,,დანახული ხიდთან“ – ჯარჯი და ანტონ ბალანჩივაძეების გამოფენა ეროვნულ გალერეაში

გალერეაში ჯარჯი ბალანჩივაძის 60-მდე ფერწერული ნამუშევარი და ამ პროექტისთვის, ანტონ ბალანჩივაძის მიერ შექმნილი 40-ზე მეტი ტილო და ინსტალაციაა წარმოდგენილი.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა გალერეამ, ჯარჯი და ანტონ ბალანჩივაძეების გამოფენის – ,,დანახული ხიდთან“ – გახსნას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდოობის სამინისტრო ავრცელებს.

გალერეაში ჯარჯი ბალანჩივაძის 60-მდე ფერწერული ნამუშევარი და ამ პროექტისთვის, ანტონ ბალანჩივაძის მიერ შექმნილი 40-ზე მეტი ტილო და ინსტალაციაა წარმოდგენილი. ღონისძიებაზე, ჯარჯი ბალანჩივაძის ფერწერული ნამუშევრების საიუბილეო ალბომის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც ორენოვანია. მასზე კი, ჯარჯი ბალანჩივაძის ოჯახის წევრებმა – მისმა შვილმა, მხატვარმა ანტონ ბალანჩივაძემ და მეუღლემ, მუსიკოსმა ქეთევან ბალანჩივაძემ იმუშავეს. წიგნის დიზაინის ავტორი კი, ალექსანდრე ჩხაიძეა.

აღსანიშნავია, რომ ხელოვანს, 80 წელი შეუსრულდებოდა.

შეგახსენებთ, რომ კომპოზიტორი, მუსიკოსი და მხატვარი ჯარჯი ბალანჩივაძე 1972-1976 წლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი იყო. ხელოვანმა თბილისს არაერთი სოლო კონცერტითა და გამოფენით დაამახსოვრა თავი. მისი მოღვაწეობა, საქართველოს საზღვრებსაც გასცდა და თავი სომხეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაშიც დაიმკვიდრა.

აღსანიშნავია, რომ მან მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები თბილისსა და გერმანიაში; იყო კამერული ორკესტრის, „ორფეოსის“, დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ასევე, ავტორია სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და სხვა ჟანრის ნაწარმოებებისა.

ქართველი პიანისტი ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა 1-ლი კონკურსის ლაურეატი (1960 წ.) გახლდათ. ასევე, იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს I პრემიის ორგზის ლაურეატი და ფ. ლისტის სახელობის მედლის (1991 წ., უნგრეთი) მფლობელი.

ხაზგასასმელია ანტონ ბალანჩივაძის შემოქმედებითი ცხოვრებაც. ის თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის შემდეგ, სხვადასხვა გამოფენასა და ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროექტში მონაწილეობდა. მისი ნახატები კი, გამოფენილი ლუვრში და ვენაში პიკასოს, დალისა და შაგალის ორიგინალებთან ერთად იყო. ქართველი ფერმწერის ნამუშევრები თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და გალერეაში ინახება. ასევე, პარიზის გალერეა „კრისტინ კოლა”-ში, ვენის გალერეა ,,JMA“-ში, ლონდონის Camden Art Gallery-ში, ასევე, საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, იაპონიის, აშშ-ის, საბერძნეთის, უნგრეთის, ინგლისის, ესტონეთის, შვეიცარიის, ისრაელის, ჩეხეთის, ავსტრიისა და თურქეთის კერძო კოლექციებში.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი გამოფენის დათვალირებას, სტუმრები 15 იანვრამდე შეძლებენ.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი