,,ცისკრის“ 170 წლისთავი საიუბილეო კრებულით აღინიშნა

24 იანვარს მწერალთა სახლში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ჟურნალ „ცისკრის“, 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „კრიტიკა „ცისკარში“ (1957-1980 წლები)“ ეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კრებულში ჟურნალ „ცისკარში“ 1957-1980 წლებში გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი კრიტიკულ-ესეისტური წერილებია თავმოყრილი. აღსანიშნავია, რომ გამოცემა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია, რომელიც ხელს ლიტერატურის ისეთი მნიშვნელოვანი დარგის განვითარებას შეუწყობს, როგორიც ლიტერატურული კრიტიკაა.

ასევე, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ „ცისკრის“ როლი ქართული სალიტერატურო კრიტიკის განვითარებაში, საბჭოთა ეპოქაშიც კი, განსაკუთრებული იყო. ჟურნალის აღდგენის შემდეგ, 1957 წლიდან, კრიტიკოსების ახალმა თაობამ აქტიური ბრძოლა დაიწყო „მოთვინიერებული“ მწერლობის, ხელისუფლების მაამებლური თხზულებების, სოციალისტური რეალიზმით გამსჭვალული ლიტერატურული სუროგატების წინააღმდეგ.

1957-1980 წლებში, „ცისკარში“ გამოქვეყნებული ლიტერატურული მასალა, იმაზეც თვალნათლივ მეტყველებს, რომ ქართველმა კრიტიკოსებმა საბჭოთა ცენზურის პირობებშიც კი, მკითხველისთვის თავიანთი მოსაზრებების გაცნობა შეძლეს. ასევე, იმ ნაწარმოებების ინტერპრეტაციაც, რომლებიც კომუნისტურ იდეოლოგიასა და საბჭოური ცხოვრების წესს ეწინააღმდეგებოდა.

გამოცემის მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა. გარდა საიუბილეო კრებულისა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ლიტერატურული პროცესების წახალისებისა და პერიოდული ლიტერატურული გამოცემების ხელშეწყობის მიზნით, ჟურნალ „ცისკრის“ გამოცემასაც აფინანსებს. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი