იურიდიულ მეცნიერებათა პროფესორი ოთარ გამყრელიძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

პროფესორი სამასამდე ნაშრომის ავტორია. გარდა ამისა, 2007 წლიდან, მისი რედაქტორობით, სამართლებრივი ჟურნალი ,,ცხოვრება და კანონი” გამოდის.

პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორისა და პუბლიცისტის, ოთარ გამყრელიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ოთარ გამყრელიძე 1932 წლის 14 მარტს, ზემო იმერეთის ულამაზეს მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში დაიბადა. 1951 წელს, თბილისის ვაჟთა მე-20 საშუალო სკოლა დაამთავრა. 1954-1957 წლებში კი, საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა. 1958-1963 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. 1990-1997 წლებში კი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიწვეული მეცნიერ-კონსულტანტი გახდა. 1991-2006 წლებში სამეცნიერო მუშაობის პარალელურად საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრია და სასამართლო პროცესებზე გამოდის. პარალელურად, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან.

აღსანიშნავია, რომ პროფესორი სამასამდე ნაშრომის ავტორია. გარდა ამისა, 2007 წლიდან, მისი რედაქტორობით, სამართლებრივი ჟურნალი ,,ცხოვრება და კანონი” გამოდის. ოთარ გამყრელიძე ახლა 90 წლის გახლავთ. ღირსების ორდენით დაჯილდოება კი, მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მისი საქმიანობის 60 წლის იუბილესთან ერთად მიულოცა.

„ეს დღე გამორჩეულია. გვაქვს შესაძლებლობა, აღვნიშნოთ ბატონი ოთარ გამყრელიძის ღვაწლი იურისპრუდენციაში, მისი როლი როგორც მეცნიერებაში, ისე პედაგოგიური მოღვაწეობის მხრივ და თაობების აღზრდაში. დღევანდელი დღე ამავე დროს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პარლამენტისთვის, ვინაიდან პირველად ხდება, რომ პარლამენტის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი აჯილდოებს ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრს ღირსების ორდენით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ქართულ სამართალმცოდნეობაში ოთარ გამყრელიძის ღვაწლსა და დამსახურებაზე ყურადღება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც გაამახვილა და განაცხადა, რომ ოთარ გამყრელიძის მოღვაწეობას, საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

,,ჩემთვის ორმაგად საამაყოა, რომ ჯილდოვდება გამორჩეული იურისტი, რომელიც მთელი თავისი საქმიანობისა და ცხოვრების მანძილზე მოღვაწეობდა სისხლის სამართალში. მისი ნაშრომები წინ უსწრებდა ქართული სამართლის განვითარებას და მისი ნაშრომები იყო საფუძველი, რომელმაც შემდგომ შექმნა საფუძველი საკანონმდებლო სივრცის განვითარების. ბატონი ოთარის ღვაწლი და მოღვაწეობა არის განსაკუთრებული. ჩვენ ვამაყობთ თქვენი შემოქმედებით და თქვენი მოღვაწეობით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დაჯილდოების ცერემონიალს პარლამენტის წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებოდნენ.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი