ქართული ეროვნული კოსტიუმების უბადლო ავტორი – 115 წლის წინ თბილისში სოლიკო ვირსალაძე დაიბადა

სოლიკო ვირსალაძემ სცენაზე მხოლოდ ხალხური კოსტიუმი კი არ აიტანა, თავისი შექმნილი კოსტიუმებიც გაახალხურა.

115 წლის წინ, 1908 წლის 13 იანვარს, თბილისში, თეატრალური მხატვარი და სცენოგრაფი, სსრ კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ლენინური და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სსრკ-ის სახალხო მხატვარი სიმონ (სოლიკო) ბაგრატის ძე ვირსალაძე დაიბადა.

მამა – ბაგრატ ვირსალაძე ეკონომისტი იყო და საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა. ბაგრატი საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას ძალიან განიცდიდა და ბოლშევიკების მხილებასაც არ ერიდებოდა. ბაგრატ ვირსალაძის დიდი გატაცება, თეატრი იყო.

სოლიკოს დედა – ელენე მუსხელიშვილი, გენერლის ქალიშვილი იყო. მან წმინდა ნინოს სასწავლებელი, ოქროს მედალზე დაასრულა და სწავლის გასაგრძელებლად, ჟენევაში წასვლა დაგეგმა. ქალმა ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ოცნება მაინც აისრულა, ოქროს მედალი გაყიდა და ჟენევაში გაემგზავრა.

სოლიკოს მშობლების ბედი უცხო მიწაზე გადაიკვეთა. ისინი ერთმანეთს ,,სიყვარულის ქალაქში“- პარიზში შეხვდნენ. ელენე მუსხელიშვილი ძალიან განათლებული ადამიანი იყო. უცხოეთიდან რომ ჩამოვიდა, წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მუშაობდა. “ჯეჯილში” მოთხრობებს ბეჭდავდა, არაჩვეულებრივად ხატავდა და მღეროდა. სოლიკო ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მხატვრობისა და მუსიკისადმი ინტერესი მისმა ოჯახმა განაპირობა.

10 წლის სოლიკო ვირსალაძე, პერინის საბალეტო სტუდიაში შეიყვანეს, სადაც სოლიკომ, ამავე სტუდიის მოწაფეები – ვახტანგ ჭაბუკიანი და ნინო რამიშვილი გაიცნო. ქორეოგრაფიული სასწავლებლის პარალელურად, მ. თოიძის სამხატვრო სტუდიაშიც სწავლობდა. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ, 1928 წელს, სწავლა საკავშირო სამხატვრო ტექნიკურ ინსტიტუტში, ფერწერის ფაკულტეტზე განაგრძო. 1930 წელს კი, როდესაც მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტის თეატრალური განყოფილება და ლენინგრადის სამხატვრო აკადემია გაერთიანდა, სოლიკო ვირსალაძე, სასწავლებლად ლენინგრადში გადავიდა.

1931 წელს დაამთავრა ლენინგრადის ნატიფ ხელოვნებათა აკადემია და სამშობლოში ახალი იდეებითა და მიზნებით დაუბრუნდა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული სცენოგრაფი, 1931 წლიდან, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის კოსტიუმების დიზაინერი იყო. 1945 წლიდან კი, უკვე ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის მუშაობდა. მსოფლიო სცენებზე, “სუხიშვილების” კონცერტების მიმდინარეობისას, დარბაზში ცეკვის დაწყებისთანავე, აპლოდისმენტები გაისმოდა.

“ეს ტაში, სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმებს ეკუთვნოდა! სოლიკოს გენიალური კოსტიუმების გარეშე, ეს აღიარება, რაც ანსამბლმა წლების მანძილზე მიიღო, არ იქნებოდა…” – იხსენებდა ნინო რამიშვილი.

სოლიკო ვირსალაძე ანსამბლის უცვლელი მხატვარი და ისტორიული ნაწილი გახდა, მან სცენაზე მხოლოდ ხალხური კოსტიუმი კი არ აიტანა, თავისი შექმნილი კოსტიუმებიც გაახალხურა: “სამაია”, “აჭარული”, “სადარბაზო”, “აფხაზური”, “ჯეირანი”, “ყაზბეგური”, “დოქებით ცეკვა”, “ხორუმი”, “სიმდი“. 1937-1962 წლებში, სოლიკო ვირსალაძე ქალაქ ლენინგრადის (რუსეთი. ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარიც იყო. 1957 წლიდან, ბალეტმაისტერ იური გრიგოროვიჩთან მუშაობდა. მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი „ქვის ყვავილი“ იყო, რომელიც ლენინგრადში შესრულდა. 1960 წელს, მას მოსკოვის “დიდ სცენაზე” თორმეტი სპექტაკლი მოჰყვა, რომელთა შორის, ისეთი ხელოვნების უმაღლესი ნამუშევრები იყო, როგორიცაა: „სპარტაკი“, „მაკნატუნა“, „გედების ტბა“, „ლეგენდა სიყვარულზე“, „რომეო და ჯულიეტა“, „ივანე მრისხანე“.

სოლიკო ვირსალაძის დიაპაზონი დაუჯერებლად ფართოა. მის შემოქმედებაში ვხვდებით ისეთ დრამატულ სპექტაკლებსაც, როგორიცაა: შ. რუსთაველის სახელობის თეატრში – ს. შანშიაშვილის “კრწანისის გმირები” (1943წ.); ე. როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი” (1945წ.); “დიდი ხელმწიფე” ს. სოლოვიოვის პიესის მიხედვით (1941წ.) და სხვ.

აღსანიშნავია, რომ მხატვარმა შექმნა კოსტიუმები გ. კოზინცევის ფილმებისათვის “ჰამლეტი” და “მეფე ლირი” 1970 წ, რომლისთვისაც ლენინური პრემია დაიმსახურა. ამასთან ერთად, იგი საბალეტო დადგმებზე მსოფლიო თეატრების სცენებზე მუშაობდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: პარიზი, სტოკჰოლმი, რომი, ვენა, პრაღა, სოფია.

სოლიკო ვირსალაძეს ცოლ–შვილი არ ჰყავდა. ამბობდა, რომ ხელოვნებაზე იყო დაქორწინებული, შვილებად კი, დისშვილებს, შვილიშვილებად დის შვილიშვილებს თვლიდა. მხატვრის ოჯახს ტრაგიკული ბედი ჰქონია, ჯერ 30-იანი წლების რეპრესიებს, მხატვრის მამა და უფროსი დის, ხელოვნებათმცოდნე თინათინ ვირსალაძის მეუღლე მეთოდე (ცაცა) ხოშტარია შეეწირნენ. მისი უმცროსი და – ფოლკლორისტი ელენე (ლოლოტა) ვირსალაძე, გადასახლებული იყო, რომლის შვილიშვილი მსახიობი ლევან აბაშიძე გახლდათ. ლევანი სოლიკოს გამორჩეულად უყვარდა, ის აფხაზეთის ომს შეეწირა.

სოლიკო ვირსალაძე, სისხლის გათეთრებით, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. შეუცვლელი სცენოგრაფი და საქართველოს კულტურული ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

სალომე ხომასურიძე