დედა-შვილობა ვარსკვლავური გზის მთავარი იმპულსი – ქართველი პიანისტის მსოფლიო წარმატება

დაუღალავი შრომის წყალობითა და ოჯახის წევრების ხელშეწყობით პიანისტი დღეს, მსოფლიოს უდიდეს საკონცერტო დარბაზებში უკრავს.

22 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი, 2000 წლის 17 სექტემბერს, ზემო იმერეთში, ჭიათურაში დაიბადა. მუსიკა ბავშვობიდან უყვარს. დაუღალავი შრომის წყალობითა და ოჯახის წევრების ხელშეწყობით პიანისტი დღეს, მსოფლიოს უდიდეს საკონცერტო დარბაზებში უკრავს.

სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულია. ის საფორტეპიანო სოლო კონცერტებთან ერთად, ორკესტრის თანხლებითაც ასრულებს ნაწარმოებებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახლახან სანდრო ესპანური მენეჯმენტ-სააგენტოს არტისტი გახდა. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ პიანისტს საკუთარი აგენტი ეყოლება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, კონცერტებს დაუგეგმავს. აღსანიშნავია, რომ ესპანური სააგენტო, 20 წელზე მეტია, ამ სფეროში მოღვაწეობს.

პიანისტს მუსიკის მიმართ სიღრმისეული სიყვარული 12 წლის ასაკიდან ჩამოუყალიბდა, თუმცა, მუსიკალური კარიერა უფრო ადრე – 6 წლის ასაკიდან დაიწყო. სანდროს აზრით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა ასაკში დაიწყებ სწავლას, მთავარია დაიწყო და საქმეში მთელი ძალა და ენერგია ჩადო.

ახალგაზრდა პიანისტის კარიერაში მთავარი როლი დედამ და მასწავლებლებმა ითამაშეს, რადგან სწორედ მათი გადაწყვეტილებაა გზა, რომელსაც ახლა სანდრო მიუყვება. პედაგოგებმა დაარწმუნეს სანდროს დედა, რომ მუსიკა იყო ის ჰორიზონტი, სადაც სანდროს საზღვრები არ ექნებოდა. სწორედ ამიტომ, პიანისტის მთელი ნიჭი და ენერგია ამ სფეროს უნდა მოხმარებოდა.

ასევე, ოჯახის ენერგია და ფინანსებიც აქეთ უნდა წარმართულიყო. ისინი მიხვდნენ, რომ სანდროს ამ სფეროში უფრო მეტი მასშტაბები ექნებოდა და ფრთებსაც უფრო ფართოდ გაშლიდა. სანდრო საკუთარ წარმატებას, პირველი მასწავლებლების დამსახურებადაც თვლის და ამბობს, რომ ლუდა ნადირაძე და ვოვა შერმაზანაშვილი ის ადამიანები არიან, რომლებიც მის ცხოვრებაში სწორ დროს აღმოჩნდნენ.

კლასიკური მუსიკის გარდა, სანდრო გეგეჭკორი ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას ეუფლებოდა და საკმაოდ წარმატებითაც. ის ანსამბლ “ფესვების” სოლისტი იყო, თუმცა, ცეკვის მიტოვება სწორედ მუსიკის გამო მოუხდა. პირველ-მეორე კლასებში უკვე სკოლის საგნებთან ერთად, ორ უცხო ენას სწავლობდა, ჭადრაკსა და ჭიდაობაზეც დადიოდა.

“ცეკვა საოცარია, ქორეოგრაფია ძალიან კარგია, მაგრამ ჩემთვის, მუსიკა არის ხელოვნების უმაღლესი მწვერვალი. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომელშიც უდიდესი წვლილი, დედაჩემსა და მასწავლებლებს მიუძღვით”, – აღნიშნავს პიანისტი.

სანდროს მუსიკალური სფეროს მიმართ სერიოზული ინტერესი, 2010 წელს, ქუთაისის “საყმაწვილო დელფიადან” დაიწყო, სადაც გრან-პრი მოიპოვა. ეს ჯილდო მის კარიერაში მნიშვნელოვანი სტიმული გახდა.

“ეს მნიშვნელოვანი კონკურსი იყო, რადგან ჩემში ინტერესი აღძრა და მოტივაცია გამიჩინა, რომ ახლა ამაზე მეტს თუ ვიმუშავებ, შეიძლება კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. ამ გრან-პრის აღების პროცესმა, ჩემში ყველა ბერკეტი გახსნა”, – აღნიშნავს სანდრო.

პირველი სოლო კონცერტი ვენაში, 14 წლის ასაკში გამართა. ღონისძიება ვენის “მოცარტ ჰაუსში” შედგა. პიანისტის ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონებაა.

ამ კონცერტს წინ უძღოდა 2015 წელს ერევანში მოგებული კონკურსი, რომელზეც ვენის დელეგაცია იმყოფებოდა. ქართველი პიანისტის ვენის სოლო კონცერტიც სწორედ მათი ინიციატივით გაიმართა. სანდრომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მუსიკალურ სფეროში მისი მიღწევები, პროფესორ ალექსანდრე გარბერის დიდი დამსახურებაა.

“მუსიკალურ სფეროში მე არაფერი ვიქნებოდი, რომ არ ყოფილიყო ჩემი ამჟამინდელი პროფესორი”, – დასძინა სანდრომ.

შემდეგ იყო კონცერტები მადრიდში, მიუნხენში, რომში, ბარსელონაში, გრანადაში, ბილბაოში ორკესტრთან ერთად, ნიდერლანდებში ამსტერდამსა და ჰილვერსუმში. რასაკვირველია, თბილისშიც. აქედან ზოგი სოლო კონცერტი, ზოგი კი, ორკესტრთან ერთად.

გარდა ამისა, სანდროს 4 უმნიშვნელოვანესი კონკურსი აქვს მოგებული. აქედან 3 საყმაწვილო-ახალგაზრდულია, ერთი კი, მსოფლიოს ტოპ-ათეულშია შესული, როგორც ურთულესი კონკურსი.

პირველი იყო 2015 წელს ერევანში, არნო ბაბაჯანიანის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, სადაც გრან-პრი მოიპოვა. მერე თბილისში, შოპენის რესპუბლიკური კონკურსი. ამას ავსტრიაში, ვენაში გამართული ფოირეხის კონკურსი მოჰყვა, სადაც ასევე გრან-პრის მფლობელი გახდა. ბოლოს კი, ესპანეთში, ბარსელონაში მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და პირველი ადგილი აიღო. ჯილდოდ ოქროს მედალი და უამრავი პრიზი გადასცეს, საკონცერტო ტურნე მოუწყვეს.

სანდრო გეგეჭკორი

სანდრო გეგეჭკორი გვიყვება, რომ ამ კონკურსის მოგების შემდეგ, 2-3 თვე ეიფორიაში იყო, რადგან ამ გამარჯვების თან სჯეროდა, თან არა. ეიფორიის პერიოდის გავლის შემდეგ კი, გააანალიზა, რომ ამხელა კონკურსის მოგების მიუხედავად, კიდევ უფრო მეტი მოეთხოვებოდა.

“ცნობილი ფაქტია,რომ კლასიკურ მუსიკაში “მწვერვალი” არ არსებობს, რომ თქვა, – რაღაც მწვერვალს მიაღწიე. იცი, რომ იმაზე 3-ჯერ უფრო დიდი მწვერვალი მოდის და იქ თუ გაჩერდი, ეს მწვერვალი 2 წლის შემდეგ, აღარაფერი არ იქნება. ამ რელსებზე ვდგავარ დღემდე, რომ კლასიკური მუსიკა შეუჩერებელი მწვერვალების მუსიკაა, სულ ახალ-ახალ მწვერვალზე უნდა ახვიდე”, – აღნიშნა ხელოვანმა.

მსოფლიოში ცნობილ 22 წლის ქართველ პიანისტს სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის სურვილი კვლავ აქვს, რადგან მწვერვალები არ მთავრდება. პიანისტი ფიქრობს, რომ თუ კიდევ ერთ მსგავს კონკურსზე წარმატება ხვდა წილად, მაშინ იტყვის რომ ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ადამიანი ყოფილა. სამომავლოდ, მისი გეგმები სასწავლებლად წასვლასაც ითვალისწინებს, თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ არ სურს.

როგორც მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას, სანდრო აღნიშნა, მის წარმატებაში დიდი წვლილი, ოჯახის წევრებს მიუძღვით და ახლა, მისი დროა, ეს ამაგი უკან ასმაგად დააბრუნოს.

“ჩემი წარმატებისთვის ჩემი ოჯახის წევრებმა იმდენი შრომა გასწიეს და იმდენი ენერგია დახარჯეს, რომ უსამართლობა იქნება, მე მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში სიამაყის განცდა მოვაკლო. რამეს რომ მივაღწევ და ვიცი, რომ დედაჩემს ძალიან გაუხარდება, იქ ჩემს თავზე აღარც ვფიქრობ. ვიცი, რომ ეს მას გაუხარდება, მე ეს უკვე მაკმაყოფილებს”, – ამბობს ანდრო გეგეჭკორი.

დედა – გულთა კვანტრიშვილი, სანდროს ცხოვრებასა და წარმატებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მან საკუთარი ცხოვრება შვილს მიუძღვნა. როდესაც გადაწყდა, რომ სანდრო პიანისტი უნდა გამხდარიყო, მისი წარმატებისა და ფართო აუდიტორიებში მოხვედრისთვის დედამ ოჯახის დანარჩენი წევრები და სამსახური დატოვა და სანდროსთან ერთად, ცარიელი ხელებით, თბილისში გადმოვიდა, სადაც ცხოვრება, ფაქტობრივად, თავიდან დაიწყო. დედის ამ დიდ თავდადებას, სანდრო აფასებს და აღნიშნავს, რომ დედამისისგან ასეთი საქციელი არ უკვირს, რადგან ისიც არაჩვეულებრივი მშობლების აღზრდილია, რომლებმაც გულთას შვილის მიმართ სრული თავდადება, მაქსიმალური ენერგიის დახარჯვა და სიყვარული შთააგონეს. სანდრო უდიდესი სითბოთი და სიყვარულით ამბობს, რომ გულთამ ეს ყველაფერი იდეალურად შეასრულა და დღემდე ასე განაგრძობს.

“ვიტყოდი, რომ იდეალურად შეასრულა ყველაფერი, რადგან ახლა უკვე მინდა, რომ ამ ყველაფრის “გადახდა” დავიწყო და დავიწყე. ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთა. მე უზომოდ მადლიერი ვარ მისი, ის რომ არ ყოფილიყო, წარმოდგენა არ მაქვს, ცხოვრების რა ეტაპზე ვიქნებოდი. თვითონაც ისეთივე თავდადებულია ჩემთვის, როგორც მისთვის იყვნენ მისი მშობლები”, – განმარტა სანდრომ.

სანდროს ბავშვობაზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე, მედია სააგენტო ,,24“ გულთა კვანტრიშვილსაც ესაუბრა, რომელმაც შვილის წარმატებებზე საუბარი დაიმორცხვა, თუმცა აღნიშნა, რომ ნამდვილად ბედნიერი დედაა, როცა აანალიზებს, რომ სანდრომ ამდენი შრომა ასე დაუფასა.

როგორც გულთა გვიყვება, სანდრო მუსიკალურ სკოლაში, 6 წლის ასაკიდან დადიოდა და მუსიკა ძალიან უყვარდა, თუმცა, მუსიკასთან ერთად ცეკვაც მოსწონდა და თავს სხვა აქტივობებითაც იტვირთავდა. საბოლოოდ კი, ამ გზის არჩევა მაინც თვითონ გადაწყვიტა. 13 წლის ასაკში მუსიკალურ ათწლედში მისვლამდე, მან სანდროს არჩევანის საშუალება მისცა და შვილის გადაწყვეტილებას დაელოდა. პიანისტმა კი, მუსიკის მიმართ უზომო სიყვარული აირჩია და შედეგმაც არ დააყოვნა.

სანდრო დედასთან გულთა კვანტრიშვილთან ერთად

გულთა იხსენებს, რომ სანდრო ჰიპერაქტიურობითა და ცელქობით გამოირჩეოდა, თუმცა, ამასთან ერთად, პასუხისმგებლობის გრძნობაც ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით კი, ერთი ფაქტი გაიხსენა:

ერთ-ერთ კონკურსზე ჭიათურიდან თბილისში იყვნენ წამოსულები, საიდანაც მშობლიურ ქალაქში, გვიან დაბრუნდნენ. მეორე დღეს კი, სანდრო სკოლაში უნდა წასულიყო და, რა თქმა უნდა, გაკვეთილები ნასწავლი არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დედის მხრიდან სკოლის გაცდენის შეთავაზება მიიღო, დილით ადრე მაინც უსწავლია გაკვეთილები და სკოლაში წასულა.

როგორც დედა ამბობს, სანდრო იმდენად აქტიური ბავშვი იყო, საჭმელსაც კი, მოუსვენრად მიირთმევდა.

პირველ რიგში, სანდროს წარმატებას დედა პიანისტის მონდომებით ხსნის და შემდეგ უკვე, საკუთარ წვლილზეც საუბრობს. ამბობს, რომ თბილისში გადმოსვლისა და ნიჭიერთა ათწლედში სწავლის დაწყების შემდეგ, სანდრო ამ საქმეს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა.

“სხვანაირად ჩაუჯდა მეცადინეობას. კონკურსებში გაიმარჯვა, წარმატებული კონცერტები ჰქონდა და ამ ყველაფერმა, მეტი მოტივაციაც შესძინა. დღემდე ასე განაგრძობს”, – აღნიშნა სანდროს დედამ.

დედისთვის შვილის წარმატებით მიღებულ ემოციებზე დიდი შეგრძნება, არ არსებობს.

“ყველაფერს რომ აკეთებ, მუშაობ, სწავლაში ხელს უწყობ და შვილი ამ შრომასა და ამაგს წყალში არ გადაყრის, როცა იმედებს გიმართლებს, ეს საოცარი შეგრძნებაა”, – განმარტა გულთამ.

დედა-შვილის კონცერტებს თბილისში ყოველთვის ესწრება. საზღვარგარეთ კი, ორჯერ ახლდა ამსტერდამსა და ვენაში. გულთა პატარა საიდუმლოსაც გვიმხელს. როცა სცენაზე სანდროს გამოსვლის დრო მოდიოდა, დედა დარბაზიდან გადიოდა, რადგან ძალიან ნერვიულობდა და სანდრო ნაწარმოების შესრულებას რომ დაასრულებდა, მხოლოდ მაშინ ბრუნდებოდა. მერე კი, ნანობდა, რომ შვილის გამოსვლას არ დაესწრო. ახლა ასე აღარ ხდება, სანდროს გამოსვლას დედა ყოველთვის დარბაზიდან ადევნებს თვალს, რადგან დარწმუნებულია, რომ მაყურებლის წინაშე, მოუმზადებელი არ წარდგება.

სანდრო გეგეჭკორის კონცერტები ანშლაგებით მიმდინარეობს. ახლახან ბილბაოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, 2 კონცერტი გამართა. დეკემბერში მის შემოქმედებას თბილისმა უმასპინძლა. თებერვალში სანდროს სოლო კონცერტს ბარსელონაში მოუსმენენ. თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში კი, პიანისტი ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზის წინაშე წარდგება.

უკვე მაისში, კვლავ ბარსელონას ესტუმრება, ამჯერად დისკის ჩასაწერად. ზაფხულის პირველ თვეს კი, კონცერტს ორკესტრთან ერთად, კანარის კუნძულებზე გამართავს.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი