საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ტრადიცია გრძელდება
პროექტი დაიწყება 2023 წლის 27 თებერვალს და 15 ნოემბერს დასრულდება.
საქართველოში პროფესიული მუსიკისა და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციის, ფილარმონიული და სასცენო-მუსიკალური შემოქმედებითი პროცესების გააქტიურების, ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა და ანსამბლების პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით კონკურსი ცხადდება.
პროექტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშწყობით ხორციელდება და წლეულს მისი ბიუჯეტი 1 300 000 ლარი იქნება.
როგორც მედია სააგენტო “24”-ს სამინისტროში განუცხადეს, კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების გამართვას შეუწყონ ხელი.
კონკურსის სახელწოდებაა – „საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“.
პირობები კი ასეთია: მიიღება პროექტები, რომლებიც ხელს პროფესიული მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს. კონკურსში მონაწილეობა იმ იურიდიულ პირებს შეუძლიათ, რომელთაც პროფესიული მუსიკალური ან/და საბალეტო ხელოვნების სფეროში საქმიანობის გამოცდილება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც აქვთ. ერთ კონკურსანტს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შეეძლება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონკურსში შესაძლოა უპირატესობა ისეთ პროექტს მიენიჭოს, რომლის ავტორსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ასევე, მრავალფეროვანი, საინტერესო პროგრამითაც გამოირჩევა და თანადაფინანსებაც აქვს. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს, საკონკურსო კომისია გამოავლენს.
კონკურსში წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებული პროექტის დაწყების თარიღი 2023 წლის 27 თებერვალი იქნება, პროექტის დასრულების კი, 2023 წლის 15 ნოემბერი.
საკონკურსო განაცხადები, ნაბეჭდი სახით, 2023 წლის 25 იანვრიდან, 2023 წლის 3 თებერვლის 12:00 საათამდე მიიღება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან ელექტრონული დოკუმენტის სახით, სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება. არაუგვიანეს 2023 წლის 17 თებერვლისა.
როგორც ცნობილია, 2021 წელს ამ კონკურსის ბიუჯეტი იყო 550 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობდა 285 ადამიანი. დაფინანსდა 9 პროექტი. 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი 1 100 000 ლარი იყო და 300 ადამიანი მონაწილეობდა. კონკურსიის ფარგლებში, 10 პროექტი დაფინანსდა. წელს კი, კონკურსის ბიუჯეტი 1 300 000 ლარი გახდა.
სალომე ხომასურიძე