ეროვნულ მუზეუმსა და სამხატვრო აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები კულტურული ფასეულობების შესწავლისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის საჭირო, ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ.
სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა“ და სსიპ „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში ითანამშრომლებენ, კულტურული ფასეულობების შესწავლისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის საჭირო, ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ.
მემორანდუმი, მხარეთა ერთობლივი საქმიანობით, უმაღლესი განათლების დონის ამაღლებას, შრომის ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას, სტუდენტების, მეცნიერებისა და აკადემიური პერსონალის საქმიანობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულთან ერთად, ეროვნული მუზეუმი, აკადემიას გამოცდილებას გაუზიარებს და აკადემიის საფონდო, საბიბლიოთეკო და საგამოფენო საქმიანობასაც ხელს შეუწყობს. უფრო ზუსტად კი, ეროვნული მუზეუმი, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში, აკადემიის ფონდების განსაზღვრული ვადით შენახვის მიზნით, სათანადო ფართს შეარჩევს. ამასთან, აკადემიის ფონდების შესწავლა-მოწესრიგებაში დახმარების მიზნით, კადრებსაც გამოყოფს.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მემორანდუმი, ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებული მუზეუმების საფონდო საქმიანობაში, აკადემიის სტუდენტების მონაწილეობასა და ცოდნის ამაღლებასაც ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მხარეთა თანამშრომლობა, ეროვნულ მუზეუმში, აკადემიის სტუდენტების პრაქტიკულ საქმიანობასა და მათთვის სხვადასხვა კოლექციის ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს. თანამშრომლობის დოკუმენტი, ოფიციალურად საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკა ახალბედაშვილმა, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან კი, რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ გააფორმეს.
სალომე ხომასურიძე