“დემენცია – შიდა მოხმარებისთვის, მოწამვლა და წამება – საგარეოსთვის” – ექსპერტების ცრუ ჩვენება(?)
“ამერიკაში ცოცხალ პირთა ექსპერტიზა, არ არსებობს, მხოლოდ გვამის ექსპერტიზა აქვთ” – ინტერვიუ მაია ნიკოლეიშვილთან
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ დასავლური განცხადებების პარალელურად, სააკაშვილისადმი ინტერესი და მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვნად მცირდება. ამას ხელს უწყობს მის პარტიაში გაჩაღებული შიდა ომი გავლენებისა და პარტიის დიდი ფინანსებისთვის, აგრეთვე ქვეყნის გარეთ გაკეთებული განცხადებები სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე. როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ, ამერიკაში სერიოზულად განიცდიან იმ ფაქტს, რომ “სააკაშვილი არ ალაპარაკდეს”. ითანამშრომლებს თუ არა სააკაშვილი საბოლოოდ გამოძიებასთან, ამას დრო გვიჩვენებს. დღეს კი სახეზეა მისი ექსპერტიზის არცთუ დამაჯერებელი დასკვნა, სასამართლო პროცესზე ექსპერტების მიერ შეცვლილი ჩვენებები და სიყალბის მტკიცების მცდელობა, რაც სააკაშვილს მომაკვდავ პატიმართა სიაში ვერ წერს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი ექსპერტებისგან პროფესიულ მასტერკლასს ელოდა, თუმცა მათი ჩვენებების შემდგომ იმედები გაუცრუვდა. რამდენად მტკიცდება, რომ სააკაშვილს დემენცია და ის დაავადებები აქვს, რის გამოც დაცვის მხარე მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს და რატომ მაინცაა და მაინც ამერიკაში უნდა წავიდეს გამოსაჯანმრთელებლად? – ამ საკითხებზე მედია სააგენტო “24”-ს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრა.
– დიდ ინტერესს იწვევდა უცხოელი ექსპერტების ჩვენება სააკაშვილის სასამართლო პროცესზე. როგორც სასამართლო ექსპერტისთვის, რამდენად ღირებული იყო ეს ჩვენებები?
– ზოგადად, ექსპერტიზა ისეთმა ორგანიზაციამ ჩაატარა, რომ არგუმენტაციის დიდი მოლოდინი არ მქონდა. როცა გავიგე, დასკვნა 2 000-გვერდიანიაო, გასაგები იყო, იქ მთავარი და მეორეხარისხოვნის გარჩევა არ იქნებოდა. დასკვნა არ შეიძლება 2 000 გვერდი იყოს თუ აქცენტებს სწორად აკეთებ. ზოგადად, „ემპათიის“ გამოცდილება როგორია, ვიცი. საკმაოდ ისტერიულია ეს ექსპერტიზა. წერის მანერაზეც ეტყობა. ყოველთვის მიკერძოებულია „ემპათიის“ დასკვნები. ვფიქრობდი, უცხოელები რომ ჩაერთვებოდნენ, საინტერესო დასკვნა დაიდებოდა. იმედები გამიცრუვდა. ერთი მხრივ, გასაკვირიც არ არის, რადგან ამერიკაში ცოცხალ პირთა ექსპერტიზა, არ არსებობს. მათ მხოლოდ გვამის ექსპერტიზა აქვთ. ვინც აქ ექსპერტებად მოწვეული იყო, შეიძლება ბრწყინვალე ექიმები არიან, არ ვიცი, მაგრამ როგორც ექსპერტებმა, თავი ვერ აჩვენეს. როგორც ჩანს, ამ დარგში ექსპერტები არ არიან; ან მეორეა – მათი სამართლებრივი სისტემა, აბსოლუტურად განსხვავებულია, როგორც ნაფიცი მსაჯულების. მე არ მომწონს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რადგან იქ ემოცია ძალიან მუშაობს. მაგალითად, ადვოკატის მსახიობური უნარ-ჩვევები: რამდენად აუჩუყებს გულს, რამდენად შეაცოდებს თავს. ეს სერიოზული ფაქტორია. მირჩევნია იურისტმა მოსამართლემ განსაჯოს და მტკიცებულებებზე იმსჯელოს, ვიდრე ემოციებზე.
“ბარძაყის თავის ენდოპტოთეზირების ოპერაცია თბილისშიც კეთდება, ქუთაისშიც და გორშიც”
ზუსტად იგივეა ამერიკული სისტემაც. სასამართლო მედიცინაში თუ შეიძლებოდა ვინმეს ემოციაზე ემუშავა, ვერ წარმომედგინა. ეს ჩემთვის მართლა აღმოჩენა იყო, ოღონდ ძალიან უსიამოვნო. ექიმები სასამართლო პროცესზე ამბობდნენ, რა იყო და რა ნახეს. მაგრამ ის შეფუთვა, რაც აქ ვნახე, ორი დასკვნის გაკეთებას იძლევა. ერთი – მათი სამართალწარმოება მართლა ძალიან განსხვავდება და საბედნიეროდ, ჩვენი ასეთი ზედაპირული არ არის, ემოციებზე აწყობილი, სადაც ტყუილს დიდი როლი უკავია. ჩვენთან ეს არ შეიძლება; და მეორე, რაც ძალიან გამიკვირდა და მეწყინა – საქართველოს შესაძლოა ძალიან დაბალი დონის ქვეყნად თვლიან. ეს გამოჩნდა, თუნდაც მედიკოსების ქმედებების შეფასებაში. სამედიცინო პერსონალის მიმართ ისეთი ტერმინოლოგია, რაც გამოიყენეს, აბსოლუტური უკულტურობა იყო. ბევრი სამედიცინო საქმე მქონია, სადაც უხეში შეცდომები ყოფილა, მაგრამ არასოდეს უუნარობა და ასეთი დაკნინება სამედიცინო პერსონალის, ჩემი მხრიდან არ ყოფილა. ეს შენი შინაგანი კულტურაა, როგორც ექიმის და პროფესიონალის. მათ საოცრად დააკნინეს ქართული მედიცინა, არადა, რომ არ მესმოდეს ჩვენი ექიმების ნამუშევარი, კიდევ ჰო. თვითონ ჰყვებიან, რა პრეპარატები იყო გამოყენებული და როგორი მკურნალობა მიდის. ეტყობა, ეს ქვეყანა სომალი ჰგონიათ ან განუვითარებელი ტომები ვგონივართ. თურმე, საქართველოში ბარძაყის თავის ენდოპტოთეზირება არ კეთდება და ამერიკაში სჭირდება გადაყვანა. არადა, თბილისშიც კეთდება ეს ოპერაცია, ქუთაისშიც და გორშიც. ბიოფსიები სჭირდებაო და თითქოს აქ ეს არ კეთდება. იგივე ტოქსიკოლოგის შთაბეჭდილებით – მე მითხრესო, რომ საქართველოში ეს ყველაფერი არ კეთდებაო. ე.ი წარმოდგენა არ აქვს, რა დონეზეა აქ მედიცინა. სასჯელაღსრულების წარმომადგენელმა ჰკითხა, – იცით თუ არა, რომ საქართველოში არის ტოქსიკოლოგიის კათედრა, ტოქსიკოლოგიის ცენტრი. ექიმმა-თარჯიმანმა ეს კითხვა არც კი თარგმნა. ადვოკატებმა უთხრეს, რომ საქართველოში მედიცინა არ არსებობსო.
-სააკაშვილს აქვს თუ არა დემენცია? თუ ეს დადასტურდა, რატომ ისმის ურთიერთგამომრიცხავი პასუხები?
– მე ჩემს პოზიციას, რა თქმა უნდა, არ გამოვხატავ. ექსპერტიზა რომ გახდეს გასაკეთებელი, ამაზე აზრი არ უნდა მქონდეს გამოთქმული, მით უმეტეს, დოკუმენტებს არ ვიცნობ. მაგრამ, ექსპერტების საუბრიდან, ფაქტობრივად, ყველაფერი ხელის გულზე დევს. ექსპერტების საუბრიდან შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება „მძიმე და უკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის შესახებ“, თავის თავში ერთ ლაფსუსს ატარებს, რაც გასასწორებელია. რა არის ეს ლაფსუსი – ყველა დაავადება, რაც იქ ჩამოთვლილია, უკვე დაავადების უმძიმესი სტადიაა. ეს ჩამონათვალი ეხება პირებს, ვისი განკურნებაც უკვე შეუძლებელია. თუ ამ ჩამონათვალში ხვდება პირი, კომისია შეიკრიბება და მას მთლიანად ათავისუფლებენ – სახლში რომ გარდაიცვალოს. ციროზი მეოთხე სტადია, თავისი ჩამონათვალით, რომელსაც აღარაფერი უშველის და მდგომარეობაც აღარ გაუმჯობესდება. სამედიცინო მართვას რომ აღარ ექვემდებარება, ასეთ დაავადებებზეა საუბარი. მაგრამ დემენცია აქ გაპარულია ყოველგვარი დაზუსტების გარეშე. ანუ ერთადერთი დიაგნოზია დემენცია, რომელსაც დაზუსტებები არ აქვს. მთელი სტრატეგია აეგო ამაზე. ფაქტობრივად, ეს არის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია – “თავისუფლება მიშას!”
– რას გულისხმობთ? როგორ ხორციელდება საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციები?
– შეთანხმებულია სხვადასხვა შტო: მედია, არასამთავრობო სპექტრი, ლობისტები, საერთაშორისო მედიაც ჩართულია და ყოველდღიური ბომბარდირება მიდის: სააკაშვილმა ჭამა, არ ჭამა და ა.შ. ჩართული იყო აგრეთვე უკრაინა, საელჩოებთან მიდიოდნენ, ევროპარლამენტი. ეს არის მწყობრი, სისტემურად დაწყობილი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერ ფასად სააკაშვილის გათავისუფლებას, სარჩულად უდევს ექსპერტიზა. ის, რაც სასამართლოში მიმდინარეობს, რეალურად ექსპერტიზა არ არის – დემენციაზეა ეს ყველაფერი აწყობილი. კაცი, რომელიც წერს უცხოურ პრესაში და თან საკმაოდ ანალიტიკურ წერილებს უკრაინის ომზე, მაკრონს წერს, თავისი ხელით… კალიგრაფიაზე არაფერი თქვათ, მისი კალიგრაფია გადასარევად ვიცი. როგორც წერდა, ისევე წერს, არაფერია შეცვლილი. ძალიან ცუდია, როდესაც ეს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციები მიმდინარეობს. ეს არის საოცარი წნეხი სასამართლოზე. დემენცია არის ის სუსტი წერტილი, რომელზეც აიგო სტრატეგიული ბრძოლა.
– სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა თუ არსებობს საქმეში?
– არ ვიცი. ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა თქვა, – მოსამართლემ უნდა მიიღოს ჩვენი დასკვნა, რადგან არ არსებობს მისი საპირწონე მეორე დასკვნაო. როდესაც არის შეჯიბრებითი პროცესი, მაშინ აუცილებელია არსებობდეს რაღაც საპირწონე, რომ მოსამართლემ ორ დასკვნას შორის არჩევანი გააკეთოს. მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზა სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნით, ეს არ არის შეჯიბრებითი პროცესი. აქ მხარე თუ ჩათვლის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, სასამართლოს მიმართავს და იქ საპირწონე მეორე დასკვნა, აუცილებელი არაა. აქედან გამომდინარე, ეს არგუმენტი არასწორია. არანაირი საპირწონე არ ჭირდება. მოსამართლეს მართლა გაუჭირდება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, რადგან დაისვა საკითხი – არის თუ არა სიმულაცია ან აგრავაცია.
არის თუ არა სიმულაცია ან აგრავაცია? – “ქართველ ექსპერტებს ცრუ ჩვენებისთვის დაგვიჭერდნენ”
ის, რასაც ვკითხულობთ ჩვეულებრივ, დემენცია არის თუ არა და ადგილი ხომ არ აქვს სიმულაციას ან აგრავაციას, როგორც პაციენტის მხრიდან, ასევე ექსპერტების მხრიდან. არათანმიმდევრული პასუხები იყო. ხან ამბობენ, – შეიძლება სიმულირებაო, ხან – არაო, არ ხდება სიმულირებაო. ფსიქოლოგი სუბიექტურ ტექსტებზე ამბობს, როცა ეკითხებიან, რომ სიმულაცია შესაძლებელია თუ არა, არა, კატეგორიულად გამორიცხულიაო. როგორ შეიძლება ფსიქოლოგიურ ტესტზე თქვა, აქ სიმულაცია გამორიცხულია, როდესაც ყველა სუბიექტურია. ანუ მე თუ ვიცი ტესტი და მინდა გითხრა, არ მახსოვსო, გეტყვი და ვერაფრით გადამიმოწმებ. დემენცია არის საშინაო მოხმარებისთვის, საგარეოსთვის კი – მოწამვლა და წამება.
-თუ ვერ დამტკიცდა დემენცია, რადგან ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების ჩამონათვალშია, შეიძლება გათავისუფლებას მაინც დაექვემდებაროს?
– თვითონ დოკუმენტის შინაარსი არის მძიმე და უკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი. დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე აქ უნდა იყოს ისეთი სიმძიმის დემენცია, როდესაც ადამიანი საერთოდ ვერ ცნობს, ვერც ახლობელს და ვერც შორებელს; როდესაც მის მიმართ სასჯელი აზრს კარგავს, რადგან ის მას ვერ აცნობიერებს. აი, ეს სტადია უნდა იყოს.
-როცა ექსპერტი სასამართლოში ამბობს, რომ დემენცია აქვს და რეალურად არ მტკიცდება, უნდა აგოს თუ არა მან პასუხი ცრუ ჩვენებისთვის სისხლის სამართლის წესით?
– იმ ექსპერტების ადგილას, ჯიშკარიანის ჩათვლით, ქართველი სამედიცინო ექსპერტები რომ ვყოფილიყავით და ასეთი ცრუ ჩვენება მიგვეცა, აქამდე ყველას დაგვიჭერდნენ. როდესაც სმიტი თუ გოლსმიტი ამბობს, შეიძლება ამის სიმულირებაო, დიახ, შეიძლება. შესვენების შემდეგ, ეტყობა, თავის მხარე გაესაუბრა, მერე თქვა – არა, არა, სიმულაციას ადგილი არ ჰქონიაო. ანუ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა. ეს ცრუ ჩვენებაა. ჩვენ ამისთვის პასუხს გვაგებინებდნენ. ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა ვერ მოძებნა იმის მტკიცებულება, რომ ვერცხლისწყლის კონცენტრაცია, რაც სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩნდა, მომწამვლელია. ის ავითარებდა იდეას, შემოწმების დროს მცირე რაოდენობით აღმოჩნდა და ეს იმას ნიშნავს, როცა მოწამლესო. მაშინ იყო ბევრი და ახლა ვერცხლისწყალი ცოტა დარჩაო. ეს პროფესიული სიგიჟეა. მძიმე მეტალები ორგანიზმიდან ასე არ გამოდის; მეორეც – არ გაქვს დოკუმენტირებული, არ გაქვს შესაბამისი კონცენტრაცია და ამბობ ასეთ რაღაცას. ეს გამოგონებაა. ექსპერტი შეიძლება შეცდეს, მაგრამ მას გამოგონების უფლება არ აქვს.
– ანუ სააკაშვილის ავადმყოფობა ამ ექსპერტების ჩვენებებით და დასკვნით ვერ დამტკიცდა?
– მიშა ავად არის თუ არა, არ ვიცი. ექსპერტები რომ საოცრად არადამაჯერებლები იყვნენ და ექსპერტიზით, რომ ამის სარწმუნო მონაცემები არ არის, ეს ფაქტია. საიდან მოაქვთ ელექტროშოკის ხელსაწყო, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების შემდგომ, აღარ გამოიყენება. ფაქტი არ გაქვს და იგონებ? ეს ხომ სიყალბეა. ვინმეს რომ ჰქონდეს დაფიქსირებული კვალი, ნაჩხვლეტები, რომელიც შეიძლება წააგავდეს, მსგავსი არაფერია. კისერში უხეშად რომ აწიეს, მაშინ განვითარდებოდაო. კადრებში ჩანს, სააკაშვილი ორივე ხელს თავისუფლად ამოძრავებს. ამოვარდნის ან ქვეამოვარდნის დროს, როდის იყო ადამიანი ხელს ამოძრავებდა?!
-რადიაციაზე და წამებაზე რას იტყვით?
– ესეც დასავლეთზე იყო გათვლილი, თორემ აქ გასაძრომი ხვრელი იყო დემენცია. მართალია, ჯიშკარიანი ძალიან ნერვიულობდა და აკნინებდა ქართულ სამართალს, მაგრამ საქართველოში არ ფასდება. მან არ მიუთითა ის, რითაც ექიმები დაავადების სიმძიმეს განვსაზღვრავთ სასამართლო მედიცინაში. იქ პირდაპირ წერია, წამების შეფასებას ექსპერტი არ ახდენს. შენ უნდა დაწერო, რით აქვს მიყენებული, მეთოდი და საგანი. მაგრამ მეთოდი და საგანი არ არსებობს, ანუ კვალი არ არსებობს, შესაბამისად, ფანტაზიით წამებაზე საუბრობ ექსპერტი, რაც კანონით, დაუშვებელია. პროცესებზე დადასტურდა, რომ არსად ნორმაზე მაღალი არ ყოფილა მომწამლავი ნივთიერებები. ვერცხლისწყალი ყველა ჩვენგანს შეიძლება გვქონდეს ორგანიზმში ნორმაში. ჯიშკარიანს უწერია დასკვნაში, მომწამლავი და რადიაქტიური ნივთიერებები. აი, საინფორმაციო- ფსიქოლოგიური ოპერაცია რატომ არის – ყურს დასავლეთში გადასარევად ესმის წამება და რადიაცია. სკრიპალები, ნავალნი და ა.შ. თან პუტინის ტყვე. აი, ამით უნდათ სააკაშვილის გაყვანა. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ რადიაქტიური ექსპერტებმა ახსენეს გარე მოხმარებისთვის, სწორედ საინფორმაციო ომისთვის.
– საინფორმაციო ომს სააკაშვილის მხარე იგებს?
– საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომლის შემადგენელი ნაწილია ექსპერტიზა, პირწმინდად დამარცხდა. იმდენად ზედაპირული, არაორგანიზებული და დაშორებული იყო ქართულ კანონმდებლობას, რომ მისი დამაჯერებლობა საქართველოში ნულია. უცხოეთში როგორია, არ ვიცი.
– ითქვა, რომ უცხოელი ექსპერტების ჩართვა გარე მოხმარებისთვის გაკეთდა, რომ სააკაშვილმა დასავლეთთან ივაჭროს. რაზე შეიძლება მესამე პრეზიდენტმა ივაჭროს?
– სააკაშვილი მაინც მნიშვნელოვან ფიგურად რჩება. მართალია, ძლიერი რესურსები აღარ აქვს, მისი მოქმედების შესაძლებლობებიც ამოიწურა იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც საქართველოში ხდება. მისი, როგორც ლიდერის, ავტორიტეტი დაეცა. მას აქვს წარსული და ძალიან ბევრი რამ იცის. ბოლო პერიოდში კარტები გაიხსნა და თუ არ ვცდები, ქართველიშვილმა თქვა, – ზოგადად „ვარდების რევოლუცია“ იყო დასავლური ნეოლიბერალების პროექტი, რომელშიც, ფაქტობრივად, თანამონაწილეები იყვნენ რუსები. ეს შეთანხმებული იყოო. შედეგები და ბენეფიტები რომ რუსეთმა მიიღო, ვნახეთ – ენერგოობიექტების გადაცემა, სამაჩაბლო, კოდორი. ნახე, საინტერესო რა არის. უკრაინაში მიმდინარე ომი გვაჩვენებს ამას, რომ ის უკრაინის მომზადება 8 წლიანი, ესეც საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია იყო, ოღონდ ცხელი ომი სახით.
ესაუბრა გიორგი გლოველი