საქართველოს საერთაშორისო იმიჯი დილემის წინაშე – “სააკაშვილი, პირველ რიგში, ფსიქიატრებმა უნდა შეამოწმონ”
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი დღეს დილემის წინაშეა – ერთ მხარეს პატიმარი ექსპრეზიდენტის – სააკაშვილის სურვილებია, მეორე მხარეს საქართველოს მოსახლეობის 80%-ის მომავალი და მათი უფლებები მშვიდობაზე, ხვალინდელ დღეზე და განვითარებაზე.
მაია ნიკოლეიშვილის მოსაზრებით, საჭიროა სწორი არჩევანის გაკეთება იმ თვალსაზრისით, თუ ქვეყნისთვის დღეს რა უფრო მნიშვნელოვანია.
“რა თქმა უნდა, 80%-ის უფლებები უფრო მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, დილემა სწორედ ესაა. როდესაც ადამიანი არის პენიტენციურ სისტემაში, იქ პირადი ცხოვრება ეზღუდება. ის ვერასოდეს განიხილება ისე, როგორც გარეთ მყოფი. გამორიცხულია. იმიტომაც არის სასჯელის აღსრულების დაწესებულება. იქ პირად ცხოვრებას შეზღუდვები აქვს. პირველი – თავისუფლების უფლება არის შეზღუდული და მთელ რიგ უფლებებში შეზღუდულია ის ადამიანი. წარმოიდგინე, მისი უფლება და ადამიანების, რომლებსაც თავისუფლებაც აქვს, გადაადგილების უფლებაც, არანაირი სასჯელი არ ადევთ, სიცოცხლის უფლება აქვთ და თავის ქვეყანაში ცხოვრების უფლება. ჩვენ არ გვინდა ლტოლვილებად ვიქცეთ. ჩვენ მშვიდობიან საქართველოში და ჩვენ მიწაზე გვინდა ცხოვრება”, – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.
როგორც მან მედია სააგენტო “24”-თან ინტერვიუში განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობენ ევროპარლამენტის დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას კანონგარეშე მოქმედება აიძულონ, რომ სააკაშვილის საკითხის გამო, ქართული მართლმსაჯულება სამართლის ჩარჩოებიდან გავიდეს.
მაია ნიკოლეიშვილის შეფასებით, დღევანდელი ევროპარლამენტი საკმაოდ დისკრედიტებულია, განსაკუთრების ევროპელ პოლიტიკოსთა ის ნაწილი, ვისაც ლობისტები ჰქვიათ. თავის მხრივ, ლობიზმი, რომელიც ნორმალურ მოვლენად წარმოგვედგინა, დღეს მექრთამეობად იქცა.
“ისედაც ხომ ვხედავთ, რომ კუბილიუსები და ფოტიგები მომაგრებულნი არიან იმისთვის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დაკბინონ, პირდაპირი მნიშვნელობით. ამ ფონზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ლობიზმი უკვე არის აბსოლუტურად უსამართლო პროტექციონიზმი. სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპული დემოკრატიის სახე ყველაზე უფრო უარესია, რაც კი ოდესმე ყოფილა მათ ისტორიაში, ყველაზე უსამართლო და ყველაზე ანგარებიანი”, – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.
სამედიცინო ექსპერტი “24”-თან ინტერვიუში საუბრობს პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც და აღნიშნავს, რომ მსჯავრდადებულს არასწორად მკურნალობენ. პირველ რიგში ის ფსიქიატრებმა უნდა შეამოწმონ, გაიგონ, სომატურია ეს დაავადება თუ ნევროლოგიური. ნამდვილად აქვს მას კუნთების ატროფია, ნამდვილად აქვს ნერვ-კუნთოვანი გადაცემის შეფერხება, პათოლოგია თუ არა. თუ ორგანული არ არის, მერე უნდა შემოწმდეს სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა.
სამედიცინო ექსპერტის თქმით, არსებობს ცნობილი ფაქტები, როდესაც ადამიანს აქვს სრულიად ჯანმრთელი კუნთოვანი სისტემა და შეიძლება დამბლის გამოვლინება იყოს, რაც შესაძლოა, არ იყოს სიმულაცია, არამედ იყოს ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე.
“ეს ორივე პასუხი თუ გვექნება, მერე შეიძლება ითქვას, ეს არის სიმულაცია – არარსებულის მოგონება, თუ აგრავაცია – არსებულის დამძიმება. ამ დიფერენცირებას სჭირდება სერიოზული მუშაობა და მასალები. მაგრამ აქამდე ეს გამოკვეთილი არ ყოფილა. ამაზე ყველა გაჩუმდა. მიკვირს, ამდენი ექიმი მუშაობდა და როგორ არ რცხვენიათ ახლა ამას რომ უყურებენ და მათ ამის შესახებ, ან არ იცოდნენ, თუ არ იცოდნენ, ე.ი. არასაკმარისი კვლევა ჩაუტარებიათ და დასკვნა ისე გაუციათ, ან იცოდნენ და დამალეს”, – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი. (ინტერვიუ ვრცლად იხილეთ აქ: )
აღსანიშნავია, რომ 22 დეკემბრის სასამართლო პროცესზე პატიმარი სააკაშვილის ონლაინჩართვის კადრი ფართო გამოხმაურებისა და პოლიტიკური განცხადებების საგანი გახდა. ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი სააკაშვილთან დაკავშირებით სიმულაციას გამორიცხავს და აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს აღენიშნება დემენცია, ასევე, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რის გამოც დაუშვებელია ის ციხეში იჯდეს.
როგორც ამერიკელი ექსპერტი ამბობს, სააკაშვილთან აქტიური, ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა მიმდინარე წლის აგვისტოში.
“ძალიან დიდხანს ვესაუბრებოდი ხოლმე დილით და საღამოს. ვესაუბრე დედამისსა და ბიძამისს, წავიკითხე სხვა სამედიცინო ექსპერტების ანგარიშები და ყველა მათგანმა ერთი და იგივე რამ აღმოაჩინა – დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. სიმულაციის ან გაყალბების არანაირი საფუძველი”, – აცხადებს ერიკ დევიდ გოლდსმიტი.