„ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო“ – იაპონელთა გულებს იპყრობს

პროექტის მიზანს იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდასთან ერთად, ტურიზმის წახალისება და ქართული კულტურის კიდევ მეტად პოპულარიზება წარმოადგენს.

დღეიდან, მთელი იაპონიის მასშტაბით, გაყიდვაში გამოვიდა წიგნი „ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო“, რომელიც იაპონიაში საქართველოს ელჩ თეიმურაზ ლეჟავას და საელჩოს თანამშრომლის, დავით გოგინაშვილის თანაავტორობით დაიწერა. წიგნად კი ცნობილმა იაპონურმა გამომცემლობამ Seikaisha გამოსცა.

იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეიმურაზ ლეჟავა ტოკიოს ერთ-ერთ უდიდეს წიგნის მაღაზიას Maruzen ესტუმრა, რომელიც ერთ-ერთია იმ ასობით მაღაზიას შორის, სადაც წიგნის შეძენაა შესაძლებელი, და თავად კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ იაპონელებში „ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო“ დიდ ინტერესს იწვევს.

მათივე თქმით, ეს წიგნი იაპონელ მკითხველს შესაძლებლობას აძლევს ელჩის თვალით დანახულ საქართველოს გაეცნოს. გაიგოს ჩვენი ქვეყნის მდიდარი წარსულის, მრავალფეროვანი კულტურის, ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მეღვინეობის ტრადიციისა თუ სამზარეულოს უნიკალურობის შესახებ.

წიგნზე მუშაობა თითქმის ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროექტის მიზანს კი, იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდასთან ერთად, ტურიზმის წახალისება და ქართული კულტურის კიდევ მეტად პოპულარიზება წარმოადგენს.

ლელა დევდარიანი