბოლოოდ. გოგი ქავთარაძე 2 წლის წინ, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ უამრავი ლამაზი ფილმი, სპექტაკლი და განსახიერებული სახასიათო პერსონაჟები დაგვიტოვა. რაც ყველაზე მთავარია, გარდაცვალების შემდეგაც მას დიდი სიყვარულით იხსენებენ, ადამიანს, რომლისგან მიღებული დადებითი მუხტი მთელი ცხოვრება გაგყვება.

მედია სააგენტო “24”-თან გოგი ქავთარაძეს რეჟისორი და მსახიობი მალხაზ ვარშანიძე იხსენებს.

მალხაზ ვარშანიძე – კადრი ფილმიდან “ტიფლისი”

– როდის და როგორ გაიცანით გოგი ქავთარაძე?

– როდესაც ფილ “მაცი ხვიტიაში” კოჭოია ვნახე, ძალიან თბილი შთაბეჭდილება დატოვა. მერე იყო “ქორწილი” და “არ იდარდო”. ბავშვი ვიყავი და მის მიმართ უკვე დიდი სიმპათია გამიჩნდა. გოგი დანიშნეს ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. მალევე, ჩემმა ძმამ თეატრში დაიწყო მუშაობა და ეგრევე სპექტაკლში დააკავა. სკოლის ასაკიდან კარგად ვხატავდი და მამაჩემმა თეატრის მთავარ მხატვართან, შესანიშნავ პიროვნებასთან, ჩემს პირველ პედაგოგთან, ანტონ ფილიპოვთან მიმიყვანა. ხატვის გაკვეთილის შემდეგ, ვიპარებოდი რეპეტიციებზე და ფარულად ვუყურებდი, ვუსმენდი. იქ კი, ჩემი საყვარელი მსახიობი გოგი ქავთარაძე ხან სპექტაკლებს დგამდა, ხან სხვა რეჟისორის რეპეტიციებში მონაწილეობდა. ერთხელ მეხანძრე ბორიამ დამიჭირა, უნდა გავეძევებინე, მაგრამ გოგიმ დაგვინახა, მხარზე ხელი დამადო და მკითხა, – რეპეტიციებზე გხედავ, გაინტერესებსო?! – თავი დავუქნიე, თან შემეშინდა, ჩემი ძმისთვის საყვედური არ ეთქვა. გაიღიმა, თავზე ხელი გადამისვა, – შემოდი, ოღონდ არ იხმაურო, თორემ მეც მისაყვედურებენო, – ამის მერე, თითქმის ყველა რეპეტიციაზე ვიჯექი, ვაკვირდებოდი, როგორ მიმდინარეობდა პიესაზე მუშაობა.

– როგორი იყო პირად ურთიერთობაში და მუშაობის დროს?

– ძალიან თბილი და იუმორნარევი ბრძენი. ნათელი ბავშვური სუფთა ღიმილით. პატარაობიდან სულ ასეთი მახსოვს. ის ხომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. როდესაც შენობაში შედიოდა ყველა ჩუმდებოდა და ესალმებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბიჭი ვიყავი, მექცეოდა, როგორც დიდს. მეც ვცდილობდი ნდობა გამემართლებინა, საყვედური არ მიმეღო.

– თქვენ გერგოთ ექსკლუზიური უფლება დასწრებოდით მის სპექტაკლებს. თქვენ და მის შვილს, გვიამბეთ ამის შესახებ…

– კი, მართალია. მე მქონდა მისგან უფლება რეპეტიციებს დავსწრებოდი. მან შემაყვარა რეჟისორის პროფესია. 9 – 11 წლის ვიყავი. მაშინ რეპეტიციაზე საერთოდ არავის უშვებდნენ არათუ ბავშვებს. ბექა, მისი პატარა ბიჭი, მე შემყავდა რეპეტიციაზე, იმ პირობით, რომ ვერავინ გაიგონებდა ჩვენ ხმას და გოგის ხელს არ შევუშლიდით. ბექა მუდმივად მეკითხებოდა, მამამისი მსახიობებს რაზე ესაუბრებოდა, მეც ვუხსნიდი რეჟისორი მამის ტექსტების მნიშვნელობას. ერთი სასაცილო ფაქტიც იყო. ბექა პატარა იყო. გოგის ჰყავდა უზარმაზარი ძაღლი, სამეფო დოგი. ბექას ვსვამდი ამ ძაღლზე და თეატრის დერეფნებში და კიბეზე ცხენივით დაჰყავდა. ბექა დღეს შესანიშნავი რეჟისორი, მსახიობი და მხატვარია

– გვიამბეთ, როგორ მოხვდა თქვენი ნამუშევარი სპექტაკლის დეკორაციაში?

– 1972 წელს დგამდა გოგოლის “რევიზორს”. როგორც გითხარით, დასაწყისში ხატვას მასწავლიდა შესანიშნავი პიროვნება და ჩემი პირველი პედაგოგი თეატრის მთავარი მხატვარი ანტონ ფილიპოვი. სამხატვრო სკოლაში და უფროსი ასაკის მოსწავლეები სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდით. რადგანაც ანტონ მასწავლებელი ყველას ყოველგვარი ანგარების გარეშე ამზადებდა, ასევე მოსწავლეებიც ეხმარებოდნენ, როდესაც სპექტაკლის დეკორაცია იყო მოსამზადებელი. პარალელურად, გოგი ბიძია მაძლევდა უფლებას სპექტაკლის რეპეტიციებს დავსწრებოდი, ასე, რომ სპექტაკლის კონცეფციაზეც ვიცოდი უფრო ბევრი რამ, ვიდრე უფროსკლასელებმა. იმ დღეებში მთლიანად სახელოსნოში იყო გაფენილი ალუმინის ფირფიტები, რომლებზეც იყო რუსული ტაძრის გუმბათი -“ლუკოვიცების” მონახაზები, უკვე ყველას დარიგებული ჰქონდა თითო- თითო ფირფიტა და ამუშავებდნენ. ცალკე ერთი პატარა გუმბათის ფირფიტა იყო დადებული. საერთოდ მოუსვენარი ვიყავი და “ჩავთვალე”, რომ არ ჰყოფნიდათ ამომღუნავები. უნებართვოდ ვიპოვე ჩაქუჩი და მათ მსგავსად, მეც დავიწყე დამუშავება. შემოვიდა ანტონი და ბუნებრივია, შეეშინდა, ფირფიტა რომ არ გამეფუჭებინა და მისაყვედურა. ამ დროს შემოვიდა გოგიც, რომელსაც ყველაფერი დაუნახავს.
ანტონთან მივიდა და უთხრა, – გააკეთოს.
ანტონმა უპასუხა – ჯერ პატარაა, მაგას კი, არა დიდებსაც არ გამოსდით, გააფუჭებს მასალასო.
გოგიმ მისთვის ჩვეული დიპლომატიური და თბილი ღიმილით უპასუხა, – ახლა თუ არა, მაშინ როდის უნდა ვენდოთ?! ოდესღაც, ხომ უნდა დაიწყოს?!. თუ ერთი გაუფუჭდება, ვერც გააკეთებს. ეგ არაფერია. მთავარია დაიწყოსო.

ვუცქერდი ჩემთვის ორ ძალიან კეთილშობილ ადამიანს, რომლებიც ჩემს გამო შეკამათდნენ. უხერხულად ვიგრძენი თავი. ანტონ მასწავლებელმა ნება დამრთო. გაასმაგებული პასუხისმგებლობით დავამუშავე ყველაზე პატარა გუმბათი. “რევიზორის” დეკორაცია იყო პირობითი გადაწყვეტის. სცენის სივრცე მთლიანად იყო შავი. უკანა ფონზე ჩამოიკიდა უზარმაზარ ჩარჩო, რომელზეც იყო გადაჭიმული შავი ქსოვილი და მასზე იყო მიკრული ალუმინის გუმბათები, მათ შორის იყო ჩემი პატარა გუმბათიც. ისეთი ბედნიერი ვიყავი ყველას ვეუბნებოდი სპექტაკლი ენახათ.

– ალბათ, ძალიან გაგიხარდათ?

– კი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მოგვიანებით, ეს სიხარული ტირილით შემეცვალა. იმ წელს გადავედი მეოთხე კლასში და ჩავაბარე სამხატვრო სკოლაში. პირდაპირ მეორე კლასში. ჩემი სიხარულის გასაზიარებლად ანტონ მასწავლებელთან მივედი და მითხრეს გოგი თეატრიდან წავიდაო. სამორიგეოდან გამოვედი და ცრემლები მომდიოდა. მისთვისაც მინდოდა ჩემი სიხარული გამეზიარებინა. წლების მერე ჩვენ ისეთივე თბილი ურთიერთობა გვქონდა, როგორც ჩემს ბავშვობაში. მისი სიტყვები არასდროს დამავიწყდება, ყოველთვის მახსოვს პატარებთან და მოზარდებთან ურთიერთობაში.

– ამბობენ, – ყველა პრემიერის შემდეგ, ტექნიკური პერსონალისთვის ამზადებდა სუფრასო, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია?

– სიმართლეა, ყველა პრემიერის შემდეგ, სცენის მემანქანეებთან და სხვა პერსონალთან სუფრას აწყობდა და მხოლოდ მერე მიდიოდა საპრემიერო ბანკეტზე. სადაც მსახურობდა და ვისაც ახსოვს ყველა სხვადასხვა ამდაგვარ ფაქტებს იხსენებს. თეატრის თანამშრომლების დაბადების დღეებსაც კი არ ივიწყებდა.

– რატომ წავიდა ბათუმის თეატრიდან და როგორ აღმოჩნდა სოხუმში?

– პირველად მოვყვები ამ ისტორიას. გვარებს და სახელებს არ დავასახელებ. გოგის დროს თეატრში ყველა დაკავებული იყო. მასობრივი სცენები უხვად ჰქონდა. სპექტაკლებში სცენის მუშებიც თამაშობდნენ. მაშინ ბათუმის თეატრის ლეგენდებიც ცოცხლები იყვნენ (ი.კობალაძე, მ.ხინიკაძე, ა.მგელაძე, ნ.თეთრაძე, თ.სულხანიშვილი, ა.ტაკიძე, შ.ახვლედიანი, შ.გეჯაძე, ლ.ყარასაშვილი და სხვები) და მთელი დატვირთვით იყვნენ დაკავებულები. იყო მცირე ჯგუფი, რომლებსაც თავისი დაბალი დონის გამო, მხოლოდ მესამე ხარისხოვანი როლები უწევდათ. ზუსტად ამ პირებმა, რომლებიც გაწაფულნი იყვნენ მსახიობების და ადმინისტრაციის წინააღმდეგ ანონიმური საჩივრების წერაში, გოგისაც უჩივლეს (11 მსახიობმა), მათ შორის იყვნენ მისი უახლოესი “მეგობრებიც”. გოგიმ დაწერა განცხადება წასვლაზე. დატოვა ბათუმის სამხატვრო ხელმძღვანელობა. ეს “მეგობრები” მივიდნენ და დარჩენას სთხოვდნენ, მაგრამ უთხრა – “იქ არ უნდა დავრჩე, სადაც ასეთ რამეებს მომიგონებენ”. ამ ამბის დეტალებს წლების განმავლობაში, პერიოდულად ვიგებდი სხვადასხვა წყაროებიდან. გოგიმ მათ აპატია. ამიტომაც მე მათ სახელებს არასდროს გავასაჯაროებ. ანონიმურმა დამბეზღებელმა “მეგობრებმა” ბათუმის თეატრში საკადრო “გადატრიალება” მოახდინეს. მიიღეს თანამდებობები, დამსახურებები და ზოგიერთს თეატრის წინ ვარსკვლავიც გაუხსნეს. თეატრი კი დაეცა. გოგის დროს რომ სრული ანშლაგი იყო და მაყურებელი კიბეზე იჯდა, გოგის წასვლის შემდეგ, ხანდახან 3 მაყურებელიც საოცნებო გაუხდა თეატრს. ამ ისტორიაზე მაშინვე დავიწყე კინოსცენარის – “ზედმეტი”, წერა. მთავარი გმირების პროტოტიპები ჩემი ძმა, გოგი ქავთარაძე და ის “მეგობრებია”, რომლებმაც თეატრი დეგრადაციისკენ წაიყვანეს.

კადრი ფილმიდან “ვერის უბნის მელოდები”

– ხშირად ადამიანებს საკუთარი სისუსტეები გვაძლიერებს, შეგიძლიათ გვითხრათ, რა იყო ის, რის წინაშეც გოგი ფარ-ხმალს ჰყრიდა?

– მას ბევრჯერ მოუწია ყველაფრის თავიდან დაწყება. მუდმივად ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. არასდროს ნებდებოდა, პრობლემებს თავს არ უხრიდა. წყნარი და გაუტეხელი იყო.

– მე, როგორც მისი შემოქმედების ერთი რიგითი მაყურებელი, მგონია, რომ გოგი ქავთარაძე უპრეტენზიო ადამიანი იყო, რომელიც კოლეგებს ყოველთვის უხმაუროდ ეხმარებოდა. თქვენი აზრით, სათანადოდ არ იყო დაფასებული?

– დაფასებული იყო ხალხის სიყვარულით. ხალხისგან დიდ საპასუხო მუხტს იღებდა. განსაკუთრებით სპექტაკლებზე, როგორც მსახიობი და როგორც რეჟისორი. კინოზე არაფერს ვამბობ, ისეთი როლები ითამაშა, დღესაც ყველას უყვარს არამარტო საქართველოში. სახელმწიფოსგან დაფასებას რაც შეეხება, ვიტყოდი, – სანახევროდ, რადგან ​პირფერობით ისეთი რეგალიები აქვთ ისეთ პირებს, რომლებიც გოგი ქავთარაძემდე ვერასდროს მივლენ. გოგი არასოდეს იქცეოდა მათნაირად. ის ყოველთვის იყო საქართველოზე, ჩვენ ხალხზე უზომოდ შეყვარებული, რაც მის ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობოდა

– გოგი ქავთარაძე 2-ჯერ ჩაება პოლიტიკაში და ორჯერვე საქართველოსთვის მნიშვნელოვან, გარდამავალ წლებში. ბოლოს ის “ქართული ოცნების” სიით გახდა დეპუტატი, მაგრამ იმ ე.წ. ძველებში მოხვდა, რომლებიც “ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ ჩამოიცილა. როგორი იყო გოგის მოლოდინები და განწყობა?

– ის ყოველთვის იყო ქართველი პოლიტიკოსი, მაშინაც, როდესაც პოლიტიკაში ოფიციალურად არ იყო, პირველ რიგში თეატრიდან. მაშინაც კი, როდესაც ბევრი რამის ხმამაღლა თქმა აკრძალული იყო, ის ამბობდა სპექტაკლებით. საბჭოთა ეპოქაში არავინ საუბრობდა ხალხში იმაზე, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყო და ბოლშევიკებმა ძალით “გააწითლეს”. ჩემს ახლობლებში უმეტესობამ ეს არ იცოდა. გოგიმ კი, 70-იანი წლების დასაწყისში დადგა კანდელაკის პიესა “დრო 24 საათი”. მაზნიაშვილის კოალიციური ჯარის მობილიზაციაზე და აჭარის განთავისუფლებაზე. მაშინ ეს პიესა ნამდვილი ბომბივით იყო. უამრავ ეროვნულ საქმეს აკეთებდა ხმაურის გარეშე. მერე დაპირისპირებულ აფხაზეთში ქართულ თეატრს ხელმძღვანელობა და ტრიუმფალური წინსვლა ჰქონდა. ომამდე დარჩა იქ. შემდეგ ყველგან იდგა, სადაც ხალხი იყო. არასდროს გვისაუბრია პოლიტიკაზე, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი უსიტყვოდ გასაგები იყო. ბოლო პერიოდში, სააკაშვილის რეჟიმის დროსაც, ქუჩაში ერთად მოგვიწია დგომა უსამართლობის წინააღმდეგ.

– როგორია თქვენი გოგი ქავთარაძე?

– არიან ადამიანები, რომლებიც ისე გექცევიან, ისეთ სიტყვებს გჩუქნიან, რომ მთელი ცხოვრება დადებითად გმუხტავს. მათი ბიოგრაფია გასწავლის. მძიმე პერიოდებშიც მათი ნათქვამები გშველის. ჩემთვის ასეთი ადამიანი გოგი ქავთარაძეა.

 

ესაუბრა შორენა პაპაშვილი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი