დუშეთის სახალხო თეატრს ვარსკვლავი გაუხსნეს
იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრის 143 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კულტურის სახლის შენობაში, თეატრის ვარსკვლავიც გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ღონისძიებაზე თეატრმა სხვადასხვა აქტივობას უმასპინძლა. თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო, თეატრის დასმა კი, თამარ პოპიაშვილის რეჟისორობით, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ დუშეთის თეატრი, საქართველოში მოქმედ სახალხო თეატრთა შორის ერთ-ერთი უძველესია. ცნობილია, რომ საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, სცენისმოყვარეთა კოლექტივების ჩამოყალიბება დაიწყო. ქ. დუშეთში კი, სწორედ ამ პერიოდში – 1880 წლის 20 იანვარს, პირველი სახალხო თეატრი დაარსდა. გიორგი ერისთავის ,,გაყრა” კი, სწორედ ის პირველი სპექტაკლი იყო, რომელმაც თეატრის პირველ მაყურებლებს უმასპინძლა. სპექტაკლში მთავარი როლის შემსრულებელი ქართველი უნიჭიერესი მსახიობი, ნატო გაბუნია გახლდათ.
დუშეთის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში, სხვადასხვა დროს, ქართველი სცენის ისეთი დიდოსტატები მონაწილეობდნენ, როგორიცაა: ვასო აბაშიძე, ვასო გოძიაშვილი, ნატო გაბუნია, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვალერიან გაბუნია, დიმიტრი ჩარკვიანი, ალექსანდრე კავსაძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, იაკობ ტრიპოლსკი, ელენე ყიფშიძე და სხვ.
1959 წელს დუშეთის დრამატულ დასს, სახალხო თეატრის წოდება, ოფიციალურად მიენიჭა. 2018 წლის 20 აპრილიდან კი, საქართველოს კულტურის ერთ-ერთი ძველი შემნახველი თეატრი, საქართველოს სახალხო არტისტის – იაკობ ტრიპოლსკის, სახელს ატარებს.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავის გახსნას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და მასთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზეიმო ღონისძიებას ნიკა წულუკიძე უძღვებოდა.
სალომე ხომასურიძე