23 იანვარს, კალიგრაფიის დღე აღინიშნება – ხელწერაში ადამიანის ხასიათი ვლინდება

კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნება, ქვეყნის უდიდესი კულტურული განძი და მემკვიდრეობაა.

კალიგრაფია ბერძნული სიტყვაა და ლამაზად, მკაფიოდ წერის ხელოვნებას ნიშნავს. ამასთან, შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც თავისი ენერგეტიკა აქვს.

23 იანვარს, მსოფლიო ხელნაწერის დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში ისეთი უნიკალური ფენომენის პოპულარიზაციაა, რასაც ხელწერა ჰქვია. გრაფოლოგებისა და ფსიქოლოგების აზრით, ხელწერა ადამიანის სავიზიტო ბარათია, რომელიც მფლობელის ხასიათისა და განწყობის დადგენის საშუალებასაც გვაძლევს.

კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნება, ქვეყნის უდიდესი კულტურული განძი და მემკვიდრეობაა. ქართული დამწერლობა უძველესი ასომთავრულით, ნუსხურითა და თანამედროვე მხედრულით, მრავალსაუკუნოვან ისტორიას მოიცავს. საქართველოს მდიდარი კალიგრაფიული სკოლა და ტრადიცია აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. მის განვითარებასა და დახვეწაში კი, უდიდესი როლი ქრისტიანობამ და ქართულად ნათარგმნმა სასულიერო ლიტერატურამ ითამაშა.

ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი, მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა, ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არსებობს.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული, უძველესი, V საუკუნის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, „შუშანიკის წამება“, მის დაწერამდე, წერილობითი კულტურის განვითარების არსებობაზე მიანიშნებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართული ანბანის სამ სახეობას – ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს, 2015 წლის მარტში, არამატერიალური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა სახელწოდებით „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“. 2016 წლის 30 ნოემბერში კი, იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი