“ფონოგრაფმა რამდენიმე პოლკა დაუკრა” – “ივერია” XIX საუკუნის აღმოჩენაზე

XIX საუკუნის ბოლოს მექანიკური ბგერათჩაწერისა და ბგერათწარმოების ხელსაწყოს – ფონოგრაფის შექმნა, ამერიკელი მეწარმისა და გამომგონებლის, თომას ედისონის სახელს უკავშირდება.

სწორედ თომას ედისონი იყო ის ადამიანი, რომელმაც 1977 წელს, იმ დროისთვის, მნიშვნელოვანი ხელსაწყო გამოიგონა და რომელიც შემდგომ საუკუნეში ე.წ. ელექტროფონმა და მაგნიტოფონმა ჩაანაცვლა. ფონოგრაფი დღემდე არსებობს იმ ადამიანების ოჯახებში, რომლებმაც ის, საოჯახო რელიკვიად აქციეს.

XIX საუკუნეში ფონოგრაფის შექმნა საზოგადოებისთვის ნამდვილი აღმოჩენა და მნიშვნელოვანი სიახლე გახლდათ. მაშინდელ ახალ ამბებს კი, ქართველები ერთ-ერთი წამყვანი გაზეთის – “ივერიას” ფურცლებიდან იგებდნენ. გაზეთი “ივერია” თომას ედისონის ტექნიკურ შემოქმედებასა და მის მიერ დამზადებულ პირველ ფონოგრაფს, რამდენიმე მნიშვნელოვან წერილს უთმობს. გაზეთში, ედისონის ბიოგრაფია და მისი გამოგონებების შესახებ, დაწვრილებითი ცნობებია გამოქვეყნებული.

1890 წლის “ივერიამ” მკითხველს, ედისონის გაუმჯობესებული ფონოგრაფის თბილისში ჩამოტანის შესახებ ამცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფონოგრაფს თბილისში 2 დღის განმავლობაში გააჩერებდნენ, შემდეგ კი, წაიღებდნენ.

ცნობილია, რომ ქალაქში ფონოგრაფის პირველი დემონსტრირება, სასტუმრო „ლონდონში“ შედგა, შემდეგ კი, სათავადაზნაურო ბანკის თეატრში.

ამ ამბავს გაზეთი ,,ივერია” ასე გამოეხმაურა:

„საზოგადოებამ ჰნახა და მოისმინა ედისონის ფონოგრაფი. ამ შესანიშნავი მანქანის სანახავად, თეატრში საკმაო საზოგადოება შეიკრიბა… თვით მანქანა ხელის სატრიალებელ საკერავ მაშინასა ჰგავს და კარგა გარკვევით გადასცემს მსმენელს ყოველივე ფირფიტაზე აღნიშნულს. ფონოგრაფმა, საზოგადოების წინაშე, რამდენიმე პოლკა დაუკრა… საზოგადოება ფონოგრაფის დიდი კმაყოფილი დარჩა და ზოგიერთი სათქმელი, ორჯერ გაამეორებინა… მესამე განყოფილებაში, როდესაც ფონოგრაფს თვით საზოგადოების მიერვე ჩაძახილი უნდა აღენიშნა ფირფიტაზე და უკანვე ამოეძახა, ერთი ყმაწვილი კაცი გამოვიდა და ფედოროვის საკმაოდ გრძელი ლექსი სთქვა. შემდეგ თვით ედისონის წარმომადგენელი ბ-ნი დრეზი მივიდა და სტვენა დაიწყო. გაიარა რამდენიმე წუთმა, ფონოგრაფმა უკლებლივ გაიმეორა ფედოროვის ლექსი და შემდეგ სტვენასაც მოჰყვა. აღტაცებულს საზოგადოებაში დიდი ტაშის-ცემა გაისმა“.

აღსანიშნავია, რომ თომას ედისონმა სახელი, სწორედ ფონოგრაფის გამოგონებით გაითქვა. შემდეგ ეპოქებში კი, ფონოგრაფი ბევრი გამომგონებლის შთაგონების წყაროდ იქცა.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი