სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 90 წლის გახდა
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაბადების დღეა, მას 90 წელი შეუსრულდა.
ილია II ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ორჯონიკიძეში, ჩრდილოეთი ოსეთში დაიბადა. 1977 წლიდან იგი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.
2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა განისაზღვრა ასე: უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.
ილია II-ის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ. მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი სოფელ სნოდან, დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი, სოფელ სიონიდან. 1927 წელს, მათ ვლადიკავკაზშიც შეიძინეს სახლი, სადაც საქართველოს მომავალი პატრიარქი დაიბადა. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი, ქრისტესშობის დღეს, ქართულ ტაძარში მონათლეს და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად, ირაკლი უწოდეს. მისი ნათლიები არქიმანდრიტი ტარასი და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი) იყვნენ.
დედა ზოილეს პატარა ირაკლი, სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძისგან, სამი წლის ირაკლიმ ლოცვა-კურთხევა მიიღო. 1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1960 წელს, მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცული დოკუმენტები, სრულ წარმოდგენას გვიქმნის ირაკლი შიოლაშვილის მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლის პერიოდზე. მისი I კურსის ნიშნების ფურცელი, რომელიც 1953 წლის 11 მაისს არის შევსებული, გვამცნობს, რომ ირაკლი შიოლაშვილს ყველა საგანში ფრიადი აქვს, II კურსზე მხოლოდ ბერძნულში აქვს 4-იანი, III კურსზე კი, იგი კვლავ ფრიადოსანია.
ირაკლი შიოლაშვილმა I კურსზე სწავლის დროს, საკონკურსოდ წარადგინა თხზულება, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა. გამარჯვებული დაჯილდოვდა 50 მანეთით მიტროპოლიტ ფილარეტის ფონდიდან, ხოლო წმინდა სერგის სამების ლავრამ მას 30 მანეთი გადასცა. საპატრიარქო არქივში მისი ჩათვლის წიგნაკია (ნიშნების ფურცლები) დაცული. აკადემიის კურსდამთავრებულ მღვდელმონაზონ ილიას, ყველა საგანში ფრიადი აქვს.
1957 წლის 16 აპრილს, სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში, ბერად აღიკვეცა და სახელად წმინდა ელია წინასწარმეტყველის პატივსაცემად, ილია ეწოდა.
ასე იხსენებს ილია II ალექსანდრე ნეველის ეკლესიას:
“ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმინდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს”.
1957 წლის 18 აპრილს, სიონის საპატრიარქო ტაძარში, ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წლის 10 მაისს, წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზონად, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ჩვენი პატრიარქი, ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად დაინიშნა. 1960 წლის 19 დეკემბერს იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს, არქიმანდრიტის ხარისხი მიენიჭა.
1963 წლის 26 აგვისტოს კი, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა.
1963-1972 წლებში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი.
უწმინდესი და უნეტარესი, 1967 წელს, აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს.
1969 წელს, მიტროპოლიტის ხარისხი მიენიჭა.
1977 წლის 9 ნოემბერს კი, პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდა.
1977 წლის 23 დეკემბერს, ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს და იმ დღიდან, ჩვენი ქვეყნის მუდმივი მფარველია.
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები და სამი სახის კალენდარი. ასევე, დაარსდა გაზეთები. 1988 წელს, ილია II-ის თაოსნობით, მცხეთის სასულიერო სემინარია თბილისში გადმოიტანეს და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია დაარსდა. ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები გაიხსნა. ხულოში, სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია შეიქმნა. საუკუნეების შემდეგ, კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია.
20 წლის მანძილზე, საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი, 15-დან 33-მდე გაიზარდა. მონასტრების კი, 53-მდე. ახალი წმინდანების კანონიზება შედგა და აშენდა წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების უდიდეს საგანძურს წარმოადგენს.
სამების ტაძარი, საუკუნეთა განმავლობაში, დაამშვენებს თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარსა და სრულიად საქართველოს. ის ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იქნება, რომელიც მომავალ თაობებს, ქრისტიანული სარწმუნოების გზას, სანთლით გაუნათებს. უთვალავი კეთილი საქმისა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის ინიციატორია ჩვენი პატრიარქი. ის აღსაყდრებიდან დღემდე, საქართველოს კეთილდღეობისთვის იბრძვის. თავისი სამშობლოსა და ხალხის მუდმივად ერთგული ადამიანია, რომელიც ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, ნამდვილად ღმერთმა აჩუქა.
მედია სააგენტო “24” ულოცავს მის უწმინდესობას იუბილეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ.
სალომე ხომასურიძე
ასევე წაიკითხეთ:
“მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა”
“მთავარია, მსოფლიომ გაიგოს, რომ საქართველო იბრძვის, თუნდაც ჩემი დაჭერის ფასად”
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი, როგორც “ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი”