პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი საჩხერეში (ვიდეო)

ექსპოზიციის შექმნისას, მამაპაპისეული სახლის ავთენტური სახე, მაქსიმალურად შენარჩუნდა, რაც სახლ-მუზეუმის არსებობის აუცილებელი პირობაა.

საჩხერის მუნიციპალიტეტში ქართველი უბადლო პოეტის, მთარგმნელისა და ესეისტის, პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და პაოლო იაშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ. მინისტრმა პოეტის შთამომავლებს და ადგილობრივ მოსახლეობას პაოლო იაშვილის მშობლიური სახლის გაცოცხლება მიულოცა.

ცნობილია, რომ პაოლო იაშვილის მშობლიური სახლის სახლ-მუზეუმად და კულტურის კერად გადაქცევის მიზნით, მუშაობა 2022 წლის აპრილში, პოეტის შთამომავლებთან შეხვედრის შედეგად, კულტურის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო.

როგორც ცნობილია, მუზეუმის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის სამუშაოების განსახორციელებლად დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, პირველ ეტაპზე სამუზეუმო კონცეფცია შექმნა, კერძოდ, სახლ-მუზეუმის ხუთი ოთახი ასეთ თემატურ სივრცეებად დაყო: პოეტის ბავშვობა და ოჯახი, ქუთაისის პერიოდი, მულტიმედიური სივრცე, ცისფერყანწელების დარბაზი და პაოლოს ოთახი.

შეგროვდა და დამუშავდა საარქივო და ფოტომასალა, შესაბამისი ეპოქის ავეჯი და რელიკვიური ნივთები. ასევე, ოჯახის ავეჯი რესტავრირდა. მეტი მრავალფეროვნებისთვის, საინფორმაციო სტენდები და ვიდეორგოლები დამონტაჟდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპოზიციის შექმნისას, მამაპაპისეული სახლის ავთენტური სახე, მაქსიმალურად შენარჩუნდა, რაც სახლ-მუზეუმის არსებობის აუცილებელი პირობაა.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სამუშაოებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა პოეტის ოჯახი, ადგილობრივი მოსახლეობა და საჩხერის მუნიციპალიტეტი.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი