ფირების დაწებებით დაწყებული გზა გენიალურობისკენ – 119 წლის წინ მიხეილ კალატოზიშვილი დაიბადა

ერთადერთი საბჭოთა ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო, ქართველ რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილს ეკუთვნის.

ქართველი გენიალური კინორეჟისორი და სახალხო არტისტი 1903 წლის 28 დეკემბერს თბილისში დაიბადა. იგი ბავშვობიდანვე ხელოვნებით, განსაკუთრებით მხატვრობით იყო დაინტერესებული და ინტენსიურად ეცნობოდა მხატვართა შემოქმედებებს. რეჟისორი, თავისი კარიერის დასაწყისში არაერთ პროფესიას ითავსებდა. სხვადასხვა წელს კალატოზიშვილი: ფირის დამწებებლად, კინომექანიკოსად, მემონტაჟედ, ოპერატორის ასისტენტად (“ჯანყი გურიაში”), ოპერატორად (“ორთქმავალი 1000ბ”, “ბიული”) სცენარისტად (“ბოშური სისხლი”), მძღოლად და ლაბორანტად მუშაობდა, ასევე აქვეყნებდა წერილებს ჟურნალში “მემარცხენეობა”, რომლებშიც აქტიურად გამოთქვამდა აზრს კინოს შესახებ. რეჟისორმა თავისი თავი მსახიობის ამპლუაშიც გამოცადა, 1925 წელს გადაღებულ ივანე პერესტიანის ფილმში ,,სამი სიცოცხლე’’ და „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმეში“ ითამაშა.

მიხეილ კალატოზიშვილი

1928 წელს მიხეილის პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარი, ფილმი – ,,მათი სამეფო’’ გამოვიდა. 1929 წელს კალატოზიშვილი სვანეთში გაემგზავრა და თავის პირველი მხატვრულ ფილმი „უსინათლო“ გადაიღო, რომელიც საბჭოთა მთავრობამ „ფორმალისტურ“ ნაწარმოებად მიიჩნია, მისი კინოეკრანებზე გაშვება აკრძალა, ფირი გაანადგურეს და რეჟისორს ფორმალიზმში დასდეს ბრალი. “ფორმალიზმი” – ეს იყო ბრალდება, რომელიც მიხეილ კალატოზიშვილს არაერთხელ წაუყენეს. ამ ბრალდებით მოიხსნა ეკრანებიდან კალატოზიშვილის 60-იან წლებში გადაღებული ფილმები – “დაუმთავრებელი წერილი” და “მე – კუბა”. აკრძალვის შემდეგ, „უსინათლოს“ გამოუყენებელი კადრებისაგან და სვანეთში გადაღებული სხვა მასალისაგან კალატოზიშვილმა 1930 წელს თავისი შედევრი – ,,ჯიმ შვანთე’’ (,,მარილი სვანეთს’’) შექმნა, რომელშიც დოკუმენტური და მხატვრული კინოს სანახაობითი პრინციპები გააერთიანა. სამწუხაროდ საბჭოთა ხელისუფლებამ აღნიშნულ ფილმსაც გამოუცხადა ბრძოლა, რასაც 30-იან წლებში კალატოზიშვილის ახალი ფილმის – “ლურსმანი ჩექმაში” აკრძალვა მოჰყვა.

მიხეილ კალატოზიშვილის მოღვაწეობა საქართველოში ხანგრძლივი არ ყოფილა. 1936 წელს კინოსტუდიის ხელმძღვანელობისას ცოტა ხნით დააპატიმრეს კიდეც. გათავისუფლების შემდეგ რეჟისორი მოსკოვში გაემგზავრა და მიხეილ კალატოზოვი გახდა.

1936 წელს ქართველმა კინორეჟისორმა სწავლა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში განაგრძო, სწავლის დამთავრების შემდეგ, კი კინოსტუდია „ლენფილმში“ რეჟისორად დაიწყო მუშაობა. 1939 წელს მიხეილ კალატოზიშვილი სარეჟისორო მოღვაწეობას ფილმით ,,მამაცომა’’ დაუბრუნდა. 1941- 56 წლებში მან გადაიღო ფილმები „ვალერი ჩკალოვი“, „განწირულთა შეთქმულება“, „ერთგული მეგობრები“, „პირველი ეშელონი“ და სხვა.

რეჟისორს დიდი წარმატება მოუტანა 1960 წელს გადაღებულმა ფილმმა „გაუგზავნელი წერილი“, რომელიც ტაიგაში დაღუპული გეოლოგების ჯგუფის ტრაგიკულ ამბავს ეძღვნება და უ. ნობილეს ჩრდილოეთ პოლუსის ექსპედიციის მასალების მიხედვით შექმნილმა, იტალია-სსრკ-ის ერთობლივმა ფილმმა „წითელი კარავი“.

მიხეილ კალატოზიშვილს მსოფლიო აღიარება 1957 წელს შექმნილმა ფილმმა ,,მიფრინავენ წეროები’’ მოუტანა, სადაც ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და მეგობრობის თემა სრულყოფილადაა ასახული. რეჟისორის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ნამუშევარმა „მიფრინავენ წეროები“ 1958 წელს კანის XI საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი – ოქროს პალმის რტო დაიმსახურა.

“მიფრინავენ წეროები” ერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო. 2001 წელს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კინემატოგრაფისტთა გამოკითხვის შედეგად, “მიფრინავენ წეროები” ყველა დროის საუკეთესო საბჭოთა ფილმად დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა და ქართული კინოს ისტორიაში აქამდე ვერავინ მოხსნა ქართველი კინორეჟისორის, მიხეილ კალატოზიშვილის რეკორდი.

კალატოზიშვილი 1973 წლის 26 მარტს, 69 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა.

თაკო ბოკუჩავა


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი